• თბილისი
  • 28°C
  • 20 მაისი, 2019
article

ქართული ოცნების შავი ფული და საიდუმლო „ობშიაკი“ - ათეულობით მილიონი ტროლებზე, სახელისუფლებო მედიაზე, ჩინოვნიკებსა და პარტიებზე

ე.წ. ქურდული სამყაროს მსგავსად, „ობშიაკი“ აქვს ქართულ ოცნებასაც. ეს არის არალეგალური ყულაბა, სადაც თავს იყრის ბიზნესმენების „შემოწირულობები“, „ატკატებიდან“ აღებული თანხებისა და სხვადასხვა კორუფციული გარიგებების შედეგად გადახდილი ხარკის დიდი ნაწილი. 

ეს არის შავი სალარო, საიდანაც ივანიშვილის რეჟიმი მის საცეცებს არალეგალურად აფინანსებს, რათა ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ეს არის ფინანსური ნაკადი, რომლითაც ყოველთვიურად დიდ ფულს იღებენ მაღალჩინოსნები - ივანიშვილისადმი ლოალობისა და მონური მორჩილების სანაცვლოდ.

ოცნების „ობშიაკი“ როგორც  პოლიტიკური დომინაციის ინსტრუმენტი

კორუფციული სქემებიდან და სახელმწიფო შესყიდვევის „ატკატებიდან“ შემოსავლის ნაწილი მიემართება ქართული ოცნების ე.წ. ობშიაკში. 

ბოლო ორი წელია ამ ობშიაკში ფულის შეტანას ასევე აიძულებენ მსხვილ ბიზნესმენებსაც. 

ყველა ის ბიზნესმენი, ვინც კორუფციულ  სქემაში მონაწილეობს, ასევე ისიც, ვინც სახელწიფო ტენდერებს იგებს ან პირდაპირი შესყიდვით ასრულებს სახელმწიფო თუ მუნიციპალურ პროექტებს, ვალდებულია ქართული ოცნების ობშიაკში გარკვეული შენატანი განახორციელოს. 

ქართული ოცნების ობშიაკში თავისი წვლილი იმ ბიზნესმენებსაც შეაქვთ, ვისაც გარკვეული პრობლემები მოუგვარა ხელისუფლებამ: საგადასახადო დავა, ლიცენზიის ან ნებართვის საკითხი და აშ. 

ბიზნესმენებისათვის ფულის „ახევა“  შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს. 

ზოგს ქართული ოცნების პარტიის ან მისი კანდიდატის სარჩევნო ფონდის ანგარიშზე არიცხინებენ თანხას; 

ზოგს საარჩევნო მიზნებისთვის გზის დაგებას ან სხვა სამუშაოს შესრულებას ავალებენ; 

ზოგი „ატკატს“ იხდის და ამ „ატკატის“ ნაწილი ოცნების შავ ყულაბაში ხვდება. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების პოპულარობა მცირდება, საარჩევნო ხარჯები კი, იზრდება. 

შესაბამისად, ამ ფორმით მიღებული შემოსავლები საკმარისი არ არის. 

ამიტომ, მსხვილ თუ საშულო ბიზნესს აიძულებენ გადაიხადოს „თავისუფალი სუნთქვის“ გადასახადი. 

თუ გინდა სტაბილურობა და თუ გსურს არ გაწუხებდეს ფინანსური პოლიცია, საგადასახადო თუ სხვა სამართალდამცავები ორგანოები, უნდა შეეწიო ქართული ოცნების ობშიაკს.

ამ შავ სალაროში აკუმულირებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებს ხმარდება. ამომრჩეველთა პირდაპირი მოსყიდვა (ფულის, კარტოფილის თუ სხვა პროდუქტის დარიგება), კოორდინატორების რეკორდული რაოდენობისთვის ხელფასის და გადაადგილების ხარჯები, ტროლების ფაბრიკების დაფინასება, სარეკლამო და კრეატიული პროდუქციის დამზადება...

ასევე, ხალხისთვის ე.წ. ვალების განულების პროგრამა უზარმაზარ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომელიც რეალურად, გადაიხადა არა ივანიშვილმა, არამედ - ქართული ოცნების ობშიაკმა.

ჩვენი ინფორმაციით, ქართულ ოცნებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 300 მილიონი დაუჯდა და ეს ხარჯები ქართული ოცნების შავი სალაროდან დაფინანსდა

თუმცა, დაფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილი აისახა ოფიციალურ საარჩევნო ფონდში. თავად ამ ოფიციალურ საარჩევნო ფონდის შევსებასთან დაკავშირებითაც უამრავი პრობლემა და დარღვევაა.

კერძოდ: საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს ერთ-ერთ ანგარიშში ვკითხულობთ:

„2017 წლის პირველი ივნისიდან პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულებების - 15 480 402 ლარის 91 პროცენტი (14 124 553 ლარი) „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებს.

