• თბილისი
  • 30°C
  • 19 მაისი, 2019
article

ნიქო გორგილაძე: სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან! ცისარტყელა და მზე ანათებს ყველასთვის, განურჩევლად!

ლგბტქ აქტივისტი, ნიქო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ნებით თუ უნებლიედ, 17 მაისი ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად იქცა ჩემს ცხოვრებაში!

ერთი წელიც გასულა.

სათქმელი ძალიან ბევრია, მაგრამ თითოეული წინადადება, რომელსაც ვწერ, (იმ დღესა და შემდეგ დღეებზე, ვიდრე დღევანდლამდე), არის აღსავსე პათეტიკური პასაჟებით, ამბებითა და კადრებით, ძალიან პირადი განცდებით, იმგვარი ტკივილითა და ცოტაოდენი სიხარულით, რომელიც თან უნდა ატარო სულ და რომლის სხვებისთვის გაზიარებაც ძალიან ძნელი ყოფილა.

მიყვარს 2018 წლის 17 მაისის ნიქო, სრულიად გულწრფელი ბიჭი, რომელსაც სჯერა, რომ სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან, და მინდა, რომ სხვებს, რომელთაც იგივენაირად სჯერათ, არასდროს მოუწიოთ ამ რწმენის გამო, მიტოვება საკუთარი ქვეყნის, ოჯახის, მეგობრების, ძვირფასი ადგილების, მოგონებების, სუნების, გემოების, ზოგჯერ საკუთარი თავისაც! დაე, ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ და გამოხატონ თავიანთი თავი იმგვარად, როგორც სურთ და ამის გამო, არაფერი დაემუქროს მათ ყოველდღიურობას, ჯანმრთელობას, ძვირფას ადამიანებს...

როგორც არ უნდა იყოს დღეს და რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან! - ვერავინ და ვერაფერი აღუდგება წინ ამ იდეას! 

დიდი მადლობა და ბოდიში მათ, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში, "ავადმყოფის", "ცოდვილისა" და ჩაგრულის იარლიყი ატარეს და თავისი თავი და ცხოვრება შესწირეს იმას, რომ ამ სიტყვების თქმა შემძლებოდა! 

ნუ შეგეშინდებათ, თუკი თქვენი ფერი არ შეესაბამება გარშემო მყოფთა ფერებს, რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს, ამ წვიმას მომავალი არ აქვს, ასე რომ, ჯერ კიდევ წინ არის ცისარტყელა და მზე, რომელიც თანაბრად ანათებს ყველასთვის, განურჩევლად!

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება!" - წერს ნიქო.


თეგები :

×