• თბილისი
  • 28°C
  • 20 მაისი, 2019
article

ის დიდი კორუფციული სქემები და კომპანიები, რომლითაც ივანიშვილი და მისი კლანი წლიურად 3 მილიარდს შოულობს - ჩვენს ხარჯზე

ივანიშვილის კორუფციული იმპერიის ანატომია. 

ცოტა დღის წინ, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 59% ფიქრობს რომ გავრცელებულია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები. 

ამავე კვლევის მიხედვით, ის რესპონდენტები, რომლებიც თვლიან რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მიზანია: 

- ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება (91%), 

- საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (86%), 

- ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (79%), 

- სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (58%).

მეტიც, გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. 

გამოკითხულთა მხოლოდ 27% ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორუფციის ფაქტებს სათანადოდ იძიებს.

ამ კვლევიდან ცალსახაა, რომ საზოგადოება კარგად აღიქვამს გაზრდილი კორუფციის მასშტაბებს. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტულ სქემებსა და ფაქტებზე ნაკლები ინფორმაცია აქვს. 

კორუფციის ბევრ ფაქტზე ინფორმაციის მოპოვება რთულია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოში, ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა სქემური კორუფციის სისტემა, სადაც სქემაში მონაწილე ბზნესმენიც და სახელმწიფო მოხელეც კმაყოფილია. 

მსხვილ კორუფციულ სქემაში მონაწილე ყველა მხარე მაქსიმალურად ცდილობს არ გაჟონოს ინფორმაციამ. საზოგადოებისთვის კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ცნობილი ამ ფაქტების შესახებ, თუ რომელიმე ბიზნესმენი კორუფციული სქემიდან ამოვარდება. 

ან როდესაც ამა თუ იმ ბიზნესის მონოპოლიზცია მიმდინარეობს და ბაზრიდან გაძევებული ბიზნესმენი ღიად/ფარულად აწვდის ჟურნალისტებს ინფორმაციას, დიდი კორუფციული გარიგებების შესახებ.

აქტივები უფასოდ

ბიძინა ივანიშვილის კორუფციული საქმიანობის მთავარი მიმართულება ახალი აქტივების უფასოდ ან შეღავათიან ფასში შეძენაა. 

ბოლო 7 წლის განმავლობაში, მისი ბიზნეს იმპერიის აქტივები საქართველოში, 4- 5 მილიარდი  ლარით გაიზარდა. 

ახალი აქტივების შეძენის ფორმა: სახელმწიფოსგან ერთ ლარად ან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასში ქონების პრივატიზაციაა. 

ასევე, სახელმწიფოსგან საჭირო ლიცენზიების, ნებრათვების, ელექტროენერგიის ან სხვა სახელმწიფო რესურსების უფასოდ თუ შეღავათიან ფასში მიღებაა. 

მაგალითები: 2012 წლის შემდეგ, ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა 40 მლნ კვ მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწები აბაშაში, სენაკსა და კახეთში.

ასევე: თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ბიტკოინების ქარხნები გლდანსა და გორში, ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, წილები ლიბერთი ბანკში, თიბისიში, ჰაიდელბერგ-ცემენტში, 7 მშენებარე ჰიდროელექტროსადგური, პანორამა თბილისი, წილები სილქნეტში, აქსის თაუერსში, ინტერპლასტში, ბერტაში, ბათოილსა და სხვა მსხვილ ბიზნესებში. 

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შემდეგ, ივანიშვილი ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების მფლობელია ჩვენს ქვეყანაში. 

საქართველოში, ივანიშვილის საკუთრების ზუსტი ნუსხის დადგენა შეუძლებელია, რადგან ის აქტიურად იყენებს ოფშორულ კომპანიებსა და ფორმალურ პირებს საკუთარი ინტერესის შენიღბვისა და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. 

საინტერესო ფაქტი: ბიძინა ივანიშვილს, ამ მომენტამდე, როგორც ფიზიკურ პირს, არასდროს გადაუხდია გადასახადი საქართველოში მაშინ, როდესაც თითოეულ ჩვენგანს ერთ თეთრსაც არ გვპატიობენ. 

