• თბილისი
  • 34°C
  • 18 ივლისი, 2019
article

შსს თბილისში დაგეგმილ LGBTQI პრაიდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მარში მშვიდობიანად ჩატარდება და მისი მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იქნება

"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში "ღირსების მარშის" ორგანიზებასთან დაკავშირებულ რისკებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს.

თბილისი პრაიდის ცნობით, შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და თითოეული გამომსვლელს უსაფრთხოება დაცული იყოს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად, სავარაუდოდ, მაისში გასაჯაროვდება.

"უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ "ღირსების მარშის" ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა, ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს", — ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

განცხადებაში გუნდი აღნიშნავს, რომ მათი მიზანია, საქართველოში თემის მიმღებლობა გაიზარდოს და უფლებრივი თანასწორობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას. მათივე თქმით, "ამის მისაღწევად გვერდში დგომა და ერთიანობა სჭირდებათ".

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.


თეგები :