• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

ზუგდიდის მერის არჩევნების გაყალბების სქემა გაშიფრულია: "ვინც ეგ გითხრათ, იმათ მიაკვდათ მკვდარი სულები" - გენერალი მარგიანი

ქართული ოცნება ზუგდიდის მერის არჩევნების ტოტალურ გაყალბებას აპირებს. მიუხედავად იმისა რომ აქამდე არსებული ყველა გამოკითხვით მათი კანდიდატი, გეგა შენგელია არჩევნებს აგებს, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილისათვის სანდრა რულოვსის ფაქტორი ყოფნა-არყოფნის საკითხია. 

შესაბამისად, ოლიგარქი და მის ჯიბეში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიციის ჩათვლით, ძალადობისათვის, ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლისა და დიდი გაყალბებისათვის ემზადებიან. 

ერთერთი, ვისაც არჩევნების დღეს მანიპულაციები და ამომრჩევლის მობილიზება დაევალა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ანზორ მარგიანია.

კერძოდ, გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად, ანზორ მარგიანმა, არჩევნების დღეს, აფხაზეთში მყოფი ყველა სანდო დევნილი ზუგდიდში უნდა გადმოიყვანოს და ხმა გეგა შენგელიასათვის მიაცემინოს.

ხოლო ისინი, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი, საოკუპაციო ხაზის იქით უნდა დატოვოს, რათა არჩევნებში ხმის მიცემა ვერ შეძლონ. 

ამავე დროს, პრესა,ჯის შს სამინისტროდან აცნობეს რომ იქმნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილების შავი და თეთრი სია.

შსს-დან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შავ სიაში მყოფ დევნილებს ყველა მეთოდებით უნდა შეეზღუდოს ხმის მიცემა, მათ შორის რუსი ოკუპანტების "დახმარებითაც".

პარალელურად კი, მარგიანი ჩართულია "მკვდარი სულების" რეგისტრაციაშიც, რომელთა გამოყენებითაც ქართული ოცნება ხალხის ნების წინააღმდეგ აპირებს წასვლას.

რა თქმა უნდა, პრესა.ჯი ანზორ მარგიანს დაუკავშირდა და რა თქმა უნდა, პოლიციის მაღალჩინოსანმა არჩევნების გაყალბებაში ანუ სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.

პრესა.ჯი:ბატონო ანზორ, გვაქვს ინფორმაცია რომ აქტიურად ხართ ჩართული ზუგდიდის მერის არჩევნების გაყალბებაში...

ანზორ მარგიანი: სად ვარ ჩართული აბა? საერთოდ არ წავსულვარ ზუგდიდში თვენახევარია. ახლა  თბილისში ვარ და ზუგდიდის მერის არჩევნები როგორ უნდა გავაყალბო, "კიო" ხომ არ ვარ.

- გვითხრეს რომ არჩევნების დღეს აფხაზეთიდან დევნილების ზუგდიდში ჩაყვანის ორგანიზებას გეგმავთ და "მკვდარი სულების" სიის შედგენაზეც მუშაობთ. ამას ხომ თბილისიდანაც შეძლებთ...

- ვინც ეგ გითხრათ, იმათ მიაკვდათ მკვდარი სულები.

- რატომ ცდილობთ იმ დევნილების დაშინებას, რომლებიც ხმას სანდრა რულოვსს აძლევენ?

- არავითარ არჩევნებთან არ მაქვს კავშირი მე. არც არავის დაუვალებია მსგავსი რამ და საიდან უნდა შევუშალო ხელი.

ცხადია, მარგიანი უარყოფს შს სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციას და არგუმენტად თბილისში ყოფნა მოჰყავს. თუმცა, 19 მაისს, აფხაზეთიდან თუ თბილისიდან ქართული ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილი დევნილების ზუგდიდში ჩაყვანის ორგანიზებასა და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლებისათვის ხელის შეშლას პოლიციის თანამშრომლების გამოყენებით, სულაც არ სჭირდება მისი სამეგრელოში ყოფნა. 

ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ქონებას ფლობს გენერალი მარგიანი...

ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია. 

ფლობს საცხოვრებელ სახლს ვაშლიჯვარში, რომლის ღირებულება 150 ათასი ლარია. 

ფლობს კომერციულ ფართს თბილისში, სამხედრო გზის მეთერთმეტე კილომეტრზე, რომელიც მეუღლის სახელზე აქვს გაფორმებული და რომელიც 300 ათას ლარადაა შეფასებული. 

ანზორ მარგიანის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ვაშლიჯვარშიც, გოძიაშვილის ქუჩაზე, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარია. 

მასვე ეკუთვნის არასაცხოვრებელი ფართი ვაჟა ფშაველაზეც, რომელიც დეკლარაციის მიხედვით 100 ათასი ლარი ღირს. 

ანზორ მარგიანის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, ცინცაძეზე და მტკვრის ქუჩაზე და სამი მიწის ნაკვეთიც (მცხეთაში, მესტიასა და ვაშლიჯვარშიც). ასევე ავტოფარეხი ვაჟა-ფშაველაზე. 

პოლიციელი მარგიანს აქვს ნაღდი ფულიც. ის, კორსტანდარტ ბანკში 72 ათას დოლარს ინახავს - ამ მომენტისათვის.

ჯამში, ანზორ მარგიანი, რომელიც ქართულ ოცნებას ზუგდიდის მერის არჩევნების გაყალბებაში უნდა მიეხმაროს, 810 ათას 900 ლარის ქონების მფლობელია.