სქემები - ბიძინა ივანიშვილის კორუფციული იმპერიის ქვაკუთხედი

90-იანი წლების მდიდარი გამოცდილების მქონე ივანიშვილმა, ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე სწრაფი და იოლი გამდიდრების გზა ბიუჯეტის საზიანო და კანონის საწინააღმდეგო სქემებია. 

სქემაში მონაწილე ყველა მოთამაშე კმაყოფილია. ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე მინიმალური. სქემაში მონაწილე, კრიმინალურ საქმიანობაშია ჩაბმული, შესაბამისად, ამაზე საუბარი მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას გამოიწვევს. 

ისევ ფაქტები

- ფალსიფიცირებული სპირტის სქემა, რომელსაც ალექსანდრე და ადიკო ივანიშვილები კურირებენ, ძალიან ბანალური და მარტივია.

 საქართველოში შემოდის უცხოური წარმოების ხორბლის სპირტი, წლიურად დაახლოებით 32 მლნ დოლარის ღირებულების. 

მას ეცვლება საბუთები, ურევენ მიზერული რაოდენობის მარაგებში არსებულ ღვინის სპირტს და შესაბამისად: უცხოეთში გადის  100 მლნ ლარამდე ღირებულების საკონიაკე სპირტი, ბრენდი და აშ. 

შესაბამისად, საშუალოდ, 130 მლნ ლარი სუფთა მოგების სახით ყოველწლიურად ილექება ბიძინა ივანიშვილის ოჯახში, ქართული ოცნების „ობშიაკსა“ და ამ სქემაში ჩაბმული ბიზნესმენების ჯიბეებში.

- სიგარეტის სქემა. გასულ წელს ბიზნესმენ ოქუაშვილის მიერ წარმოდგენილ ფარულ ჩანაწერში ეს სქემა ძალიან კარგადაა აღწერილი. მისი საწარმო დაიკეტა, თუმცა, სიგარეტის სქემაში მონაწიეობაზე უარს, თავად ამ სქემისთვის საფრთხე არ შეუქმნია. 

ეს სქემა ახალია, სულ რამდენიმე თვეა მუშაობს და ჯერ ძნელია იმის თქმა, რა მასშტაბს მიაღწევს თანხის საერთო ოდენობა, მაგრამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ნადვილად მიდის ივანიშვილის კლანის ყულაბაში.

- გადაზიდვების სქემა. ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვაში ხელის მოთბობა ადვილია, საქართველოში ასეთ სქემებზე ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება. 

სომხეთში, ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებში მოსვლამ ცხადი გახადა რომ ნავთობპროდუქტების ტრანზიტი საქართველოს გავლით მხოლოდ ერთი კომპანიის მეშვეობითაა შესაძლებელი. 

სომეხი და მათი ქართველი ბიზნესპარტნიორების ნებისმიერი მცდელობა, განეხორციელებინა საქართველოს ტრანზიტი, ამაო გამოდგა. 

თუმცა გადაზიდვების სქემა მხოლოდ სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანზიტს არ გულისხმობს. ის ასევე მოიცავს შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანზიტსაც.

 ამ სქემიდან 110-120 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის და მისი ბიზნესპარტნიორების ჯიბეში მიედინება.

- ცემენტის სქემა:  ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ჰაიდელბერგ-ცემენტის 50%. ამ საწარმოს წილების შეძენიდან ძალიან მალე, ირანული და თურქული ცემენტის იმპორტს პრობლემები შეექმნა. 

ირანული და თურქული ცემენტის ფასი შედარებით იაფია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ხარისხით უკეთესია. ბუნებრივია, ირანული და თურქული ცემენტის არსებობა ქართულ ბაზარზე ამცირებს ბიძინა ივანიშვილის საწარმოს მოგებას. 

ამიტომ, ბაზარი თურქული და ირანული ცემენტისთვის დაიკეტა. ხოლო, ივანიშვილის საწარმოს წილი ბაზარზე - გაიზარდა.

შესაბამისად, გაიზარდა ოლიგარქის მოგებაც. დაზარალებული მხოლოდ მომხმარებელი და იმპორტიორები არიან. 

