• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

კალაძე რეაბილიტირებული შენობებიდან კონდიციონერებისა და გამათბობლების მილების დემონტაჟს ითხოვს

ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თბილისის  რეაბილიტირებულ ადგილებში, ბოლო პერიოდში, იერსახის, ფასადების დაზიანება ძალიან გახშირდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფიქსირდება ვანდალიზმის ფაქტებიც.

როგორც მან აღნიშნა, 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა ახალი აღმაშენებლის სრული რეაბილიტაცია, სადაც დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ასევე, მერიის ინიციატივით, ჩვენ დავიწყეთ ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მხედველობაში მაქვს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნები, სადაც დაახლოებით 110 მილიონი ლარია ამ პროექტებზე.  სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანი არის, ქალაქს ისტორიული იერსახე აღუდგეს და შეუნარჩუდეს.  ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა იერსახის, ფასადების დაზიანება.  ეს ხდება კონდიციონერებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანებით. ძალიან სამწუხაროა ეს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე აღმაშენებლის გაზმირზე ფასადების დაზიანების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

მისი თქმით,  30 მილიონი დაიხარჯა აღმაშენებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და  გულდასაწყვეტია, რომ დღეს ასეთ მდგომარეობაშია.

„ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ასეთი შემთხვევები არის უამრავი. ასეთი ფაქტები არის სკვერებში, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვამთავრებთ. არის ვანდალიზმის ფაქტები და ეს ძალიან მძიმეა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  ამას მოვუაროთ, აღვადგინოთ, შევინარჩუნოთ და შემდეგ ისევ ჩვენ თვითონ ვაზიანებთ. სამწუხაროა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ საყოფაცხოვრებო პირებისთვის საჭიროა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგრამ კალაძე მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დაზიანების ხარჯზე.

„კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომა. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველები, ვინც დაიცავს იმ შენობა-ნაგებობებს და არავის უნდა მისცენ დაზიანების შესაძლებლობა. ჩვენ ვაპირებთ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სამუშაოების გაგრძელებას. იცით, რომ  110 მილიონი იხარჯება ორ პროექტზე – გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნებზე. მომდევნო წლების განმავლობაში 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ იმისთვის, რომ სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია, აღვადგინოთ, შევინარჩუნოთ და მოწესრიგებულ-გალამაზებული გადავცეთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თუმცა, მისი განმარტებით, ამას მომავალში მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიც  მოსახლოების ჩართულობა და საზოგადოების თანადგომა არის მნიშვნელოვანი.

მან დაავალა თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, დააფიქსიროს და აღრიცხოს თითოეული მსგავსი ფაქტი.

„მესაკუთრეს მისცეს გონივრული ვადა, თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის. დაზიანებები რაც არის ფასადებზე, რაც არის მინგრეული, მონგრეული, გაუბედურებული, ამას ჩვენი სახსრებით აღვაგენთ. დედაქალაქის მერია ჩაერთვება გამგეობასთან და ფონდთან ერთად. აღვადგენთ და მოვაწესრიგებთ. მხოლოდ ის, რაც არის კონდიცირების მოტორები, გამათბობლების მილები, რის გამოც მოხდა დაზიანება, აუცილებლად დაიწყეთ დემონტაჟი“, – განაცხადა კალაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ გონივრულ ვადაში  მოხდება დემონტაჟი და სხვა უფრო მკაცრი ზომების მიღება საჭირო არ გახდება, ასევე მომავალში არ მოხდება და ადგილი არ ექნება მსგავს ფაქტებს.

მისი თქმით, ფასადების დაზიანების ამსახველი ფოტოები მერიას გულშემატკივარმა მიაწოდა, რისთვისაც კახა კალაძემ მას მადლობა გადაუხადა.

თეგები :

კახა კალაძე