• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

როგორ აშანტაჟებს ივანიშვილი ყოფილ მინისტრებს, მოხსნილ პრემიერებსა და პოლიტიკიდან „განრიდებულ“ მარგველაშვილს?

ქართულ პოლიტიკაში კარგად გარკვეულმა ერთმა ძალიან ჭკვიანმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა დასვა კითხვა: რატომ წავიდნენ წინა ხელისუფლების დროს ყოფილი მინისტრები ოპოზიციაში და რატომ ვერ გაბედეს ოპოზიციაში გადასვლა ივანიშვილის მიერ მოხსნილ-გადაყენებულმა მინისტრებმა?

მართლაც: წინა ხელისუფლების დროს, ექს-მინისტრების უმრავლესობა ოპოზიციაში გადავიდა (ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, ზურაბიშვილი, სხვები...). ოპოზიციაში წავიდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბურჯანაძეც.

ამ ხელისუფლების დროს, ივანიშვილის მიერ მოხსნილი პრემიერ-მინისტრები (ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი) კი, ფეისბუქს აუქმებენ და ჩრდილში არიან, ხოლო პოლიტიკიდან „განრიდებული“ მარგველაშვილი ტელე-კამერებს ემალება...

საინტერესოა, როგორ ახერხებს რუსული მენტალიტეტის მქონე ოლიგარქი ყოფილი მაღალჩინოსნების დაშინება-დაშანტაჟება-გაჩუმებას? 

ამის შესახებ სულ რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელიც იმდენად სკანდალურია, რომ ღირს საზოგადოებამ იცოდეს: 

1. ივანიშვილი, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დამატებით შეიძინა მოსასმენ-სათვალთვალო ტექნიკა და მასში სახელმწიფოს რამდენიმე მილიონი გადაახდევინა, ქართული ოცნების ხელისუფლების ყველა ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანზე აგროვებს ვიდეო და აუდიო კომპრომატებს, ფარულ ჩანაწერებს. 

შედარებით ურჩ მინისტრებს კი, ამ ფარულ მასალებს მოხსნის შემდეგ აჩვენებენ და აფრთხილებენ იმის თაობაზე, თუ რა მოელით გააქტიურების დროს...

ზუსტად ასე მოხდა კვირიკაშვილის შემთხვევაში. მაშინ, როდესაც ის გადადგომაზე უარს ამბობდა, მასთან სპეცსამსახურის წარმომადგენელი მივიდა და დეტალურად გააცნო ის პერსპექტივა, რაც ელოდებოდა. 

მეორე დღეს, კვირიკაშვილი არათუ გადადგა, არამედ, მოგვიანებით, მონასტერში წავიდა ცოდვების მოსანანიებლად. 

2. ქართული ოცნების ხელისუფლების დროს იმდენად ღრმა და მასშტაბური კორუფციაა რომ სამართალდამცველებს ნებისმიერი მოქმედი თუ ყოფილი მინისტრის დაპატიმრება შეუძლიათ კორუფციის ბრალდებით.

ივანიშვილი, მინისტრებს ჯერ საშუალებას აძლევს ჩაეფლონ კორუფციაში, იშოვონ ფული ხალხისა და ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ, მათ კორუმპირებულობას სათავისოდ იყენებ.
 
კერძოდ: სოლოლაკის კარზე კარგად ინფორმირებული წყარო გვიყვება რომ ივანიშვილი ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილსა და ყოფილ ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილს, უბრალოდ, დაჭერით დაემუქრა და მაგიდაზე დაუდო კომპრომატების მთელი შეკვრა - ძირითადად კორუფციული გარიგებების... სიჩუმის სანაცვლოდ კი, თავისუფლება აჩუქა.

3. ივანიშვილს ჰყავს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელსაც ხელი მიუწვდება ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში. 

ამ ჯგუფის წევრს შეუძლია დარეკოს ნებისმიერ მინისტრთან და მისცეს დავალება...

სპეც-ჯგუფის წარმომადგენლები ერთგვარი „ნარუშილოვკით“ სარგებლობენ ხელისუფლების სამივე შტოში (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო).
 
ეს ჯგუფი, მხოლოდ ოლიგარქზე მუშაობს და ძირითადად, კომპრომატების შეგროვებით არის დაკავებული. 

