• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალ შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან

ხვალ, დღის პირველ ნახევარში, დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათ გამოხატეს ინიციატივა, რომ მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე საბოლოო ჯამში ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში, დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს დაზუსტდება შეხვედრის ადგილი და ფორმატი.

„აქ გაჩერებას დიდხანს არ ვაპირებთ, თუმცა განვიხილავთ ხვალინდელ შეხვედრას. აქ საკითხი ძალიან ნათელია, იმხელა შეუსაბამობაა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის, რომ აქ ერთადერთი დამატებითი ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ჩვენ გვქონდა ამ ახსნის საშუალება ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას და ხვალ ამაზეც მოხდება მოსაზრებების გაცვლა. ამის მიღმაც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. დღეს ფორმატი, ადგილი დაზუსტდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები :