• თბილისი
  • 13°C
  • 23 აპრილი, 2019
article

"სოციალური მუშაკები საქმიანობას ახორციელებენ არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით"

საქართველოს სახალხო დამცველი მმხარდაჭერას უცხადებს სოციალურ მუშაკებს და იიჩნევს,  სოციალურ მუშაკები წლების განმავლობაში საქმიანობას ახორციელებენ არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით. ამის შესახებ წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ქვეყნის სოციალურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს ეხება.

სახალო დამცველი ხელისუფლებას სოციალური მუშაკების პროფესიის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ქვეყნის სოციალურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მხარდაჭერას უცხადებს სოციალურ მუშაკებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობას ახორციელებენ არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით.

სახალხო დამცველი მუდმივად საუბრობს სოციალურ სამსახურის სისტემურ პრობლემებზე, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ყველაზე დაუცველ  ჯგუფებზე. შემაშფოთებელია, რომ წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა  სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები.

ქვეყანაში არსებულ სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვთა სიღარიბე, ბავშვის მიმართ ძალადობა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა არადამაკმაყოფილებელი  მდგომარეობა. ამ მხრივ,  უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ სოციალურ მუშაკს ეკისრება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით.

სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო სამუშაო პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით.

სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს პროცესში ჩართულ სოციალურ მუშაკებს სისტემაში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით.

ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადაუდებლად იმოქმედონ აღნიშნული პროფესიის გასაძლიერებლად, რადგან ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევა სწორედ სოციალური მუშაკის საქმიანობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული“, - წერია განცხადებაში.

თეგები :

×