…შპს „პოლიმერი“-სა და „პოლიმერი 1“-ის თანამფლობელმა ხუთმა ფიზიკურმა პირმა 2016-17 წლებში მმართველ პარტიას მთლიანობაში 400 000 ლარი შესწირეს. 

ეს ორი კომპანია იმით არის აღსანიშნავი, რომ ისინი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები არიან. 

ამ პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 29 სექტემბერს, შპს „პოლიმერი 1“-ს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 990 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა.

…მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, „ქართულ ოცნებას“ მთლიანობაში 50 000 ლარი შესწირეს შპს „ჯეუ გრუპი“-ს დირექტორებმა ,გიორგი მარკოიშვილმა და ნინო კიკაბიძემ. 

„ჯეუ გრუპი“ მსხვილი კომპანიაა, რომელიც ძირითადად თბილისში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. 

2015 წლიდან, „ჯეუ გრუპმა“ დაახლოებით 7 მლნ ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. 

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტენდერი ამ კომპანიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებიდან ორ თვეში მოიგო“.

თუნდაც ამ ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ არცერთ იურიდიულ პირს არ შეუწირავს თანხა მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის - ენმს-თვის. 

ცალსახაა ინტერესთა კონფლიქტი და კანონის მოთხოვნების დარღვევით ქართული ოცნების დაფინანსების ფაქტი. 

ასევე ქართული ოცნების მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც.

არჩევნები არ არის ქართული ოცნების ერთადერთი ხარჯი. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება მინისტრების, სუსის, პროკურატურის, თუ პოლიციის მაღალჩინოსნების, წამყვანი პარლამენტარების, მოსამართლეების, გუბერნატორების, ცესკოს ხელმძღვანელობის კონვერტებით გადახდილი შავი ხელფასია. 

ზოგიერთი მათგანის ყოველთვიური შავი ხელფასი 50 ათასი ლარსაც კი აღწევს. 

მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახლახანს გადამდგარი ეკონომიკის მინისტრი ერთერთ მაღალ გასამრჯელოს იღებდა.

შემდეგი მნიშვნელოვანი ხარჯი სამთავრობო მედიის და ტროლების ფაბრიკების დაფინანსებაა. წყარო მმართველი პარტიიდან ამბობს რომ ტელეკომპანია იმედი ქართული ოცნების შავი სალაროდან 15-20 მილიონ ლარს იღებს (ძირითადად დამფუძნებელ რუხაძის კომპანიების გავლით) - წლიურად. 

შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის პოსტ-ტვ კი, 3 მილიონ ლარამდე ფინანსდება - წელიწადში. 

მილიონობით ლარი იხარჯება ასობით ტროლების შენახვაზე, ასევე სხვადახვა ფეისბუქ გვერდებისთვის პროდუქციის შექმნასა და რეკლამირებზეც. 

2018 წელს მხოლოდ უცხოელ კონსულტანტებსა და PR ტექნოლოგებზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ივანიშვილის შავი ხაზინიდან ფინანსდება სატელიტი ოპოზიციური პარტიებიც. ასევე მნიშვნელოვანი თანხები ხმარდება ზოგიერთი ოპოზიციონერის შენახვას. 

თუმცა, დღეს უკვე ქართული ოცნების რეიტინგი და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ეცემა, შესაბამისად, პროპორციულად იზრდება მართველი პარტიის შავი ხაზინის ხარჯები. 

ქართულ ბიზნესს კი, მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი ხარჯები და წვლილიც გაიზრდება - ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერების საქმეში. 

ყველაზე სამწუხარო კი ისა რომ საბოლოო ჯამში, ეს მაინც საქართველოს მოქალაქეების დამცირებისა და გაღარიბების ხარჯზე ხდება. 

ბიზნესმენებისთვის გაკეთებული ე.წ. შეღავათი, „ატკატების“ სანაცვლოდ ან მათ მიერ სახელმწიფოსთვის მოპარულ ფულზე თვალის დახუჭვა ხომ სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებს ე.ი თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტად აღარიბებს.

P.S: რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებაში კატეგორიულად უარყოფენ შავი ფულისა და ობშიაკის არსებობას. მმართველი პარტიის წევრები ირწმუნებიან რომ ისინი ხალხზე ზრუნავენ და ყველაფერს მათი კეთილდღეობისათვის აკეთებენ. 

ქართული ოცნების ლიდერები იხსენებენ ივანიშვილის მიერ ე.წ. ქველმოქმედებაში დახარჯულ ორ მილიარდსაც. 

თუმცა, არაფერს ამბობენ იმაზე რომ ოლიგარქმა საქართველოს სახელმწიფოსა და მის ბიუჯეტს 2012 წლის შემდეგ 20 მილიარდი მოპარა, სხვადასხვა ბიზნეს-მონოპოლიების შექმნით, ქონების მითვისებისა და კორუფციული სქემების წყალობით.


×