• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

წყალში გადაყრილი მილიონ 221 ათას 776 ლარი - რუსთავის მერის კორუფციული ინტერესები და შეუსრულებელი ვალდებულებები

წყალში გადაყრილი მილიონ 221 ათას 776 ლარი. რუსთავის მერის დაპირება მშვიდობის ქუჩის გზის რეაბილიტაციის შესახებ, კვლავ შეუსრულებელია. 

შპს ჰერიო, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა, როგორც ჩანს, აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. 

მაგალითად: 2018 წლის 30 აპრილს, რუსთავის მუნიციპალიტეტსა და შპს ჰერიოს შორის, სატენდერო წინადადების საფუძველზე  გაფორმდა ხელშეკრულება. 

კომპანია ჰერიო, რომლის 100 პროცენტის მფლობელი დავით გალეგაშვილია, ხოლო დირექტორი, ირაკლი ქარუმიძე, ვალდებულებას იღებდა 2018 წლის 28 აგვისტომდე დაესრულებინა მშვიდობის ქუჩის გზის ბეტონის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ხელშეკრულების ვადა - 2019 წლის 31 ივლისი).

კერძოდ: მოეხრეშა გზა, ჩაეწყო გოფრირებული მილები, დაეგო ბეტონის საფარი, მოეფრეზა ასფალტის საფარი, მოეწყო ბეტონის საფარის ზედა და ქვედა ფენა, განეხორციელებინა მიერთებები, განეახლებინა ტროტუარები, გაემართა სანიაღვრე ქსელი, შეეჭრა მილსადენები არსებულ ჭებთან, დაემონტაჟებინა ფოლადის მილები, მოეწყო მონოლითური გვერდმიმღები ჭები, გაეტანა ნაშალი და ა.შ

თუმცა, ამ მომენტამდე ქუჩა მთლიანად გადათხრილია, არ არის განათება, რის გამოც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, მაგრამ მერ ტაბაღუას სხვა პრიორიტეტები აქვს - საკუთარი კლანის გაძლიერება მუნიციპალიტეტში.

სულ ახლახანს, ჰონდას ტიპის ავტომანქანა მშვიდობის ქუჩაზე ჯებირს შეეჯახა. დაშავებული მძღოლის თქმით, იმის გამო რომ ქუჩა მთლიანად ჩაბნელებული და გადათხრილია, დაბრკოლება ვერ დაინახა, რასაც ავარია მოჰყვა.

ეს მაშინ, როდესაც მერმა ტაბაღუამ რამდენჯერმე დადო საჯარო პირობა რომ მოაწესრიგებდა მშვიდობის ქუჩის გადათხრილ გზას, რაც ვერ ან არ შეასრულა, დიდი ალბათობით, კორუფციული გარიგებების გამო.

რაც შეეხება რუსთავის მერიასა და შპს ჰერას შორის გაფორმებული დოკუმენტის სხვა დეტალებს: 

„ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან (2018 წლის 30 აპრილი - ავტორი) და მოქმედებს 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით“., - წერია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე იძებნება.

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, შპს ჰერიოსთვის ხალხის კუთვნილი ფულის გადასარიცხად როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტი გამოიყენა. 

თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულების ვადა უკვე დარღვეულია, მშვიდობის ქუჩაზე გზა ისევ მოუწესრიგებელი, ჩაბნელებული და გადათხრილია, რის გამოც ოპოზიცია და ადგილობრივები მერ ტაბაღუას კორუფციულ ინტერესებზე მიანიშნებენ.

P.S: რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რომლის კორუფციული სქემების შესახებ მუნიციპალიტეტში ღიად საუბრობენ, მედიას ემალება. სავარაუდოდ, მას არ აქვს პასუხები კითხვაზე: რატომ არის დღემდე გადათხრილი მშვიდობის ქუჩაზე გზა, რომელიც ტაძრამდე თუ არა, სახლამდე მაინც უნდა მისულიყო.