• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

კახა კალაძე: დედაქალაქში გაუმართავი ავტომობილებით მოძრაობა გამორიცხული იქნება

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი არის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა,- ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ამ გამოწვევის დაძლევისთვის მუნიციპალიტეტს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს თუმცა მას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„პარალელურ რეჟიმში ბევრი სხვა გამოწვევის დაძლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხია დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ამ გამოწვევის დაძლევისთვის  მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს  როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება  მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან გარკვეულწილად ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისევ თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის“,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ 1-ლი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება.

„ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ, ამიტომ მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს მინდა დავავალო, დაუყოვნებლივ განახორციელონ ყველა იმ ავტომობილის ტექდათვალიერება, რომლებიც ამ წესს ექვემდებარება. მანქანები, რომლებიც ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ამოღებული უნდა იყოს ხმარებიდან“,-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრთანაც ჰქონდა საუბარი.

„იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას. მქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ანალოგიური მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, სამინისტროებში და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკომოტივები. გაუმართავი ავტომობილებით მოძრაობა დედაქალაქში იქნება გამორიცხული.”-განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

„რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა, რაც გაწერილი იქნება თვეებისა და წლების მიხედვით, კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას,თუ რას გავაკეთებთ“,-განაცხადა მან.

თეგები :

კახა კალაძე