• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

„კალა პარკი“ „სითი პარკის" ნაცვლად - „კალაძე მატყუარა და გადამგდებია“

თბილისის მერის ინიციატივით „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ მოქალაქეებისათვის არაფერი შეცვლილა. თუ ადრე, არასწორი პარკირების გამო მძღოლებს „სითი პარკი“ აჯარიმებდა და მათი მანქანის ევაკუაციას ახდენდა, ახლა, იგივე პროცედურებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს, რომელსაც ოპოზიცია „კალა პარკად“ მოიხსენიებს. 

მართლაც, როგორც მოქალაქე ლევან გელაშვილი ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვინ წაგვართმევს ფულს და ვინ დაგვაჯარიმებს - „სითი პარკი“ თუ ე.წ. „კალა პარკი“?

თუმცა, როგორც ჩანს, იმას, თუ ვინ გაუმწარებდა მძღოლებს ყოველდღიურობას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის მერისათვის, რის გამოც, კახა კალაძემ „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, თავისი ფავორიტი კომპანიით ჩაანაცვლა და ახლა, სასამართლო დავისათვის ემზადება, რომელსაც მერია, დიდი ალბათობით წააგებს და მილიონების გადახდა არა მას, არამედ ჩვენ - მოქალაქეებს მოგვიწევს, ბიუჯეტიდან.

შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე თვლის რომ მას შემდეგ, რაც მერიამ „სითი პარკი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიით ჩაანაცვლა, სიტუაცია ზუსტად იგივე დარჩა. არც ჯამიმები შემცირებულა და არც წესები შეცვლილა. 

დავით მესხიშვილი: „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ ზუსტად იგივე მდგომარეობაა, როგორიც ადრე იყო. ფაქტია რომ ამ მიმართულებით მერია არაფერს აკეთებს. თუ რატომ ხდება ასე, მერს უნდა ჰკითხოთ“. 

„პრესა.ჯი“ ეცადა ეკითხა თბილისის მერისათვის, თუ რატომ ვერ შეძლო მან პოზიტიური ცვლილებების განხორციელება პარკირების მიმართულებით, თუმცა, კახა კალაძეს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის წყალობით თბილისის მერად აირჩიეს, ერთი თვისება გამოუმუშავდა: მხოლოდ ფავორიტ მედია-საშუალებებს ეკონტაქტება. 

სამაგიეროდ, გასაგებად აგვიხსნა „სითი პარკის“ იურისტმა დღეს არსებული მდგომარეობა და ისიც, თუ რატომ არ მოხდა ცვლილებები, ამ მიმართულებით. 

ნანუკა ავალიანი: „სითი პარკის“ გასვლის შემდეგ, თითქმის ოთხი თვე გავიდა და არაფერი შეცვლილა, ის მეთოდები რასაც კომპანია პარკირების მენეჯმენტის მიმართულებით ატარებდა, ჩვენი გამოგონილი არ იყო. ეს დამკვიდრებულია, როგორც ევროპულ, ასევე არაევროპულ ქვეყნებში. 

ძალიან მარტივი პრინციპია, როდესაც ადამიანი არღვევს, ლოგიკურია, რომ სახელმწიფომ მას გარკვეული სანქცია დააკისროს. ამ შემთხვევაში „სითი პარკი“ იყო სანქციის მიმტანი სახელმწიფოდან დამრღვევ მოქალაქემდე. 

ამიტომ, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ დაჯარიმების ეს პრინციპი შეიცვალოს. თუმცა შესაძლებეელია გაკეთდეს გარკვეული შესწორებები პარკირების სფეროში. თუნდაც ის, რაც ჩვენს მიერვე იყო თავიდანვე შეთავაზებული - ეს ეხებოდა საათობრივ პარკირებას. 

თუმცა, მაშინდელი მერის გადაწყვეტილებით, საათობრივი პარკირება ჩანაცვლდა არსებული მოდელით. მოდელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის პრეტენზიები, რაც მოქალაქეებს ჰქონდათ დაჯარიმებასთან და მანქანის ევაკუაციასთან დაკავშირებით, ისევ იქნება, რადგან ამის შეცვლა და გაუქმება გამოიწვევს ქაოსს პარკირების მიმართულებით, რაც თავისთავად პრობლემებს შექმნის“.

კალაძე და კორუფცია

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ფიქრობენ რომ კახა კალაძემ, „სითი პარკი“, ფავორიტი კომპანიით, კორუფციული მიზნებისათვის ჩაანაცვლა. 

მათი აზრით, თბილისის მერი, როგორც პარკირების, ისე სხვა მიმართულებით, სრულ არაკომპეტენტურობას ავლენს. 

სამაგიეროდ, კარგად ერკვევა ბიუჯეტის განიავებასა და იმაში, თუ როგორ დახარჯოს ჩვენი ფული რესტორნებსა და დელიკატესებში.

