• თბილისი
  • 24°C
  • 16 აგვისტო, 2020
article

"ზაქარია ქუცნაშვილი, მამამისთან ერთად, აგრეთვე - ჯავახიშვილი, ბურჭულაძე, ყველა მონაწილეობდა ჩემი მეუღლის მოშორების ოპერაციაში, რაც გოქსელ გენჩის ხელით გააკეთეს"

ჟურნალისტი ქეთი ხომერიკი მეუღლის, იურისტ ირაკლი კერესელიძის საქმის შესახებ „პრესა.ჯისთან“ საუბრობს. იურისტი ირაკლი კერესელიძე გენერალურმა  პროკურატურამ თურქი ბიზნესმენის, გოქსელ გენჩის საჩივრის საფუძველზე 2017 წლის 6 თებერვალს დააკავა. იურისტს ბრალად დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლება ( 180- მუხლის მე-3 ნაწილი) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის ( 362- მუხლი) გამოყენება წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კერესელიძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქეთი ხომერიკი აცხადებს, რომ მისი მეუღლე სრულიად უდანაშაულოა და ირაკლი კერესელიძე პოლიტიკური და პირადი დამოკიდებულებების გამო მოხვდა ციხეში. ქეთი ხომერიკი, დაინტერესებულ პირებად პარლამენტის ყოფილ წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს და სხვა გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებს ასახელებს. გთავაზობთ ინტერვიუს ქეთი ხომერიკთან.

- ქეთი, როგორც ვიცით, თქვენ ეჭვობთ, რომ ირაკლი კერესელიძის დაკავების საქმეში ზაქარია ქუცნაშვილი და მამამისი არიან გარეული. რა კონკრეტული ფაქტები გაქვთ ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ?

- დიახ, ქუცნაშვილები, ეს მამა-შვილი სრულიად შემთხვევით ამოტივტივდა, როცა ვეცნობოდი სატენდერო დოკუმენტებს, სადაც ნახსენები იყო გოქსელ გენჩი და მისი კომპანია გენჩ ინშაათი. მე და ჩემი კოლეგა ჟურნალისტურ გამოძიებას ვატარებთ, გოქსელ გენჩისა და მისი კომპანია გენჩ ინშაათი- საქმიანობას ვსწავლობთ. აღმოჩნდა რომ ,ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2019 წლის ივნისს გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში სწორედ გოქსელ გენჩის გენჩ ინშაათ-მა გაიმარჯვა. ანუ გოქსელ გენჩის კომპანიას პირდაპირი შეხება ჰქონდა იმ ორგანიზაციასთან, რომელშიც ზაქარია ქუცნაშვილის მამა საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე არის სამეთვალყურეო საბჭოში და ეს ურთიერთობები მკვეთრად იკვეთება. გოქსელ გენჩის გენჩ ინშაათ- არასდროს გაუმარჯვია ტენდერში, ერთადერთხელ გაიმარჯვა, ისიც იმ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში,სადაც ომარ ქუცნაშვილი იკავებს მაღალ თანამდებობას. ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა შეესრულებინა სამუშაოები, როცა ,გენჩ ინშაათ- ტალახში ამოსვრილი ტრაქტორის გარდა არაფერი გააჩნია. ,გაზისა და ნავთობის კორპორაციასწორედ ამ არარსებულ კომპანიასთან, გენჩ ინშაათ“ - თან ხელშეკრულების გაფორმებას  აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ გარისკეს.

