• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

აშშ რუსეთის დაზვერვის 6 ოფიცერს უკრაინაზე, საფრანგეთსა და საქართველოზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის [გრუ] 6 ოფიცერს ბრალი წაუყენა ამერიკულ კომპანიებსა და რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმის განხორციელების გამო. იუწყება Associated Press-ი.

გავრცელებული ცნობით, რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა კიბერთავდასხმა განახორციელეს უკრაინის ენერგოსისტემაზე, საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოს მედიაკომპანიისა და პარლამენტის სისტემის წინააღმდეგ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, პიტსბურგის სასამართლომ რუს დაზვერვის ოფიცრები ასევე დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთში პორტ-დაუნის ლაბორატორიაზე თავდასხმასა და 2018 წლის აპრილში, ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერშეტევაში.

აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ორგანიზაცია იძიებდა სოლსბერიში გრუ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის საქმეს, რომელშიც რუსეთი იყო დადანაშაულებული.

ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს ასევე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჰაკერებმა ელექტრონულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით ვირუსული პროგრამა NotPetya გამოიყენეს.

ამერიკული მხარის მტკიცებით, დაზვერვის ეს ოფიცრები მსახურობენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის იმავე განყოფილებაში, რომელიც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.

საქმეზე ბრალდებულები არიან იური ანდრიენკო, სერგეი დეტისტოვი, პაველ ფროლოვი, ანატოლი კოვალიოვი, არტიომ ოჩიჩენკო, პეტრე პლისკინი.

რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმების შესახებ.


თეგები :