• თბილისი
  • 30°C
  • 19 მაისი, 2019
article

ბექა ბოკუჩავა: ტრანსგენდერი ქალები საკმაოდ ბევრნი არიან ჩვენს ირგვლივ და მათზე ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ვინმეზე ეძალადოთ, მაგრამ მათზე ძალიან ბევრი ძალადობს, მათ შორის ისინიც, ვისაც ძალიანაც უნდა მათთან სექსი

სოციალური აქტივისტი ბექა ბოკუჩავა 17 მაისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან ბევრი ქალია ძალადობის მსხვერპლი დღემდე. 

ქალებს სუსტ და ნაკლებუფლებიან სქესად აღვიქვამთ. "მუჟიკს" ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება კაცი იყოს და ქალობა უნდოდეს, ამიტომ, ქალებთან ერთად, ძალიან დიდი ჩაგვრის მსხვერპლები არიან ტრანსგენდერი ქალებიც, რომლებიც საკმაოდ ბევრი არიან ჩვენ ირგვლივ და მათზე ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე კანონი დაერღვიოთ ან ვინმეზე ეძალადოთ. მაგრამ მათზე ძალიან ბევრი ძალადობს, მათ შორის ისიც, ვისაც ძალიანაც უნდა მათთან სექსი. 

ფემინურობის სიძულვილის გამო, სძულთ გეებიც, თუნდაც არაფემინური გეები. ქართველების დიდ ნაწილს ურჩევნია, ტყუილში იცხოვროს და არ აღიაროს მის ირგვლივ მცხოვრები უმცირესობები, რომლებსაც იგივე უფლებები აქვთ, როგორიც ჰეტეროებს და უმრავლესობას. მათაც ისევე. სტკივათ და უყვართ, როგორც უმრავლესობის გამორჩეულ ადამიანებს. ხშირად მეტადაც, რადგან მათ იციან, რას ნიშნავს იყო გარიყული, დამცირებული, ბოროტებად, ავადმყოფად, საშიშროებად აღქმული. ამბობენ: "არავინ ერჩითო", მაგრამ ვინმეზე რომ გაიგონ არატრადიციული ორიენტაციისაა, სამუდამოდ შეიძულებენ და იძალადებენ მასზე. 

ძალიან რთულია, მუდმივად დამალო საკუთარი თავი მხოლოდ იმის გამო, რომ მოძალადე ქვეყანაში ცხოვრობ და აქ უმრავლესობას გულზე არ ეხატები, თანაც არაფერი დაგიშავებია, მაგრამ მაინც არ ეხატები. 

ერთი დღე აქვთ - 17 მაისი და მასაც არვინ უთმობს, საპატრიარქომაც ხომ სპეციალურად დააწესა "ოჯახის სიწმინდის დღე", 1 დღეც კი არ შეარგო ლგბტქ თემს ეკლესიამ და მეტიც - ეს დღე ძალადობის და ზიზღის დღედ აქციეს, რაც პუტინის, ჩვენი მტრის, პოლიტიკის გატარებაა. 

17 მაისი უგუნურებს "პროპაგანდის" დღე ჰგონია, არადა არ სურთ აღიარონ, რომ ორიენტაცია ვირუსი არაა, რომ გადაგედოს. სულ რომ ყოველდღე პრაიდები ატაროს უმცირესობამ, თუ 100% ჰეტერო ხარ, შენში არაფერი შეიცვლება, მომოვალი თაობებისთვის კი მოძალადე მამები, ძმები, ბებიები, დედები უფრო საშიშია, ვიდრე ბედნიერებისთვის, თავისუფლებისთვის,თანასწორობისთვის, მებრძოლი ფერადი და უწყინარი ახალგაზრდების ქუჩაში თამამად სიარული. 

ჰეტეროობა არაა პრივილეგია. ჰეტეროობას არ სჭირდება დაცვა, რადგან ისედაც ნორმაა. უმცირესობა კი არაერთი გამოწვევის წინაშეა, უამრავი ადამიანი ნადგურდება ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ჰომოფობიურ კულტურაში, ისე რომ ხმასაც კი ვერ იღებენ, რადგან ორმაგად ჩაქოლავენ.

საპატრიარქო, რომელიც სიყვარულს, სიკეთეს, პატივისცემას უნდა ქადაგებდეს, გვევლინება ძალადობის ხელშემწყობ ორგანიზაციად, რომელიც გადაუვლის ყველას და ყველაფერს, ვინც მისნაირი არ არის. 

დროა, გავიაზროთ ერთმანეთის უფლებები. ყველას უნდა ჰქონდეს სქესის, ორიენტაციის, რწმენის, ეთნიკურობის მიუხედავად, ბედნიერების უფლება. 

ცხოვრება მართლა ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ერთმანეთი ასე დავხოცოთ და ვაწამოთ.  

ბედნიერი 17 მაისი, იმედია, არაფერი ცუდი არ მოხდება ხვალ. დავიღალეთ ამდენი სიძულვილით და ძალადობით ისედაც," - წერს ბექა.


თეგები :

×