• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების ნაცვლად, სუსი მოკლულის მამას იჭერს

სუსის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი. სუსში აცხადებენ რომ ამ ჩანაწერის მიხედვით,  მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტსა და სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მკვლელობას გეგმავდა. 

თუმცა, სუსს, რომელიც შემჩნეულია ჩანაწერების ფალსიფიცირებაში, აუდიო ჩანაწერის გარდა არ გაუვრცელებია არანაირი მტკიცებულება, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის მიერ ტერაქტირს მომზადებას დაადასტურებდა.

შესაბამისად, მხოლოდ აუდიო ჩანაწერი, თუნდაც ავთენტური, ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი იმისათვის რომ პირი ტერაქტის მომზადებაში დაადანაშაულო. ეს წესით თვით ქართული ოცნების არაკომპეტენტურმა კადრებმაც კი უნდა იცოდნენ - სუსში.

მეტიც, სუსს ამ დრომდე არ აუხსნია რატომ შეუვარდნენ 19 წლის ახალგაზრდა ბიჭს და რატომ მოკლეს საწოლში, საკონტროლო გასროლით.

ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეძიებინა 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობა, როგორც ჩანს, მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერაქტის მომზადებაში დადანაშაულება გადაწყვიტეს.

ცხადია, მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, ისევე როგორც მიუღებელია სუსის მიერ 19 წლის უდანაშაულო ბიჭის მკვლელობის საქმის მიჩქმალვა.

„ჩვენ სიცოცხლეს რა აზრი აქვს? მეც დავთხრი თვალებს ჩემი შვილის მკვლელს, იოსებ გოგაშვილს. 

ჩვენ არ ვართ ტერორისტები. პასუხს ვითხოვთ გვითხრან, რატომ მოგვიკლეს უდანაშაულო თემირლანი.

გოგაშვილი არის მკვლელი. მკვლელობის ბრძანება გასცა გომელაურმა. დღეს სუსთან მივედი და გომელაურთან შეხვედრას ვითხოვდი, მაგრამ არ შემიშვეს“, - ამბობს სუსის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი.

"ასეთი საუბარი საერთოდ არ ყოფილა. მე ვითხოვ დაიჭირონ ჩემი შვილის მკვლელები, ეს დანაშაული სახელმწიფოს აქვს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ, მაგრამ ეს არ მოხდება", - ასეთია მალხაზ მაჩალიკაშვილის კომენტარი სუსის მერ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერის შესახებ. 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად.

მოგეხსენებათ, რომ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობით მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების გარდა, ამ დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

გამოძიების ფარგლებში, ინფორმაციის გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა და ფოტო გადაღება.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. 

მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმავე მიზნით იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მისი ადვოკატების თხოვნა, გამოკითხვა 4 მაისის ნაცვლად, 7 მაისს ჩატარებულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე კვლავ უარი განაცხადა. შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას საქმის მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

P.S: ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ მდებარე კარავში იმყოფება. ის წელიწადნახევარია ქუჩაში ათევს ღამეს და 19 წლის შვილის, უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის სასტიკი მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. 

თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლება არ აპირებს გამოიძიოს სუსის მაღალჩინოსნების მონაწილეობით განხორციელებული მკვლელობა.