• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

პრობლემების მოგვარება სინოდში და მარტვილის მერის გადაყენება - რა გარიგება შესთავაზა ივანიშვილმა მეუფე პეტრეს?

ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების მოგების მიზნით, ეკლესიის, ზვიად გამსახურდიას სახელისა და მეუფეების გამოყენებას ცდილობს. 

ოლიგარქი, რომელიც მენტალურად ვერ იტანდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია ვერ იტანდა ივანიშვილის საყვარელ რუსეთს, ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ და ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების წინ, უცებ “ზვიადისტი” გახდა.  

თუმცა, ივანიშვილმა ესეც არ იკმარა და ახლა მეუფეებს სთავაზობს გარიგებას, კალაძის კადრების გაწირვის, გახარიას გაძლიერებისა და სინოდში “საქმის მოგვარების” ხარჯზე. 

შეხვედრა მეუფე პეტრესთან 

“მე შემატყობინეს რომ ბატონ ბიძინას უნდა მოილოცოს ეპარქია და ტაძარი”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, რომელსაც მთელ სამეგრელოზე აქვს პოზიტიური გავლენა, გადაცემა “რეაქციაში”. 

წარმოიდგინეთ, ივანიშვილი, რომელიც აცხადებდა რომ “არ სჯერა გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების და მატერიალისტია”, არჩევნების წინ “მოსალოცად ჩადის ჭყონდიდში...

სინამდვილეში, ოლიგარქის ეპარქიაში მისვლის მიზანი, მეუფე პეტრეს გამოყენების მცდელობა და ზოგადად, საეკლესიო საკითხებით სპეკულირება იყო.

“ივანიშვილმა გარემოცვას უთხრა რომ თუ მეუფე პეტრე ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში მხარს დაუჭერს ქართული ოცნების კანდიდატს, ის გადადგომის შესახებ განცხადებას დააწერინებს მარტვილის მერსა და მის მოადგილეს, დავით სურმავას, რომლებსაც არ აქვთ კარგი დამოკიდებულება ეპარქიასთან”, - გვიყვება ჭყონდიდის ეპარქიასთან დაკავშირებული ერთერთი აქტიური პირი.  

მისი თქმით, მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა კახი კალაძის კადრად ითვლება. 

“საერთოდ, კალაძეს, თბილისის გარდა, კლანი გურიასა და სამეგრელოშიც ჰყავს. 

გურიაში მისი დასაყრდენი ილა კეჭაყმაძეა, აქ კი, ალექსანდრე გრიგალავა”.

მარტვილში უკვე ღიად მიანიშნებენ იმაზე რომ ზუგდიდის მერის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ივანიშვილი, რომელიც ურცხვად იყენებს ზვიად გამსახურდიას სახელს, გახარიასა და ოთარ დანელიას რჩევით, კახი კალაძის კადრების გაწირვას იწყებს - მეუფე პეტრეს გამოყენების მცდელობის პარალელურად. 

მეტიც: “ივანიშვილის თბილისში დაბრუნებისთანავე, მარტვილის მერის მოადგილეს, დავით სურმავას უთხრეს რომ მას გადადგომა მოუწევს. შემდეგი კი, გრიგალავა იქნება”, - ამის შესახებ უკვე ქართული ოცნების მარტვილის ორგანიზაციაში საუბრობენ.

თუმცა, მარტვილის მერისა და მისი მოადგილის გადაყენება არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც ივანიშვილმა მეუფე პეტრეს გარემოცვას შესთავაზა.

"ბატონმა ბიძინამ მეუფეს გარემოცვას აუხსნა რომ მხარდაჭერის შემთხვევაში მას სინოდსა და საპატრიარქოში პრობლემები აღარ ექნება”, - ამბობს მეუფე პეტრესთან დაახლოვებული ადგილობრივი მარტვილელი. 

მისი განცხადებით, ამის შესახებ ივანიშვილმა მეუფეს პირისპირ შეხვედრაზეც მიანიშნა, რასაც უხერხული დუმილი მოჰყვა. 

თუმცა, მისი თქმით, მინიშნებაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ მეუფე პეტრე, რომელსაც კონკრეტული პასუხი არ გაუცია, მიმხვდარიყო, თუ როგორ უხეშად ერევა ივანიშვილი სინოდისა და საპატრიარქოს საქმეებში.

როგორ მოიქცევა ჭყონდიდის მიტროპოლიტი ახლა, როცა მას ივანიშვილისაგან კონკრეტული შეთავაზება აქვს? 

მიიღებს თუ არა, ერთერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირი რუსეთში გამდიდრებული და რუსული მენტალიტეტის მქონე ოლიგარქის სახიფათო შეთავაზებას (რომელიც საერთოდ შლის ზღვარს სასულიერო და საერო საკითხებს შორის), ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

p.s: ამ სტატიის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში, პრესა.ჯის ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მარტვილის მერის მოადგილემ, დავით სურმავამ თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე ალექსანდრე ხურცილავა დაინიშნა.