• თბილისი
  • 26°C
  • 24 სექტემბერი, 2020
article

ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს - დავით უსუფაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლების სიცრუე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები იმდენად გადავიდა ზღვარს, რომ შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში პოლიტიკურ პატიმრებზე უკვე პირდაპირ საუბრობს.

ამ განცხადებით დავით უსუფაშილი სენატორ ჯიმ რიშისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

"ეს თემა არც დღემდე იყო უცხო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენი მეგობრებისთვის, მაგრამ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მეგობრობას უფრთხილდებოდნენ და ყველაფერს თავის სახელს არ არქმევდნენ. ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს და უკვე სახელების დარქმევა დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების. ეს საერთაშორისო და შიდა პოლიტიკაში, ადამიანურ ურთიერთობებშიც, ბიზნესშიც და ყველა სფეროში უპატიებელი ქმედებაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომლის კომენტარსაც "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ჯიმ რიში აზიარებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად საელჩომ გუშინ გაავრცელა.


თეგები :