• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

მარიამ ჯაში: ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება

მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

როგორც ჯაშმა აღნიშნა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, მან კონსულტაციები გაიარა კოლეგებთან და მიიღო გადაწყვეტილება.

„თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ, მე ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ არ ყოფილიყო ჩემი გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიღებული. ჩემთვის ძალიან ძვირფასი კოლეგა და მეგობარი რჩება „ქართულ ოცნებაში“, მე ეს დრო გამოვიყენე, რომ მათთან მქონოდა გასაუბრება, რათა ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე ბევრი მათგანი ჩამეყენებინა საქმის კურსში. მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და შესაბამისად, ვტოვებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს დისკუსია, რომელი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი, თუმცა ჩვენ ორი თვის წინ პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, 93 დეპუტატის თანხმობით და ხელმოწერით, ეს იყო პრინციპული საკითხი, რომ გაგვეტანა. ჩემთვის ყოველთვის საამაყოდ დარჩება და ბუნებრივია, მხოლოდ დადებითად იქნება შეფასებული ის ინიციატივები და ისტორიული გადაწყვეტილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოიტანა საქართველოში, ჯანდაცვაში, ციხეში, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, მაგრამ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის არმიღება დღეს არ შეიძლებოდა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.


თეგები :