• თბილისი
  • 34°C
  • 18 ივლისი, 2019
article

„ვფიქრობ, ამათ სპეციალურად დამიჭირეს, რომ კიდევ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს არეულობა“

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე დაპირისპირების პარალელურად მისი დაკავება ხეობაში ვითარების დაძაბვის მიზნით, განზრახ განხორციელდა. 

ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დარწმუნებულია, ხეობელებს მისი დაკავების შესახებ რომ გაეგოთ, ვითარება ბევრად უფრო დაიძაბებოდა. 

„მე გავემგზავრე, როგორც გადავცდი შუამთის წყაროს, იმავე ტერიტორიაზე დამხვდნენ პოლიციის მანქანები. გააჩერეს ჩემი მანქანა და მთხოვეს გადმოვსულიყავი მანქანიდან. ეს რომ გაეგოთ ხეობაში ამაზე დიდი არეულობა მოჰყვებოდა. მე მივდიოდი სიტუაციის დასალაგებლად, ამასობაში მე ვფიქრობ, ამათ სპეციალურად დამიჭირეს,რომ კიდევ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს არეულობა. ხეობაში ასვლა და გახარიასთვის ხელის ჩამორთმევა ჩემთვის იყო ტყვია ზურგში, მაგრამ მე ვიგრძენი, რომ ის ადამიანი სტუმარია, მაინც მივედი ჩამოვართვი ხელი, იმისთვის, რომ მეთხოვა გაეყვანა ეს ნაძირალა ხალხი აქედან, ნუ არევდნენ აქაურობას. ჯარი გაეყვანა და გამოეშვა დაკავებულები, არც საქართველოში მინდა არც ხეობაში მინდა ერთმანეთს დაჯახება,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.