- ე წ. ჩინეთის სქემა: ჩინეთიდან პირდაპირ ან თურქეთის თუ აზერბაიჯანის გავლით უამრავი წვრილმანი საქონელი შემოდის. 

ჩინეთში, ინვოისების გაყალბების დიდი ტრადიციაა. შესაბამისად, ამ საქონლის შესაბამის საბაზრო ფასად განბაჟება, საბაჟოსთვის დიდი გამოწვევაა. 

ამიტომ, საქართველოს ფოსტის გავლით ძალაინ მარტივად შეიქმნა ახალი კორუფციული სქემა. ის ბიძინა ივანიშვილის და მისი ბიზნეს პარტნიორებისთვის დაახლ 40-50 მილიონის მომტანია წელიწადში.

- ელექტროენერგიის ტრანზიტი. თურქეთში ელექტროენერგიის დეფიციტია და ყოველწლიურად, 6.5 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს, მათ შორის რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. 

თავის მხრივ, ეს ორივე ქვეყანა საქართველოს გავლით ახორციელებს ელექტროენერგიის ტრანზიტს თურქეთში. 

ამ სქემაში რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკია ჩართული, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილიც. სქემა არ მოითხოვს არც განსაკუთრებულ ინვესტიციას და არც განსაკუთრებულ ძალისხმევას. 

საქართველოში მისი გატარება კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგოგადაცემის მეშვეობითაა შესაძლებელი, შესაბამისად, სათანადო წილი ბიძინა ივანიშვილის ჯიბესაც ავსებს.

სახელმწიფო შესყიდვები - ივანიშვილის კლანის გამდიდრების ადვილი შესაძლებლობა

- ჯანდაცვის ბიუჯეტის მეათედი ბიძინას და მის გუნდს. რამდენიმე წლის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ საზეიმოდ განაცხადა, რომ სადაზღვევო კომპანიენთან ტენდერის საფუძველზე კი არ მოხდებოდა ჯანდაცვის პროექტების დაფინანსება, არამედ, მას პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებები დააფინანსებდნენ... 

არადა, სადაზღვევო კომპანიები, სახელმწიფი რესურსს ტენდერის ანუ კონკურენციის საფუძველზე იღებდნენ. 

შესაბამისად, ისინი სამედიცინო დაწესებულების ხარჯების ოპტიმიზაციას ეფექტურად ახირციელებდნენ. 

თუმცა, ამ რგოლის ამოგდების შედეგად, სახელმწიფოს ხარჯები ძალიან გაიზარდა. გაიზარდა იმ პაციენტების ხარჯებიც, ვინც საკუთარი ფულით ან კერძო დაზღვევით აფინანსებს თავის მკურნალობას. მიზეზი კი მარტივია. 

შეუძლებელია ერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ ეფექტურად გააკონტროლოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული ხარჯები. 

ამიტომ, გადასახადის გადამხდელის ხარჯზე შემოღებულ იქნა მარტივი კრიტერიუმი -10 % „ატკატი“. 

შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულაბაც ბედნიერია, რადგან მას ხარჯებს არავინ არ უთვლის და ჩინოვნიკიც, რომლის ჯიბეც ივსება. 

ამ სქემით, დაახლოებით 100 მლნ ლარის მობილიზება ხდება ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების „ობშიაკის“ და სხვა ჩინოვნიკების სასარგებლოდ.

სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები - „ატკატის“  სამოთხე ქართველი ჩინოვნიკისთვის 

გასულ წელს, საქართველოს ინფრასტუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურში არაერთხელ დაიბარეს. გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, მას ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილე კომპანიებიდან ქრთამის აღებას ედავებოდნენ. 

ეს საქმე დღესაც არ დამთვავრებულა. ამის მიზეზი კი მარტივია -  დამკვიდრებული პრაქტიკა დღესაც გრძელდება. 

საგზაო კომპანიები, ტენდერის მოგების და გაწეული სამუშაოების უპრობლემოდ ჩაბარების სანაცვლოდ, პროექტის საერთო თანხის 5-15% უხდიან ამა ქვეყნის ძლიერებს. 

ამ ფორმით, ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების ყულაბაში მინიმუმ 150 მილიონი ლარი მობილიზდება ყოველწლიურად...

