• თბილისი
  • 24°C
  • 26 მაისი, 2020
article

20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლებისა და ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე, ამ თარიღთან დაკავშირებული აქცია ლოგიკურია

ოპოზიციური პარტიები 20 ივნისს აქციას აანონსებენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, 20 ივნისს აქცია არა ინტერნეტში, არამედ, რეალურ სივრცეში იქნება, მანამდე კი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გაივლიან.

„20 ივნისი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, იმიტომ, რომ ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს ამ დათმობებთან, უაზრო უშინაარსო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ დათმობებთან, რასაც რუსეთთან მიმართებაში ეს ხელისუფლება აწარმოებდა. ამას მოყვა ის რეაქცია, რაც ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია, მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამავე დროს პოსტპანდემიურ თუ პანდემიურ პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი სტანდარტი შეიქმნა. ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, საპროტესტო ფორმები შეიძლება შეიცვალოს ამ პანდემიის გამო, მაგრამ მუხტი და გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ამიტომ ახალი სტანდარტია საჭირო. ამ თვალსაზრისით ექსპერიმენტული იქნება. უნდა მოვერგოთ ახალ რეალობებს, მაგრამ შინაარსი არის უცვლელი- კვლავ დეოკუპაციის მოთხოვნა, ცვლილებების მოთხოვნა და კიდევ უფრო მწვავედ დაემატება ანტიკრიზისული სულისკვეთება იმიტომ, რომ ეკონომიკის ქარიშხალი დაუბერავს, რომელმაც შეიძლება ერთიანად წარგვხოცოს ისეთი მძიმე დღეები, თვეები და წელიწადი გველოდება წინ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომ გამოირიცხოს, რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც იყოს ნდობა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლება უნდა მიხვდეს სიტყვის ფასს, დღეს მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. ამიტომ 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლების და ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე“, - განაცხადა უგულავამ.


თეგები :