• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

კახა კალაძე: თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აპარატების დადგმის იდეა თბილისის მერიამ პროექტის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მიიღო.

კახა კალაძის განმარტებით, მოქალაქეთა მიერ მერიისთვის წარდგენილი 10 იდეა განხილვის პროცესშია, მათგან ორის განხორციელების გადაწყვეტილება მერიამ უკვე მიიღო, რომელთა შორისაა ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების განთავსება ქალაქში.

მისი თქმით, მსგავსი აპარატები თბილისში მიმდინარე წლის განმავლობაში დამონტაჟდება.

„ჩვენ მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას და დედაქალაქში რამდენიმე ასეთი აპარატი დაიდგმება. ამ აპარატების მოვლასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს, რომ ცხოველების გამოკვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ მსგავსი საინტერესო იდეები და პროექტები შედის პლატფორმაზე  – „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და დედაქალაქის მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, წარადგინონ თავიანთი ხედვები და პროექტები, თუ რისი განხორციელება მიაჩნიათ მიზანშეწონილად თბილისში.

თეგები :

კახა კალაძე