თბილისის საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან ხაბეიშვილი: „სითი პარკის“ გაყვანას ოპოზიციაც ეთანხმებოდა, რაც ლეგიტიმური იყო. თუმცა, გაყვანის დღიდან ჩვენ ვაპროტესტებდით იმ დამოკიდებულებას, რაც დედაქალაქის მერს ჰქონდა. 

რეალურად, „სითი პარკი“ ჩაანაცვლა „კალა პარკმა“ და არაფერი შეცვლილა მოქალაქეებისთვის. ერთადერთი, რაზეც „სითი პარკს“ ვედავებოდით, იყო ის, რომ ახალი საპარკინგე ადგილები არ ჩნდებოდა დედაქალაქში. 

სამწუხაროდ, იმ ხელშეკრულებით, რაც არსებობდა, არც კი იყო გათვალისწინებული ეს. როცა მერიამ „სითი პარკი“ გაიყვანა, მაშინ ვალდებულებად უნდა აეღო ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობა, თუმცა, ასეთი ერთი ადგილიც არ დამატებია დედაქალქს. 

გადასახადები არის იგივე, დედაქალაქში პრობლემა არის იგივე. თუმცა, ახლა უკვე მათ ნაცვლად მოქალაქეებს აჯარიმებს სატრანსპორტო კომპანია. 

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „სითი პარკთან“ დავისთვის ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი გამოიყო, ეს თანხა სასამართლო დავისთვის დასჭირდათ მათ, რომელსაც დიდი ალბათობით წააგებენ, რადგან არაპროფესიონალურად გაუწყვიტეს ხელშეკრულემა. 

სამწუხაროდ, დედაქალაქი ათობით მილიონ ლარს იზარალებს, როცა სასამართლო პროცესები გაიმართება. შესაბამისად, მარტივ ლოგიკამდე მივდივართ: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“.

"ისწავლის, იმუშავებს თავის თავზე და მერე ჩვენც მოგვხედავს"

გურამ სამხარაძე (პენსიონერი): „უკვე რამდენიმე წელია ვტაქსაობ და ასე ვირჩენ თავს. სითი პარკიც გვაჯარიმებდა და ეს კომპანიაც გვაჯარიმებს, რომელიც კალაძემ შემოიყვანა. 

კალაძემ ხალხი მოატყუა. ითაღლითა და საერთოდ არაფერი შეცვალა. ის ნარმანიაზე ცუდი მერია. უბრალოდ, მატყუარა და გადამგდებია“.

თამარ ბერიძე (მოვაჭრე): „მაგ კალაძეს, ხალხის ფულის რესტორნებში ფლანგვას ურჩევნია ქალაქს მიხედოს. ნახეთ რას დაემსგავსა თბილისი. ყველგან ორმოები, საცობები და ბეტონის მახინჯი შენობებია. 

გაჭირვებულებს ლუკმას ართმევს, ჩვენს ფულს რესტორნებში ხარჯავს და ერთ დასაწვავ „სითი პარკს“ მეორე დასაწვავი კომპანიით ცვლის. 

ალბათ იმიტომ რომ თავად ჩაიჯიბოს საწყალი ხალხის ფულები, მერე იტალიაში რომ წავიდეს თმების შესაჭრელად“.

ნინა შოშიაშვილი (დიასახლისი): „რას დავეძებ ახლა რომელი კომპანია აჯარიმებს მძღოლებს? ის საზიზღარი „სითი პარკი“ ხომ მოგვაშორა კალაძემ? 

თბილისის მერი ჯერ ახალი არჩეულია. ისწავლის, იმუშავებს თავის თავზე და მერე ჩვენც მოგვხედავს. აბა როგორ, ყოველთვის ერთ საათში რომ გვინდა ყველაფერი. ვაცადოთ ჯერ, იქნებადა რას აკეთებს?“.   

ლევან გელაშვილი (უმუშევარი): „ხალხს და ქალაქს არაფერი ეტყობა უკეთესი სიტუაციის. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ წამართმევს ფულს და ვინ დამაჯარიმებს? 

თუ ადრე სითი პარკი მაჯარიმებდა, ახლა კალაძის კომპანია მაჯარიმებს. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მაგრამ ალბათ კალაძისთვის შეიცვალა“. 

P.S: „სითი პარკმა“, რომლის წარმომადგენლები აცხადებენ რომ კალაძემ კომპანიას ხელშეკრულება უკანონოდ შეუწყვიტა, დიდი სასამართლო დავა წამოიწყო უცხოურ საარბიტრაჟო სასამართლოში. 

შესაბამისად, იმის გამო რომ კალაძემ არ გაითვალისწინა კვალიფიციურ იურისტთა მოსაზრება, საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მილიონების გადახდა მოგვიწიოს - ჯარიმის სახით. 

სამწუხაროდ, ეს კვლავ ჩვენს ჯიბეებზე აისახება და არა კალაძის ავტოპარკსა თუ „ტიგროვ“ ფეხსაცმელებზე.