მოგეხსენებათ, ზაქარია ქუცნაშვილის გავლენები 2019 წლის ივლისში უკვე შესუსტებული იყო, მან 2019 წლის ივნისში უარი თქვა მანდატზე. აი, მხოლოდ ამის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადგენილი იქნა, რომ ,გენჩ ინშაათი ტენდერებში ყალბი დოკუმენტებით შედიოდა და ეს ეცნობა კიდეც ,ნავთობისა და გაზის კორპორაციას. ვვარაუდობ, რომ გოქსელ გენჩის ერთ-ერთი მფარველი საქართველოში სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იყო. ის რომ ამ ოჯახის კვალი საქმეში ჩანს, დასტურდება საკმაოდ ნათლად, მათ შორის იმითაც, რომ მხოლოდ მას შემდგომ, რაც ზაქარია ქუცნაშვილის გავლენების შესუსტება დაიწყო, მალევე დაკარგა თავისი პოზიცია პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა გადაწყვიტეს, რომ ემხილებინათ გოქსელ გენჩი და მისი კომპანია ,გენჩ ინშაათითაღლითობებში და არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში ჩასვა.

ახლა რაც შეეხება მოტივს, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდა ქუცნაშვილს ირაკლის მოსაშორებლად. იცით, ,ქეთი, შენი მეუღლე ქუცნაშვილმა მოიშორაო, ეს ჩემთვის საქმეში ჩახედულ ხალხს არაერთხელ უთქვამს ირაკლის დაკავებიდან დღემდე, თუმცა ალბათ, ამის დაჯერება არ მინდოდა. იგივე მითხრა რამდენიმე თვის წინ ქუცნაშვილის ახლო ნაცნობმა, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ერთ-ერთ რაიონში. თუ ეს მართლაც ასეა, ვფიქრობ, რომ ქუცნაშვილების ოჯახის ჩართვა ამ საკითხში კომპლექსური მიზეზებით არის გამოწვეული. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ომარ ქუცნაშვილი თავის დროზე ჩემს მეუღლეს ძალიან კარგად იცნობდა, მათ გარკვეული საქმიანი ურთიერთობები ჰქონდათ, რამაც შეიძლება განაპირობა ამ ოჯახის ნეგატიური განწყობა ირაკლის მიმართ, პლუს, ის გარემოებები, რაც ისედაც საზოგადოებისთვის ცნობილია, რომელთან დაკავშირებითაც მე ჩემი მეუღლის დაკავების შემდგომ საჯაროდ განვაცხადე. ვფიქრობ, რომ ეს კუმულაციური ეფექტი, ანუ ერთიანობა პირდაპირ ავლენს ამ დამოკიდებულებებს.

ეს შეიძლება შერეული მოტივი იყოს, პირადი მოტივის ნაწილს ვერ გამოვრიცხავთ, ვინაიდან ვიმეორებ, არსებობდა იმ ტიპის ურთიერთობები, რომელმაც შეიძლება განაპირობა ასეთი დამოკიდებულება, თუმცა უმეტესწილად მიგვაჩნია, რომ ეს მაინც განპირობებული იყო ირაკლის მიმართ მათი ნეგატიური დამოკიდებულებით. ირაკლიმ ბევრი რამ იცის მათი ოჯახის საქმიანობის შესახებ, რაც შესაძლებელია გამხდარიყო საჯარო და ეს, რა თქმა უნდა, მათ არ აწყობდათ. პირდაპირ ვამბობ, ჩვენს ოჯახს მათი მხრიდან საფრთხე მუდმივად ემუქრება, რადგან ქუცნაშვილები ყველაფერზე წამსვლელები არიან, თუმცა ჩვენ უკვე ვიზრუნეთ იმაზე, რომ ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება დაცული იყოს, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების კავშირიც თუ იკვეთება თქვენი მეუღლის დაკავების საქმესთან?

