• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

მიწისქვეშა პარკინგის მოწყობისთვის, ინვესტორებს მიწის ნაკვეთი 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადაეცემა

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით განმეორებით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმ პროექტებზე, როგორიცაა - ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები. 

ამასთან, მერია მზადაა, ინვესტორებს მიწის ნაკვეთი 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცეს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

მან აქვე აღნიშნა, რომ პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა და კომპანიების მხრიდან წინადადებები არ იყო წარმოდგენილი. 

“ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდით. მათ კიდევ უფრო დეტალურად გავაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება. ინტერესთა გამოხატვის პირობები არის იგივე - ინვესტორს 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა მიწის ნაკვეთი და არა 25-წლიანი იჯარით, როგორც ეს აქამდე იყო დადგენილი. ჯამურად, საპარკინგე ადგილების რაოდენობა სამივე ლოკაციის შემთხვევაში არის 715“, - განაცხადა კახა კალაძემ.