• თბილისი
  • 34°C
  • 18 ივლისი, 2019
article

მარტვილის მერის ოჯახის კუთვნილ საამქროში 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - ალექსანდრე გრიგალავას პირველი კომენტარი

მარტვილის მერის ოჯახის კუთვნილ ქვის საამქროში, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 44 წლის მურთაზ კეკუტია გარდაიცვალა. 

ტრაგედია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მოხდა. 

44 წლის მურთაზ კეკუტია, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და გარდაიცვალა. 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქვის საამქრო რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს, კლიმენტი კეკუტიასა და მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგალავას შვილს, დავით გრიგალავას საკუთრებაა.

ოჯახმა, იმის გამო რომ გარდაცვლილი, ქვის საამქროს ერთერთი მფლობელის, კლიმენტი კეკუტიას ნათესავია, ექსპერტიზაზე უარი თქვა და მიცვალებული პირდაპირ სახლში გადაასვენა.  

პრესა.ჯი მომხდარი ტრაგედიის გამო მარტვილის მერს, ალექსანდრე გრიგალავას დაუკავშირდა. ის გამოძიებისკენ იშვერს ხელს და დეტალებზე საუბარს თავს არიდებს...

„პრესა.ჯი“: სოფელ სალხინოში, ქვის საამქროში, რომლის თანამფლობელი თქვენი შვილი, დავით გრიგალავაა, 44 წლის მურთაზ კეკუტია გარდაიცვალა, თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას?

ალექსანდრე გრიგალავა: ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალი საწარმო ფუნქციონირებს.  

აქედან გამომდინარე, ჩემი, როგორც ქალაქის მერის დამოკიდებულება ყველასთან ერთნაირია. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. 

- რატომ არ იყო ქვის საამქროში უსაფრთხოების ზომები დაცული?

- არ ვიცი, გითხარით, მიმდინარეობს გამოძიება და პასუხს სწორედ ის გასცემს ყველა კითხვაზე“...

მარტვილის მერი, ალექსანდრე გრიგალავა კახი კალაძის კადრია და ის დღემდე მისი მფარველობით სარგებლობს.