• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

„ამ საქმეს ევრო-სასამართლოში ჩავიტან და შევქმნი პრეცედენტს რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ გადებოს ჟურნალისტის უკანონო დაკავება და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა“ - გიორგი კაპანაძე დაკავების დეტალების, უკანონო ბრძანებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების შესახებ

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ (Itv.ge, Presa.ge, Droni.ge) დირექტორი გიორგი კაპანაძე, მერის შუალედური არჩევნების დროს, ზუგდიდში, კერძოდ, სოფელ რუხის მიმდებარე ტერიტორიაზე  უკანონოდ დააკავეს. 

გიორგი კაპანაძე ადგილზე გადამღებ ჯგუფთან ერთად, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა, რომლის განხორციელების უფლებაც  პოლიციამ შეუზღუდა და უკანონოდ დააკავა. 

რა მოხდა რეალურად, გიორგი კაპანაძე დეტალებზე საუბრობს.

Presa.ge: რა ვითარებაში მოხდა თქვენი დაკავება?

გიორგი კაპანაძე: „ITV.GE-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდი ქალაქ ზუგიდიში შუალედური არჩევნების დღეს. კონკრეტულად ვიყავი სოფელ რუხის მიმდებარე გზაზე, იქ შევნიშნეთ პოლიციის მანქანები და გადმოვედით გადასაღებად. 

გვქონდა ინფორმაცია, რომ ქალაქში გადაადგილდებოდნენ პოლიციის მანქანები. ეს მანქანები დატვირთულნი იყვნენ სხვადასხვა სპეციალური აღჭურვილობით, რომელიც მიტინგებისა და მასობრივი დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენება.

ამიტომ, გვაინტერესებდა ხომ არ ემზადებოდა ხელისუფლება მსგავსი ღონისძიების ჩასატარებლად. 

სწორედ ამ კითხვით მიმართა ჩვენმა ჟურნალისტმა ერთ-ერთ პოლიციელს, რის შემდეგაც დაახლოებით 10-დან 15-მდე პოლიცელი მოგროვდა იმ ადგილას, მომაქციეს ალყაში... ერთ-ერთმა კი ზურგში ხელი მკრა და მითხრა თუ რატომ ვაყენებდი მათ შეურაცხყოფას. 

ცხადია, მათთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, რაც ჩანს კიდევაც ვიდეოკადრებში.

პოლიციელებმა მოაწყვეს პროვოკაცია. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გაგა კირკიტაძე, ასევე იქ იმყოფებოდნენ თბილისის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც. 

დამაკავეს სრულიად უკანონოდ, ხელი შემიშალეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ჩამტენეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს, გზაში მიღებდნენ ვიდეოებს და ჩემთვის გაურკევევლ პიროვნებას უგზავნიდნენ. 

- იყო თუ არა, თქვენი დაკავება წინასწარ ორგანიზებული?

- დიახ, ეს იყო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ქმედება. ფაქტობრივად, ქუჩიდან გამაქრეს. ვიდექი ჩემთვის და იმის გამო, რომ არაფერს ვაშავებდი, დამაკავეს, ჩამტენეს მანქანაში და წამიყვანეს. 

რამდენიმე საათის შემდეგ ჩამიყვანეს ფოთის პოლიციაში, სადაც ამიხსნეს, რომ თურმე დაკავებული ვყოფილვარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა 166-ე და 173-ე მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას. 

რეალურად  კი, მსგავსი არაფერი ჩამიდენია, რაც ასევე დასტურდება დაკავების უწყვეტი ვიდეოკადრებით. შესაბამისად, ეს იყო უკანონო დაკავება, ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა და უკანონო ჩხრეკა. 

მათი მიზანი იყო, რომ ხელში ჩაეგდოთ ჩემი მობილური ტელეფონი. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ გადაემოწმებინათ ჩემთვის ინფორმაციის მომწოდებელი წყაროები. თუმცა, დაკავების მომენტში ტელეფონი ჩემს ჟურნალისტს, სუზი მკრტიჩიანს მივაწოდე. მანქანაში რომ ჩამტენეს, ერთ-ერთი პოლიციელი ყვიროდა ტელეფონი წავართვათო, მაგრამ როდესაც აღმოაჩინეს, რომ თან არ მქონდა, ძალიან ინერვიულეს. 

- რომ არ ყოფილიყო ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს  თუ რა ვითარებაში გაკავებენ, რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში?