- ის რაც მოხდა ირაკლის გარშემო იყო მნიშვნელოვნად კომპლექსური საკითხი და ეს არ უკავშირდებოდა მარტო ერთ პირს ან ერთ ინტერესთა ჯგუფს, ანდაც ერთ კონკრეტულ კორუმპირებულ ჩინოვნიკს. მე, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი მეუღლე არის საქართველოს ინფსტრუქტურისა და განვითარების ყოფილი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის პირადი პატიმარი. ნოდარ ჯავახიშვილს თავისი როლი აქვს ამ საქმეში. ნოდარ ჯავახიშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც უშუალოდ შეხვდა, როგორც გოქსელ გენჩს, ისე ირაკლის, ტენდერის საკითხთან დაკავშირებით. ნოდარ ჯავახიშვილი იყო ის პიროვნება, ვინც ირაკლი და თურქული კომპანია დააკავშირა და კავშირზე გაიყვანა მგფ-თან, შემდეგ კი, ვვარაუდობ, რომ მგფ-ის დირექტორს და დღევანდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჯუანშერ ბურჭულაძეს და გოქსელ გენჩს დაავალა, რომ მიემართათ პროკურატურისთვის საჩივრით ირაკლის წინააღმდეგ, რაც გააკეთეს კიდეც. ამდენად ნოდარ ჯავახიშვილის როლი ძალიან მკვეთრია და მას თავის ბრალეულობა ამ საქმეში აქვს. ეს ერთი ჯგუფია, ჯავახიშვილი, ბურჭულაძე, ქუცნაშვილი, ყველა მონაწილეობდა ჩემი მეუღლის მოშორების ოპერაციაში, რაც გოქსელ გენჩის ხელით გააკეთეს და სწორედ ესენი იყვნენ გოქსელ გენჩის ქართველი მფარველები. ნოდარ ჯავახიშვილის მინისტრობის დროს ომარ ქუცნაშვილის სამშენებლო კომპანიას რამდენი ტენდერი აქვს მოგებული ვინ მოთვლის...

- უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ უჩივლოთ ზაქარია ქუცნაშვილს?

- ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ზედმეტად პოლიტიზირება მოხდება საკმარისი მტკიცებულებების არსებობის გარეშე ამ საქმის ინიცირების შემთხვევაში, თუმცა როგორც აქამდე ვიკვლევდით ამ საკითხს, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც და სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს  დავაყენებთ. როგორც გითხარით და როგორც მიხვდით ჩემი განწყობიდან არ ვაპირებ ფარხმალის დაყრას, ვიბრძვი, ვცდილობ მაქსიმალურად მოვიპოვო ინფორმაცია და ჩემის მხრივ პირობას გაძლევთ, რომ ნებისმიერი ფიგურანტი, რომელთა შეიძლება, თუნდაც მცირე შემხებლობა აღმოაჩნდეთ ირაკლის დაკავებასთან, სააშაკარაოზე იქნება გამოყვანილი. აქვე გეტყვით, რომ მე მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვე გოქსელ გენჩის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლა საქართველოში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, რადგან სახეზე გვაქვს როგორც მინიმუმ ერთი მუხლი 362 - ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, რაც მოგეხსენებათ სისხლისამართლის დანაშაულია. 

თითქმის ერთი თვეა გასული, მაგრამ პროკურატურა დუმს. მინდა თქვენი საშუალებით მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს - ბატონო ირაკლი, დროულად შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობა და ნუ მისცემთ პარპაშის საშუალებას თაღლითებსა და მათ მფარველებს, ნუ დააფარებთ ხელს გოქსელ გენჩს.

მე იგივე მოთხოვნით მივმართე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ველოდები რა რეაგირებას მოახდენენ. ასევე ანალოგიური შეკითხვა მინდა დავუსვა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აშკარა გულგრილობას იჩენს იმ საქმის მიმართ, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანაში მოქმედ შიდა თაღლითობას ეხება, არამედ საერთაშორისო მასშტაბებსაც იღებს.

მე, დარწმუნებული ვარ, რომ თუ გოქსელ გენჩის მიმართ განხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ის ყველას გვარს დაასახელებს, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილსაც. როგორც რამდენჯერმე აღვნიშნე, ეს საქმე ნელ-ნელა საკმაოდ რეზონანსულ ხასიათს იღებს, სადაც ჩაერთვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები.


თეგები :