მენეჯმენტი კომფორტის სანაცვლოდ

იმისათვის, რომ სქემების, მონოპოლიების შექმნა გაადვილდეს, (სახელმწიფო შესყიდვებიდან წილის, ე.წ. ატკატის ან ამა თუ იმ კომპანიიდან შემოსავლის მიღება), ბიძინა ივანიშვილი ხშირად მიმართავს ყველაზე საყვარელ და ნაცად მეთოდს - უცხოელ ინვესტორს სთხოვს დანიშნოს მისი წარმომადგენელი საწარმოს დირექტორად.

ასე მაგალითად: რმჯ გოლდის ანუ ადრინდელი მადნეულის და კვარციტის დირექტორად, უჩა მამაცაშვილის გუნდის წარმომადგენელი დაინიშნა. 

შესაბამისად, ივანიშვილის და მამაცაშვილის ჯიბეში ათობით მილიონი ლარი მიედინება რმჯ-ს საწარმოებიდან.

რმჯ-ს უსაფრთხოების სამსახურს სუსი აკონტროლებს, რმჯ-ს მენეჯმენტი კი ქართული ოცნების სასარგებლოდ ახდენს ხმის მობილიზებას არჩევნების დროს და ოპოზიციის დევნას. 

ეს ძალიან კარგად იხილა შარშან საზოგადოებამ. სამაგიეროდ, რმჯ გოლდმაც მიიღო სარგებელი - საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად ააფეთქა და მრავალმილიონი მოგებაც წაიღო... 

მეტიც, მას არ ექმნება პრობლემები საგადასახადო სისტემასთან იმის მიუხედავად, გადაიხდის თუ არა, გადასახადს.

რაკიინ ჯორჯია

საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის, რაკიინ-საქართველოს დირექტორიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირია. 

მისი ამოცანაა კომპანიის ნაკადების სწორი განაწილება ბიძინა ივანიშვილსა და უცხოელ ინვესტორს შორის. 

ფერო და ჭიათურმანგანუმი

ამ ორიოდე წლის წინ, აქტიური შეტევა განხორციელდა ქართული ინდუსტრიის ერთერთ გიგანტზე - ზესტაფონის ფეროსა და ჭიათურმანგანუმზეც. 

ეს საწარმო უკრაინელ ინვესტორებს ეკუთვნით. სახელდებოდა წარმოუდლენელი რაოდენობის თანხა, დაახლ. 600 მლნ ლარი, რომელსაც სახელმწიფო ამ საწარმოს ედავებოდა. 

ამ მიზეზით, სახელმწიფომ ინვესტორის მიერ დანიშნული მენეჯმენტი გადააყენა და იქ თავისი დროებითი მმართველები დანიშნა. 

კითხვა: გადაუხადა თუ არა, ამ საწარმომ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი ბიუჯეტს? რა თქმა უნდა, არა. მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, ის აღარავის გახსენებია.

სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ამ საწარმოს მენეჯმენტს და  შესაბამისად, შემოსავლებზეც მიუწვდება ხელი. რეგიონში კი, ქართული ოცნების საარჩევნო ხმების მობილიზებაშიც იყენებს საწარმოს, სადაც საერთო ჯამში, 5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

ფოთის ინდუსტრიული ზონა

ფოთის ინდუსტრიული ზონის აქციების დიდი ნაწილი ჩინელ ინვესტორს ეკუთვნის, ამ საწარმოში არაპირდაპირი მოწილეები კი, ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხარტიშვილია. 

ამ საწარმოში მენჯმენტიც ასევე სრულიად „შემთხვევით“ ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა. აქ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც კი იყო დასაქმებული, ვიდრე პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ერთ მდინარეში შეცურავდა - მეორედ.

აზოტი

საერთაშორისო არბიტრაჟში ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს დავა აზოტის ყოფილ და დღევანდელ მეპატრონეებს შორის. 

ამ საწარმოს მენეჯმენტის სათავეში ის ადამიანია, ვინც ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი იყო ბიტკოინების ბიზნესში. დამთხვევა შემთხვევითია? 

