• თბილისი
  • 4°C
  • 17 თებერვალი, 2020
article

გიგა ბოკერია: ყველას ესმის, რომ უკონტროლო ხელისუფლება აღარ გვინდა

„მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც ამცირებს ან გამორიცხავს შანსებს, ამომრჩევლების მეოთხედი მხარადჭერით ვინმეს ჰქონდეს უმრავლესობა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვერსია, რომელიც მანდატების 100/50-ზე განაწილებას გულისხმობს, იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა.

​„ივანიშვილის პირობა, დაღვრილი სისხლისა და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ იყო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. ე.წ. შემოთავაზება, 100/50-ზე ბალანსი, იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, დღევანდელი სამარცხვინო ივანიშვილის ხელისუფლების გამოცდილებით, უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც ამცირებს ან გამორიცხავს შანსებს, ამომრჩევლების მეოთხედი მხარადჭერით და მესამედზე ნაკლებით ვინმეს ჰქონდეს უმრავლესობა, ან საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს ოთხში ორი კაცის მხარდაჭერით.

უარი უკვე ითქვა, რომ ეს შემოთავაზება არსებითად იმ ამოცანას, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, არ ასრულებს. ჩვენი ხუშტური კი არ არის, ეს არის საზოგადოების პოზიცია. ყველას ესმის, რომ უკონტროლო ხელისუფლება აღარ გვინდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა პროტესტის გაგრძელებაა.

„ოპოზიციის გეგმა არის მწვავე პროტესტის გაგრძელება. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს. მაგრამ, თუ ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც განვსხვავდებით ერთმანეთისგან ფასეულობით, შევჯერდებით მაჟორიტარულ ოლქებში და შემდეგ ჩავატარებთ პროპორციულ არჩევნებს, სადაც ერთმანეთის კონკურენცია და ხედვაზე დავა გვექნება, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გასული წლის 20 დეკემბერს მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი შესთავაზა. მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.


თეგები :