• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილება იქნება გარანტია, რომ ქვეყანაში ჩატარდება მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ქვეყნისთვის პროგრესული ნაბიჯია.

"დღეს ისტორიული დღეა, ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის მადლობას ვუხდი პარლამენტს, ასევე პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს. დარწმუნებული ვარ, რეალურად ამ ცვლილებებს ყველა უჭერს მხარს. ეს არის პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად, როგორც მორალურად, ასევე კონსტიტუციით, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე.

ამიტომ გადავდგი რთული და მძიმე ნაბიჯი თავის დროზე, შეწყალების გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას. არ შეიძლება ელჩების და ფასილიტატორების როლს არ გავუსვა ხაზი, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მათგანს. 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატება პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება არ აწყობდეს, ასევე ბევრი გამოწვევა გველოდება არჩევნების გზაზე.

მე მჯერა ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭირვალე და სამართლიან არჩევნებს. მჯერა, რომ ამაში პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები :