• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ

ევროპარლამენტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებაც ისაუბრეს და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ მიმდინარე სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოში რეფორმების შეფერხების რისკებს ხედავს.

„ჩვენ კონტინენტზე კონფლიქტები ჯერ არ გაუჩინარებულა. საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ ბოლო თვეებში სიტუაცია გაუარესდა. სწორედ ამიტომ, ვზრდით ჩვენი მისიის წარმომადგენლობას ადგილზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება ან პრინციპების დეკლარირება. ეს ადგილზე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველია. საქართველო არის ახლო და საიმედო პარტნიორი სამეზობლოში. ამიტომაც ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვხედავთ რისკებს, ისევე, როგორც დღეს ვხედავთ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს საქართველოში“, - განაცხადა მოგერინიმ.

გაგრძელდება ეს რეფორმები თუ ყველაფერი დემოკრატიის უკუსვლით დასრულდება, – ამ შეკითხვით ევროპარლამენტარებს მწვანეების ჯგუფის წევრმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა მიმართა. ტაუბადელის პოზიციას იზიარებს ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატი წევრი მარინა კალიურანდი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს.

„ამ ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას სურს იხილოს დემოკრატია, კეთილდღეობა, ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის და არა რამდენიმე ოლიგარქისთვის, სახელმწიფო, რომელიც გამოხატავს მოქალაქეებისა და არა პოლიტიკოსების პირად ინტერესს. არსებითი ცვლილებისთვის ჩვენ გვჭირდება ძლიერი მთავრობები, თუმცა ძლიერი მთავრობა არ ნიშნავს ძალაუფლების ქონას კონტროლის გარეშე.

შემაშფოთებელია ამ ტენდენციების ხილვა საქართველოსა და უკრაინაში. შესაძლოა მთავრობები წნეხის ქვეშ არიან, მაგრამ მათ არ უნდა უგულვებელყონ კრიტიკა. ჩვენი კრიტიკა ეხება პრო-დემოკრატიულობის აუცილებლობასა და ეფექტური ინსტიტუციების ქონას. ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებიც მხარს დაუჭერენ რეფორმებს. ჩვენი ინტერესია გვქონდეს ინსტიტუციები, რომლებიც კარგად იმუშავებენ პუტინის, ოლიგარქების და თუნდაც ჩვენს გარეშე," - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატი წევრი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ მოიძებნება ისეთი გამოსავალი, რომელიც დემოკრატიულ მომავალს საფრთხეს არ შეუქმნის.

„საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს მოულოდნელი იყო, რადგან ამ ცვლილებების სასარგებლოდ არსებობდა მრავალპარტიული კონსენსუსი. ამან არეულობა გამოიწვია და ხალხი ქუჩაში გაიყვანა. მინდა საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდო ერთად მოძებნონ გამოსავალი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს საფრთხეს არ შეუქმნის და ხალხს იმედებს არ გაუცრუებს“, - განაცხადა კალიურანდმა.

ევროპარლამენტის წევრი,  საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი იზიარებს კოლეგების შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

„დასანანია პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უზრუნველყოფდა. რამდენადაც არ ვუწესებთ და არც უნდა დავუწესოთ ჩვენს პარტნიორებს, რომელი საარჩევნო სისტემა უნდა გამოიყენონ, მათგან სრულებით ველოდებით, დაიცვან მათივე გაცემული პირობები“, - აცხადებს მიკსერი.

„ევრონესტის“ თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა კი საქართველოს დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ თუ არ იქნება დემოკრატია, არ მოხდება ევროინტეგრაცია.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის სამომავლო დემოკრატიულ განვითარების კუთხით შეშფოთებას იწვევს. ცხადია, არ იქნება დემოკრატია, არ მოხდება ინტეგრაცია. მართველი პარტიის ლიდერმა გადაწყვიტა არ შეასრულოს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა. მან პირობა გასულ ზაფხულს საპროტესტო გამოსვლების დროს დადო. ახლა პარლამენტისა და ქართული დემოკრატიისადმი ხალხმა ნდობა დაკარგა. მმართველმა პარტიამ დანაპირები ალბათ იმიტომ არ შეასრულა, რომ შესაძლოა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ძალაუფლების დაკარგვის შეეშინდა. იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია არჩევნების მოსაგებად ადმინისტრაციული ხრიკების გამოყენებას გეგმავს. ამიტომ ეს დისკუსია კარგი შესაძლებლობაა მოვუწოდოთ მმართველი პარტიის ლიდერებს ოპოზიციასთან სანდო და რეალურ დიალოგს დაუბრუნდნენ. ასევე უნდა მოვუწოდოთ ორივე მხარეს შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რადგან ხალხი ძველ სისტემას არ ენდობა. ევროპარლამენტმა უნდა აიძულოს პოლიტიკური პარტიები, რომ რეალურად შეასრულონ ODIR-ის რეკომენდაციები, რათა გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესი და არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის პრაქტიკა შეწყდეს“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარები თანხმდებიან, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველო რეგიონში სანდო პარტნიორია, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ.


თეგები :