- რომ არ ყოფილიყო ის  ვიდეოკადრები, რომელიც შემდეგ დაუმონტაჟებლად,  სრული სახით გამოქვეყნდა, წამიყენებდნენ ბევრად მძიმე ბრალდებას. ანუ, დამაბრალებდნენ ბევრად მძიმე დანაშაულს. 

ერთ-ერთი პოლიციელი დაკავების მთელ ამ პროცესს თავადვე იღებდა, თუმცა, პოლიციას დღემდე  არ გამოუქვეყნებია ჩემი დაკავების ამსახველი კადრები, რადგან  მათ მიერ გადაღებული ვიდეოდანაც დადასტურდება, რომ პოლიციამ  უბრალოდ, დანაშაული ჩაიდინა. 

პოლიციელებმა შეასრულეს უკანონო ბრძანება, რაც დასჯადია და დაისჯებიან კიდევაც ამის გამო. 

- თქვენი დაკავების მიზეზების შესახებ სხვადასხვა ვერსია იყო, თქვენ რას თვლით უმთავრეს მიზეზად?

- იყო რამდენიმე მიზეზი, მაგალითად: მობილური ტელეფონის წართმევა წყაროს გაშიფრვის მიზნით, საარჩევნო პროცესიდან ჩემი ჩამოშორება, რადგან მე ჩემს ჯგუფებთან ერთად გადავაადგილდებოდი ზუგდიდის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე და ვაფიქსირებდით დარღვევებს. 

ხოლო თუ მე დამაკავებდნენ, მედიის რაღაც ნაწილი პარალიზებული იქნებოდა, რაც ნაწილობრივ მოახერხეს, ასევე, ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, ლიდერების, პოლიტიკური პარტიების და ა.შ. 

ამასთან, დაკავების ერთ-ერთ მიზეზად განვიხილავ ჩემ ჩამოშორებას აქტიური ჟურნალისტური საქმიანობიდან, დაშინებასა და დაშანტაჟებას. 

მიზეზების მთელი ერთობლიობა ჰქონდა ხელისუფლებას, მაგრამ ვერ შეძლო მიზნის მიღწევა, რადგან არსებობდა რეალობის ამსახველი კადრები. გავრცელდა ისეთი უწყვეტი და დაუმონტაჟებელი კადრები, რომლის ნახვის შემდეგ, ყველაზე ღრმა „ქოციც“ კი დარწმუნდება, რომ მე უკანონოდ დამაკავეს. 

- რას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- აღნიშნულ ფაქტზე მივმართე სახალხო დამცველს, დღეს შევხვდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  წარმომადგენლებს. ცოტა ხნის წინ ასევე შევიტანე განცხადება პროკურატურაში.

- რას ელოდებით პროკურატურისაგან?

- ველოდები, რომ  დაიწყებენ გამოძიებას. ველოდები დამნაშავე პოლიციელების დასჯას, პოლიციელებისგან ჩვენების მიცემას, მათ შორის იმაზე, თუ ვინ გასცა ჩემი დაკავების უკანონო ბრძანება. 

თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ ბრძანება გასცა შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ, რომელმაც კონსულტაცია გიორგი გახარიასთან გაირა. უკანონო ბრძანება კი შეასრულეს თბილისის პოლიციის მთავრი სამმართველოს უფრისის, გაგა კირკიტაძის ხელმძღვანელობით. 

დარწმუნებული ვარ, რომ სამივე მათგანს მოუწევს აგოს პასუხი ამ უკანონო დაკავებასთან და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით. 

მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა დამნაშავეებს არ დააკავებს. არ მგონია, რომ ამ საქმეს სრულად გამოიძიებენ. თუმცა, მზად ვარ ეს საქმე ჩავიტანო ევრო-სასამართლოში და შევქმნა პრეცენდენტი იმისა, რომ ვერც მოქმედმა და ვერც მომავალმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს ჟურნალისტების უკანონო დაკავება და მათი საქმიანობისთვის  ხელის შეშლა. 

როგორც გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, მის უკანონო დაკავებაში მონაწილეობას იღებდა, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გაგა კირკიტაძე. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით. 

Presa.ge-ს კითხვაზე, იღებდა თუ არა, მონაწილეობას ის გიორგი კაპანაძის უკანონო დაკავებაში, გაგა კირკიტაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განცხადება გაავრცელა და დამატებით ვერაფერს გვეტყოდა.

რაც შეეხება იმას, თუ ვის უკანონო დავალებას ასრულებდა გაგა კირკიტაძე და რატომ ჩაიდინა დანაშაული გიორგი კაპანაძის უკანონო დაკავების დროს, თბილისის პოლიციის უფროსმა ამ კითხვას თავი აარიდა და ტელეფონი გათიშა.