საწარმო, არჩევნებზე ქართული ოცნების დომინაციისთვის ზრუნავს, ხოლო სანაცვლოდ, მას პრობლემები არ აქვს.

ნავთობი

ნავთობის ბიზნესის ერთერთი მთავარი მოთამაშე, ლუკოილ ჯორჯია ბიზნესის მთავარი მაყურებლის, ოთარ ფარცხალაძის დასაქმების ცენტრიცაა. 

ის, თანამდებობიდან გადადგომისთანავე გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. როგორც ამბობენ, მას კონფლიქტი მოუვიდა გენერალურ დირექტორთან, ზაზა ქათამაძესთან და შედეგად: ზაზა ქათამაძე სხვაგან გადაიყვანეს.

ეს  სია ამომწურავი არ არის, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება კიდევ ათობით ბიზნესის მენეჯმენტს აკონტროლებს, თუმცა სხვა საწარმოებზე სხვა დროს... 

დათმე ბიზნესი

ბიძინა ივანიშვილი, იმისათვის რომ სხვა მესაკუთრეების საწარმოთა მენეჯმენტში შევიდეს, ახალისებს და გარკვეულწილად, აიძულებს ქართველი ბიზნესმენებს, გაყიდონ ქონება უცხოელ ინვესტორებზე. 

ასე გაიყიდა ფოთის ნავთობპროდუქტების ტერმინალი როსნეფტზე, სათამაშო ბიზნესები და სხვა. 

ამ მეთოდით, ივანიშვილი რამდენიმე კურდღელს კლავს ერთდროულად. 

პირველ რიგში, ქართველ ბიზნესმენებს არ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი მოგება და შემდეგ გაუჩნდეთ პოლიტიკაში წასვლის ან ოპოზიციის დაფინანსების ცდუნება. 

(სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი მამუკა ხაზარაძის მიმართ ხელისუფლების კამპანიისა).

მეორე მხრივ, განსხვავებით ქართველი ინვესტორებისგან, უცხოელ ინვესტორს ადგილობრივი მენეჯმენტი სჭირდება, რომელსაც კარგი ურთიერთობა ექნება ხელისუფლებასთან. 

უცხოელების საკუთრებაში არსებულ საწარმოებში ადგილობროვი მენეჯმეტის დაკომპლექტება კი ხელისუფლებასთან და მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად ხდება. 

ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი მკაცრად აკონტროლებს რომ საქართველოში არ შემოვიდეს დიდი საერთაშორისო კორპორაციები. 

ისინი ნაკლებად მოწყვლადები არიან, ისინი აუცილებლად დანიშნავენ თავის მენეჯმენტს, ისინი არ დააფინანსებენ ხელისუფლებას ან არ შევლენ ხელისუფლების წევრებთან კორუფციულ სქემებში. 

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს დიდ საერთაშორისო ბიზნეს-კორპორაციებს სხვადასხვა წვრილი თუ საშუალო ფონდები ან ინვესტორები ურჩევნია რუსეთიდან, შუა აზიიდან და ირანიდან... 

სწორედ ამიტომ დატოვა ერთმანეთის მიყოლებით ქართული ბაზარი თელია სონერამ, HSBC-მ და სხვამ... ეს ძალიან საშიში ტენდეციაა. 

ჯერ ერთი, კორპორატიული მმართველობით ცნობილი საერთაშორისო კორპორაციების საქართველოს ბაზარზე არყოფნა ცუდი სიგნალია ინვესტორებისთვის. 

მეორეც, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი ბიზნესმენების ბაზარზე დაშვება არ ხდება, რაც ასევე აფერხებს ეკონომიკის განვითარებას.

თუმცა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისათვის პრიორიტეტი არა ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბესთან ბრძოლაა, არამედ, 3 მილიარდი ლარი წელიწადში - ეს სწორედ ის თანხაა, რასაც ოლიგარქი და მისი კლანი ამ კორუფციული სქემებით, ფულის გათეთრებით, სხვადასხვა ბიზნეს-კომბინაციებით, "ატკატებით", სახელმწიფო ქონების გაყიდვა-პრივატიზაციითა და საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით შოულობს ყოველწლიურად - ჩვენს ხარჯზე.


×