• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

გაიყოფა თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია - ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის პერსპექტივების პოლიტიკური ასპექტები 2020 წლიდან

მიტროპოლიტი პეტრე  ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში?

თუ რამდენადმე რეალისტურად ჩავთვლით მიტროპოლიტი პეტრესათვის საბერძნეთის ეკლესიის შეთავაზებას, მათი მფარველობით ისარგებლოს, შეინარჩუნოს სასულიერო პირის სტატუსი და შესაძლოა იერარქიაც, რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოიკვეთება. მიტროპოლიტი პეტრე სანამ არ განიკვეთება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან, ბუნებრივია მსგავს შეთავაზებას ვერ მიიღებს და ვერც განკვეთისთანავე, რადგან ეს მის და შესაბამისი შემთავაზებელი ეკლესიის ლუსტრაციას მოახდენს. ეს შედარებით დროში გაწელილი პროცესია, თუმცა, ცხადია, არსებობს კატალიზატორებიც, რომელსაც შეუძლია პროცესის დაჩქარება. ცალკე თემაა, რომ გამოჩნდება რეალურად რა ურთიერთობა აქვს საბერძნეთისა და საქართველოს ეკლესიებს ერთმანეთთან. ასევე ცალკე თემაა, რა გაგრძელება მოჰყვება საეკლესიო საგარეო პოლიტიკის კუთხით ამ ყველაფერს. ეს, ერთი მხრივ აჩვენებს, ვინ უმაგრებს ზურგს და რა ინტერესებით მიტროპოლიტ პეტრეს, მეორე მხრივ, დააჩქარებს მიტროპოლიტ პეტრეს განკვეთის პროცესს, რაც, როგორც ჩანს, არის კიდეც მისი მიზანიც.

შექმნის თუ არა მიტროპოლიტი პეტრე ახალი მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპირისპიროდ?

 პროცესი შეიძლება წავიდეს ორი მიმართულებით: ერთი - მიტროპოლიტ პეტრეს ცნობს საბერძნეთის ეკლესია, ასევე მათი პარტნიორი ეკლესიები, საქართველოში შეიქმნება კიდევ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია (უკრაინის მსგავსად), რომელიც გამიზნული იქნება, ჩაანაცვლოს ან სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ამჟამინდელ ეკლესიას. წარმატებული სტარტაპის შემთხვევაში, მას შეიძლება ამჟამინდელი სინოდის რამდენიმე წევრიც შეუერთდეს და ამით კიდევ მეტი ლეგიტიმაცია მიეცეს კიდევ ერთი ეკლესიის შექმნას საქართველოში. შესაბამისად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გაიყოს და მსვლელობა მიეცეს სულ სხვა მოვლენებს. 

თუ მიტროპოლიტ პეტრეს ვერ ან არ გააუვნებელყოფენ მის უკან მდგომი პირებთან ერთად ან ხელს შეუწყობენ მას ხელისუფლებიდანაც და სხვა შტოებიდანაც, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შანსები და შესაძლებლობები ცვალებადი გახდება. გააჩნია მსგავსი მოვლენების სტარტაპს და დინამიკას, თუმცა იმის ფონზე, რომ საქართველოს ეკლესიაც და წმინდა სინოდიც სავსეა ჩვეულებრივი ფულზე და ძალაუფლებაზე დახარბებული პირებით და ეს ერთგვარად სისტემა გახდა ამ ინსტიტუციის მუშაობის, ალტერნატივების და კონკურენციის შემთხვევაში, შეიძლება მრევლმა თანდათანობით მიატოვოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეს ფლანფი და გადავიდეს მეორეზე, მითუფრო თუ ეპარქიების ნაწილი გადავა კიდეც, ვერ ვიტყვი ზუსტად, საეკლესიო სამართლით ეს რამდენად მარტივი პროცესია.

კონკურენტების მოშორება - დაიჭერენ თუ არა მიტროპოლიტ პეტრეს?

