• თბილისი
  • °C
  • 07 მარტი, 2021
article

პარლამენტის ყველაზე, ყველაზე... ქალბატონები და ბატონები

გემოვნება და სტილი სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით ყალიბდება, ეს იქნება აღზრდა, გარემო თუ სოციალური მდგომარეობა. თუმცა, არსებობს დამრიგებლური ხასიათის ანდაზა, რომ “გემოვნებაზე არ დაობენ”, რაც მცდარია, რადგან ”სწორედ, გემოვნებაზე დაობენ”, ასტროლოგების შეფასებით კი, ადამიანს გემოვნება დაბადებისთანავე უყალიბდება.

ძნელია იმის თქმა, თუ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრებს გემოვნება რა ასაკში ჩამოუყალიბდათ. თუმცა, იმაზე ნამდვილად შეიძლება საუბარი, დღეს ვის როგორი გემოვნება აქვს და რა სტილს ანიჭებს უპირატესობას. ამიტომაც, "პრესა.ჯი"-მ მცირე კვლევა ჩაატარა, თუ ჟურნალისტები რომელ დეპუტატს თვლიან გემოვნებიანად და რომელს  - უგემოვნოდ.

ქართველი კანონმდებლები უკვე შვებულებაში არიან, რადგან საგაზაფხულო სესია ოფიციალურად უკვე  დაიხურა. თუმცა, დეპუტატებს, სანამ დასასვენებლად წავლენ, კვლევის შედეგების გაგება მოუწევთ და იქნებ საშემოდგომო სესიისთვის გაითვალისწინონ კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ამ მოწვევის პარლამენტარები გემოვნებიანი ჩაცმით დიდად არ გამოირჩევიან. არიან კანონმდებლები, რომლებიც ერთ, კონკრეტულ სტილს არ იზიარებენ. დეპუტატთა ნაწილი ფერთა შეხამებას ყურადღებას არ აქცევს, ნაწილს საქმიანი, სოლიდური ჩაცმულობა არ უყვარს, ნაწილი მეტ ყურადღებას ტანისამოსის ხარისხს უთმობს, ხოლო ნაწილს მყვირალა ჰალსტუხი თუ დიდი ზომის ბაფთა ხიბლავს. ბაფთის სიყვარულით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ გეგენავა გამოირჩევა. ყოველ შემთხვევაში ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე იგი, სწორედ ასეთი დიდი ზომის ბაფთით იყო მისული.

რაც შეეხება კვლევას, "პრესა.ჯი"-მ მედიის ის 50 წარმომადგენელი გამოკითხა, ვისაც საქმიანობა უმეტესად პარლამენტში უწევთ.

კვლევის მიხედვით, პარლამენტის 2011 წლის ყველაზე სიმპატიური მამაკაცია უმრავლესობის წევრი ზვიად კუკავა, მას მოსდევენ ვახტანგ ბალავაძე და არჩილ გეგენავა. თუმცა, ერთ-ერთმა რესპოდენტმა სიმპატიურ მამაკაცად 62 წლის კორნელი კუკულავა მიიჩნია, ხოლო მეორემ - ელდარ კვერნაძე. მომხიბვლელ ქალბატონთა რიგებს ლიდერობს “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი მაგდა ანიკაშვილი, რომლის შემდეგ პოზიციას მარიკა ვერულაშვილი იკავებს.

2011 წლის გემოვნებიანად ჩამცმელ მამაკაცად რესპოდენტებმა ისევ პეტრე ცისკარიშვილი აღიარეს. თუმცა, მის შემდეგ დასახელდნენ, გიორგი მელაძე, დავით ბაქრაძე და ჯონდი ბაღათურია. რაც შეეხება გემოვნებიანად ჩაცმულ ქალბატონებს, ლიდერობს რუსუდან კერვალიშვილი, რომლის შემდეგ, პოზიციას მაგდა ანიკაშვილი და ხათუნა ოჩიაური იკავებენ. სხვათა შორის, ხათუნა ოჩიაური ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა.

კვლევის ინტერესს, გემოვნებიანი დეპუტატების პარალელურად, უგემოვნებოდ ჩაცმული კანონმდებლების ვინაობის გარკვევაც წარმოადგენდა. მიმდინარე წლის უგემოვნებოდ შემოსილ ქალბატონებს შორის უპირობოდ ლიდერობს  ჩიორა თაქთაქიშვილი. ხოლო, უგემოვნოდ ჩაცმულ მამაკაცებს შორის - არჩილ გეგენავა. როგორც ჩანს, მედიის წარმომადგენლები მისმა ბაფთამ გააღიზიანა. გეგენავას შემდეგ, ამ კატეგორიაში პოზიციები კობა ნაყოფიამ და გიორგი კანდელაკმა გადაინაწილეს.


თეგები :