• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივნისი, 2019
article

დაბინძურებული ჰაერი საქართველოში 100 000-დან 101 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ პირველი თემატური მოკვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, სამშენებლო და ბუნებრივი მტვერი. ასევე პრობლემას წარმოადგენს მცენარეების ნაკლები რაოდენობა, ნაკლები ტენიანობა და ქუჩების მორწყვა, საწვავის ხარისხი და მისი მონიტორინგი.

კვლევაში ცალკე თავი ეთმობა ჰაერის დაბინძურების ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

“დაბინძურებულ ჰაერს არსებითი ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. გარემოსადმი მიყენებული ზიანი პირდაპირ აისახება საზოგადოებაზე და თანმდევი უარყოფითი შედეგები დროთა განმავლობაში ვლინდება. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 70­-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს რომ დაბინძურებული ჰაერი საქართველოში 100 000-დან 101 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშით გამოვლინდა დაბინძურების ორი ძირითადი წყარო ­ სტაციონარული და მოძრავი, ხოლო ძირითადი დამაბინძურებლებია მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), აზოტის დიოქსიდი (NO2), ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და ნახშირორჟანგი (CO).”, - წერია ანგარიშში. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა პრობლემურია და ამ თემის ირგვლივ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

„არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა, მათი უმრავლესობა არ არის ფაქტებით სათანადოდ დადასტურებული. ჩემი აზრით, თითოეული ინფორმაცია უნდა ემყარებოდეს საფუძვლიან კვლევებსა და ანალიზს. სათანადო რეაგირებისათვის კომიტეტს ესაჭიროება დასაბუთებული მოსაზრებები. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც კომიტეტი მზად არის, ყველა დაინტერესებული პირისგან მიიღოს მოსაზრება, ფაქტები და რეკომენდაციები ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით”, - ამბობს კუჭავა.  

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყველაზე ნაკლები ადამიანი იღუპება ფინეთსა და შვედეთში - 7 ადამიანი, ნორვეგიასა და ისლანდიაში - 8 ადამიანი, ასევე საფრანგეთში - 9 ადამიანი. რეგიონში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს - 63 ადამიანი, სომხეთს -54 და თურქეთს - 54. ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტი ადამიანის სიკვდილი მიზეზი სიერა ლეონეში ხდება - 324 ადამიანი, მეორე ადგილზეა ნიგერია - 307 ადამიანი.


თეგები :