• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

„ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის“ - სვანეთი კატასტროფის წინაშეა

სვანეთი კატასტროფის წინაშეა. ცოტა ხნის წინ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

ადგილობრივების ინფორმაციით, წყლის დიდმა მასამ წაიღო გზა, ცენტრალური და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ხიდი.

„ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა. აქ ცენტრალური ხიდი საერთოდ წაღებულია. ზუსტად არ ვიცი ქვემოთ რა მდგომარეობაა.

მესაზღვრეებთან დარეკეს მთა მოწყდა, დააგუბა და წამოვიდა. ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მისი თქმით, შემთხვევა ნენსკრა ჰესის მშნებლობის ადგილზე მოხდა. ამ დროისთვის არც ადგილობრივებს აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა ზარალი, ჩარჩენილია თუ არა მიმდებარე ზონაში მოსახლეობა ან ავტომობილები. ჭუბერის მკვიდრის ინფორმაციით, სულ ოთხი ცენტრალური ხიდია წაღებული.

„ჭუბერის ზედა სოფლები, ზემო ნაწილში განლაგებული სოფლები ფაქტობრივად მოწყვიტა გარესამყაროს. იმიტომ რომ ხიდი წაღებულია. მაგათ მდინარე ჰყავდათ გაყვანილი მილებში, როგორც მესტია-ჭალას შემთხვევაში იყო და ზემოდან იყო გადასასვლელი გზა.

მუშებმა მოასწრეს მდინარის გადმოღმა გადმოსვლა. ტექნიკა დარჩა იქით, ახლა ხალხი გამოსულია გარეთ და ებრძვიან, იმიტომ რომ ამან (მდინარე ნენსკრამ) გაგიჟება ასე ნაუცბათევი კი არ იცის, შეიძლება ამაღამ რამე სასწაული დაატრიალოს,“- ამბობს ადგილობრივი მანანა საღლიანი.  

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ზემო ჭუბერში ხალხმა საკუთარი ძალებით შეძლო სტიქიის ზონიდან გამოსვლა.

ადგილობრივების თქმით, ჰესის მშენებლობის გამო მაღალმთიანი რეგიონის ერთ ნაწილს დატბორვა, მეორეს  დამეწყვრა ემუქრება.