• თბილისი
  • 36°C
  • 25 ივნისი, 2019
article

პარლამენტის დარბაზში ყოფნისას დეპუტატები თავის ტკივილებს უჩივიან - რა ხდება შენობაში?

ქუთაისიდან პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების შემდეგ, დეპუტატები თავის ტკივილებს უჩივიან. მიზეზი პარლამენტის დარბაზის ცუდი აკუსტიკაა. „აქ ჩურჩულიც კი გუგუნად ისმის“, - ამბობენ პარლამენტის წევრები, რომელთა ნაწილი, მაგალითად, შოთა შალელაშვილი, „პარასკევობით 4 საათიანი სამუშაო გრაფიკის შემოღებას ითხოვს“.

რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის გასარემონტებლად ქართული ოცნების ხელისუფლებამ მილიონები დახარჯა, თუმცა, პრობლემა, რომელიც დეპუტრატებს თავს ატკივებს, მოუგვარებელი დატოვა. 

დეპუტატები აცხადებენ რომ პარლამენტის დარბაზის უკანა რიგებში მსხდომთ, ტრიბუნასთან მდგომის ხმა საერთოდ არ ესმით, რაც მათთვის დიდი პრობლემაა, რადგან უბრალოდ ვერ ხვდებიან - რის შესახებ საუბრობს გამომსვლელი.

დარბაზის ცუდ აკუსტიკას პარლამენტის აპარატის ცუდ მენეჯმენტს უკავშირებს დეპუტატი ეკა ბესელია. დეპუტატი ნატო ჩხეიძე კი ხმის უხარისხო აპარატურაზე აკეთებს აქცენტს.

პრობლემას აღიარებს პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძე ამბობს რომ „ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია“. 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: კობახიძე გვიხსნის რომ იმაზე, რაზეც ერთხელ უკვე დახარჯეს ხალხის ფული, ახლა მეორედ უნდა დაიხარჯოს საქართველოს მოქალაქეების მიერ სიმწრით გადახდილი თანხები.

„ხვალვე გადავალ თურქეთში და ყველაზე კარგ აკუსტიკას გადმოვიტან“

სხვათაშორის, აკუსტიკის პრობლემა აქვს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზსაც, რომლის შენახვა სახელმწიფოს წლიურად რამდენიმე მილიონი უჯდება. 

შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი წელიწადში სულ 4-5 კვირა ფუნქციონირებს, რის გამოც მის შესანახად ფულს რიგითი მოქალაქეები იხდიან - ბიუჯეტიდან.

ისტორიული ექსკურსი: შევარდნაძის დროს, აჭარის მაშინდელმა ფეოდალმა, ასლან აბაშიძემ ბათუმის თეატრი გაარემონტა და თბილისიდან ცნობილი მსახიობები, დირიჟორები და მუსიკოსები მიიწვია. 

ასლან აბაშიძე მათი მხრიდან აღფრთოვანებულ შეძახილებს ელოდებოდა. დათვალიერების შემდეგ მის კითხვაზე, „მოგეწონათ“, მუსიკოსებმა და დირიჟორებმა უთხრეს: „ყველაფერი კარგია ბატონო ასლან, მაგრამ მთავარი აკლია - აკუსტიკაა ძალიან ცუდი“. 

აჭარის ფეოდალმა ბათუმის მაშინდელ მერს, ასლან სმირბას გადახედა გაბრაზებულმა (მას ებარა თეატრის რემონტი). 

სმირბამ კი, ფეოდალს მიუგო: „რა პრობლემაა ბატონო ასლან, ხვალვე გადავალ თურქეთში და ყველაზე კარგ აკუსტიკას გადმოვიტან“-ო.