ოლიგარქის სპეციალურ ჯგუფს ევალება მოქმედი მინისტრების კორუფციული, ფინანსური სიკეთეების შესწავლა, მიზანში ამოღებულ ბიზნეს-ჯგუფებზე ინფორმაციის შეგროვება და საჭიროების შემთხვევაში მისი გასაჯაროვება სხვადასხვა საშუალებებით (იქნება ეს სოციალური ქსელი და დაფინანსებული ფეისბუქ გვერდები, რაც მოხდა ხაზარაძისა და თიბისის შემთხვევაში თუ პროკურატურისათვის მასალების გადაცემა). 

გასვარე და იბატონე

ოლიგარქმა, რომაელი იმპერატორის, გაიუს იულიუს კეისრის ცნობილი ფრაზა, „გათიშე და იბატონე“  (Divide et impera) შეცვალა პრინციპით: „გასვარე და იბატონე“. 

კერძოდ, ივანიშვილი, გათიშვის პარალელურად, მის ყოფილ თუ მოქმედ მინისტრს კორუფციაში სვრის, აძლებს უფლებას მოიპაროს და დანაშაული ჩაიდინოს... 

რაც მეტად გაისვრება მისი მინისტრი, მით უკეთესი ივანიშვილისათვის, რომელიც ამავე დროს, თავად არის ქვეყნის ყველა ინსტიტუციური უბედურების წყარო.
 
რაც მეტ ფარულ ვიდეო-აუდიო მასალას მოიპოვებს ოლიგარქი არალეგალურად, მით უფრო ეფექტურად აჩერებს მოხსნილ, გაგდებულ და გადაყენებულ მინისტრსა თუ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ტელე-კამერებთან ღიად საუბარსაც კი ვეღარ ბედავს.

„ისინი მოდიან არსაიდან და მიდიან არსაით“

იმის პოლიტიკური ახსნა, თუ რატომ მიდიოდნენ წინა ხელისუფლების დროს ყოფილი მინისტრები ოპოზიციაში ღიად და რატომ ვერ ბედავენ ივანიშვილის მიერ მოხსნილი მინისტრები დღეს იგივეს, ერთ დროს ოლიგარქთან დაახლოვებულ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ვთხოვეთ...

„პრესა.ჯი“: რატომ წავიდნენ წინა ხელისუფლების ყოფილი მინისტრები ოპოზიციაში (ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, ზურაბიშვილი) და რატომ ვერ გაბედეს ოპოზიციაში გადასვლა ივანიშვილის მიერ მოხსნილ-გადაყენებულმა მინისტრებმა (კვირიკაშვილი, ღარიბაშვილი)? 

გია ხუხაშვილი: ამას ორი მიზეზი აქვს... ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ის ადამიანები, ვინც დაასახელეთ, იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები თავისი პროფესიით. შესაბამისად, მათ ჰქონდათ საკუთარი პოლიტიკური ნება და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი. სწორედ ამის მიხედვით მოქმედებდნენ სააკაშვილის დროს, გადაყენებული მინისტრები. 

დღევანდელი მინისტრები კი არ გამოირჩევიან საკუთარი ნებით, ისინი მოდიან არსაიდან და მიდიან არსაით. 

ავიღოთ იგივე, კვირიკაშვილი... მას პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ჩვენ ის მოვიყვვანეთ და დავსვით პრემიერ-მინისტრად.

მანამდე, მას საკუთარი პოლიტიკური ნება არ ჰქონდა, ის იყო რაღაც მოვალეობის ტექნიკური შემსრულებელი და როდესაც უთხრეს წადიო, ადგა და წავიდა. 

კვირიკაშვილი პოლიტიკური მოთამაშე არასოდეს ყოფილა. ასევე, მას ჰქონდა დადებითი სტიმული, მუშაობდა, ხელფასი ჰქონდა და ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა. 

თუმცა, მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ ისინი არ იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ თანამდებობებზე“. 

როგორც ჩანს, რუსეთში გამდიდრებული, რუსული მენტალიტეტის მქონე ოლიგარქი, მსხვილი ბიზნესისა და სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდების პარალელურად, მთავრობას ჯერ „არსაიდან“ მოსული, პოლიტიკურად უამბიციო მინისტრებით აკომპლექტებს, მიზანმიმართულად სვრის კორუფციაში და შემდეგ ხელისუფლების პირველ პირებზე უკანონოდ მოიპოვებს კომპრომატების მთელ დასტას, რომელიც მომავალში მათი "დამუხრუჭების" გარანტიაა...