იმისათვის, მსგავს შემთხვევაში მიტროპოლიტ პეტრეს არ მიეცეს მოქმედების შესაძლებლობა, არაა გამორიცხული პატრიარქი და წმინდა სინოდის ნაწილი კვლავ შეამხანაგდეს ხელისუფლებასთან (პერიოდულად ისინი მტრობენ ერთმანეთს, პერიოდულად პარტნიორობენ, საჭიროების მიხედვით. ასე, რომ არ გაგვიკვირდეს თუ ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქი ხან ერთმანეთის წინააღმდეგ იმოქმედებენ და ხან პარტნიორობდნენ). მსგავსი სტრატეგიის შემთხვევაში, ხელისუფებამ უნდა დაიწყოს მიტროპოლიტი პეტრეს დევნა როგორც მოქალაქის ან შეისწავლოს მისი ძველი საქმიანობა, კავშირები წინა ხელისუფლებასთან, ფინანსების მართვა და ა.შ. რასაც შეიძლება მისი დაპატიმრებაც მოჰყვეს მანამ, სანამ ის საბერძნეთის ეკლესიის უფლებამოსილებას მიიღებს. მსგავსი შემთხვევები ჩვენ გვახსოვს პატრიარქების არაერთ მოწინააღმდეგესთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან. შესაბამისად, მიტროპოლიტ პეტრეს დაკავებით შეიძლება დროებით მაინც დაიხუროს თემა. ყოველ შემთხვევაში მისი თაოსნობით პროცესების მართვისა, ვიდრე მსგავს კონტექსტში ახალი საყრდენი გამოჩნდება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

რისკების მართვა

ცხადია, უმჯობესი იქნება, თუ ჩვენს ეკლესიაში რეალურად და არა მხოლოდ დეკლარირებულად დაიწყება კათარზისი , რის შანსებსაც მე ნაკლებად ვხედავ,მაგრამ მექანიზმები მაინც უნდა ვთქვათ:

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აუცილებლად უნდა დაასრულოს სახელმწიფო ბიუჯეტზე ბმა. 

საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ “რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს. როგორც ამ ეკლესიის წევრი, შეიძლება ვიყო ტენდენციურიც და სუბიექტურიც და მომხრეც ვიყო, რომ მიმდინარე ეტაპზე რამდენადმე შენარჩუნდეს ის პოლიტიკა, რომ ეკლესია არ იბეგრებოდეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შესაძლოა განთავისუფლებული იყოს გადასახადისგან, მაგრამ ფორმალურად ის უნდა დაიბეგროს ნულოვანი პროცენტით, რაც გულისხმობს, რომ შეღავათები კვლავინდებურად შეიძლება მიიღოს, მაგრამ სრული ფინანსური გამჭვირვალობით, ღია აუდიტითა და ადმინისტრირებით. რადგან მთლიანობაში, გადასახადისგან განთავისუფლება მაინც სახელმწიფოზე ფინანსური დამოკიდებულება და ბმაა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა უნდა მნიშვნელოვნად განაახლოს და გააუმჯობესოს მრევლთან ურთიერთობის პოლიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება მაღალ სასულიერო იერარქებს, და ა.შ.  

ჩვენმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი, ერთგვარი შიდა რეფორმა უნდა ჩაატაროს საკადრო პოლიტიკისა და შიდა სამართლიანობის კუთხით.

ეს მხოლოდ ოთხი საკვანძო ეტაპი დავასახელე, რომელიც კიდევ მრავალმხრივ მრავლდება. ცხადია, ეკლესია შეუვალია ჩარევისაგან, თუმცა, ჩემი მოსაზრებები ემყარება მხოლოდ რეკომენდაციებს, რომელიც მას კონკურენციის არსებობის პირობებში პერსპექტივებს მისცემს, იქნებ, ეს კონკურენციაც უკეთესი გახდეს, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, უფრო სწორად კი მისმა წარმომადგენლებმა იგრძნონ, რომ რეალურად კათარზისის დროა და ისეთი განახლების, სადაც ეკლესია კი არ მოდერნიზდება, არამედ რეალურად დაუბრუნდება ქრისტეს ეკლესიის ფუნქციასა და შინაარსს.

არჩილ გამზარდია - ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი

 


თეგები :