• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

გაფლანგული 8 მილიონი და კორუფციის გამო ისევ უწყლოდ დარჩენილი 30 ათასი ადამიანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების მიზნით პროექტი მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც 30 000 მოსახლეს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. 

პროექტის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

პროექტის ღირებულება 22 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი“, - ეს ინფორმაცია 2017 წლის ნოემბრის ბოლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა. 

თემა აიტაცა და ზარზეიმით გააშუქა სამთავრობო მედიამაც. აღინიშნა რომ ხელისუფლება გრანდიოზულ პროექტს იწყებს და გარდაბნის 5 სოფელს ანუ 30 ათას ადამიანს მალე ისტორიულ პრობლემას მოუგვარებს - 21-ე საუკუნეში წყალს მიაწვდის.

მანამდე, გარდაბნის აწ უკვე ყოფილი მერი ჯამარაული, მისი მოადგილე მაჩაბელი და რეგიონის სხვა ბიუროკრატები თავს იწონებდნენ რომ ქართული ოცნება ასეთ სიძნელეებს შეეჭიდა და უწყლობით გატანჯული თანამოქალაქეების ინტერესებს ითვალისწინებდა.

სამუშაოების პირველი ეტაპი 2017 წლის 30 ივლისს უნდა დაწყებულიყო და 2018 წლის 31 მაისს უნდა დასრულებულიყო. საბოლოოდ კი, 5 სოფლის წყალმომარაგების პროგრამა 2019 წლის ბოლომდე უნდა მოგვარებულიყო.

რა მოხდა?

თუმცა, 30 ათასი ადამიანის ოცნება, 21 საუკუნეში ჰქონდეთ წყალი, არ ახდა. სამაგიეროდ, ოცნებები აუხდათ „ატკატებით“ განებივრებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკებსა და კორუმპირებული კლანის წევრებს - ხალხის ფულის ხარჯზე. 

პროექტში, რომლის გამოც ლამის ზეიმი მოაწყვეს, მილიონები ისე დახარჯეს რომ გარდაბნის მინიციპალიტეტის 5 სოფელს წყალი თვალით არ უნახავს. 

„რა 24 საათიანი წყალმომარაგება შვილო, ზამთარში თოვლს ვადნობთ რომ წყალი გვქონდეს. ზაფხული კი ჩვენი ჯოჯოხეთია“, - ასეთია ნორიოში მცხოვრები მოხუცის პოზიცია. 

პროექტი, რომლის განხორციელების პირველ ეტაპზე 8 მილიონი დაიხარჯა, პირველივე ეტაპზე, ხარვეზის გამო შეჩერდა. „სათავო ფენა ბევრად განსხვავებული იყო, ვიდრე ამას ველოდით, ამიტომაც განიცადა ჭაბურღილების კონსტრუქციამ ცვლილება, ასევე შეიცვალა დრენაჟის განლაგებაც“, - ასე ხსნიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შეუსრულებელ ვალდებულებას.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მიუხედავად იმისა რომ ფულიც აიღო და ვალდებულებაც, პროექტის შეცვლა მოითხოვა და სამუშაოები „გაყინა“, რასაც გარდაბნის მუნიციპალიტეტიც დაეთანხმა, მთელი თავისი კორუმპირებული ბიუროკრატიით.

წარმოიდგინეთ, გარდაბნის 5 სოფელს 24 საათიან წყალმომარაგებას ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჰპირდებოდნენ.

თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეს პროექტი არც შესრულებულ, არც შეუსრულებელ და არც მომავალში დასაგეგმი სამუშაოების ჩამონათვალში არ აქვს შეყვანილი, რასაც მისივე ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სიაც ადასტურებს. 

ეს მაშინ, როდესაც ღარიბი ქვეყნის ღარიბი ხალხის მილიონები ასე უკვალოდ აორთქლა და ამით სამართალდამცველებიც კი არ დაინტერესებულან.

„ამბობენ რომ ფული შეჭამეს. ასეთი რამ ადრეც მომხდარა. შეგვპირდებიან წყალს, გამოყოფენ ფულს, ჩაიდებენ ჯიბეში და ჩვენ უწყლოდ გვტოვებენ.

ახლაც გვატყუებენ რომ მუშაობენ, თუმცა, გაჩერებულები არიან უკვე დიდი ხანია“, - გვიყვება მარტყოფში მცხოვრები პედაგოგი. 

ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით გარდაბნის მუნიციპალიტეტს, სადაც დაგვპირდნენ რომ მოგვაწვდიდნენ ხარჯთაღრიცხვას, მაგრამ როგორც ჩანს, დაავიწყდათ. 

ხოლო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს რომ „ის, ვისაც ეს საქმე ეხება, ახლა შვებულებაშია და ამიტომ, ვერ გვიპასუხებენ კითხვაზე - რატომ გაჩერდა 5 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების ზარ-ზეიმით წარდგენილი პროგრამა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ლამის პროპაგანდის დონეზე აიყვანა.