• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

იაგო ხვიჩია: ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ

„პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ გეგმავდა, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში გვეთანამშრომლა სხვადასხვა პარტიასთან, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“, გუშინდელი დღის შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეუძლებელია“, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს ნებისმიერი ფორმით, თუ ოპოზიციამ ძალით არ მოაგებინა.

„გირჩის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ „გუშინ ივანიშვილმა დაკარგა ინგლისურად მოლაპარაკე ბოლო დეპუტატები.

„ბიძინა ივანიშვილმა დადო სიტყვა, რომელიც დაარღვია. ახლა მიმდინარეობს პროცესი – ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ახლა მთავარია, ოპოზიციურმა ძალებმა თანამშრომლობა ვისწავლოთ, რომ არჩევნებამდე დავადგინოთ, რა ხდება არჩევნების შემდეგ . ყველანაირ არჩევნებს წააგებს ბიძინა ივანიშვილი, თუ ოპოზიციას სწორი სტრატეგია ექნება – ჩვენ ვარკვევთ, ვინ არის მართლა ოპოზიცია; ვამბობთ, რომ მართლა ოპოზიცია ერთმანეთს ხელს არ უშლის.

ახლა მიდის ის პროცესები, რომელიც აწყობს ჩვენს მტერს, რუსეთს. ახლა გვაქვს შანსი ოპოზიციას, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. მე კი ვირჩევ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი. ამიტომ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ. თუ ამ სისტემით მოგვიწევს არჩევნების ჩატარება, მთავრობის ერთ წარმომადგენელს ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი უნდა დაუპირისპიროს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.


თეგები :