• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

ინიციატივა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის შესახებ და 100 კორუმპირებული ჩინოვნიკი ხელისუფლებიდან

სახელმწიფო ჩინოვნიკები და მაღალი თანამდებობის პირები, კორუფციაში შესაძლო დადანაშაულების თავიდან აცილების მოტივით, ხშირად ქონებას მალავენ და თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას რეალურ შემოსავლებსა და ქონებას სრულად არ უთითებენ.

ამავე დროს, არ არსებობის ამა თუ იმ თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის კანონით განსაზღვრული ეფექტური გადამოწმების მექანიზმი. 

შესაბამისად, თუ მაღალი თანამდებობის პირი კორუფციული ხასიათის ქონებას დამალავს და მას დეკლარაციაში არ მიუთითებს, ეს ფაქტი, შესაძლოა, მხოლოდ მედიის დაინტერესების შემთხვევაში გამოვლინდეს. 

თუმცა, მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოცნების არც ერთი ჩინოვნიკი ქონების დამალვის გამო არ დასჯილა, რაც თვალნათლივ მიუთითებს ერთი მხრივ, მოძველებულ კანონზე და მეორე მხრივ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის აუცილებლობაზე. 

ფორმალობა, რომელიც არ მუშაობს...

1997 წელს მიღებული ინტერესთა  შეუთავსებობის და კორუფციის შესახებ კანონი თავის დროზე წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 

ამ კანონმა, მაღალი თანამდებობის პირები დაავალდებულა საჯარო გაეხადათ საკუთარი შემოსავლები და წარედგინათ ქონებრივი დეკლარაციები. 

ამავე კანონმა აკრძალა ინტერესთა შეუთავსებლობა - ანუ პირადი მიზნებით საკუთარი თანამდებობის გამოყენება. 

თუმცა, ამ კანონის მიღებიდან 22 წელი გავიდა და დღეს ის სრულყოფილად ვეღარ ასრულებს თავის დანიშნულებას. 

საქართველოში კლეპტოკრატიული რეჟიმი ჩამოყალიბდა, სადაც ჩინოვნიკს ეპატიება ყველაფერი, თუკი არჩევნებში დაეხმარება მმართველ პარტიას და გაახანგძლივებს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, რომელიც ძირითადად ორ ფაქტორს: კორუფციასა და კრიმინალს ეფუძნება.

შესაბამისად, ქონებრივი ხასიათის დეკლარაციების წარდგენა ერთგვარ ფორმალურად იქცა. არ არსებობს მასში აღნიშნული მონაცემების გადამოწმების სტრუქტურული და სავალდებულო მექანიზმი. 

არავინ დასჯილა არასწორი მონაცემების წარდგენისთვის. ხოლო ჩინოვნიკები აგრძელებენ დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების დაგროვებას.

ასეთ ვითარებაში, კორუფციული ხასიათისა და დამალული ქონების გამო, მაღალი თანამდებობის პირებს სავარაუდოდ, არც მომავალში მოსთხოვენ პასუხს.

სამართალდამცავი ორგანების წარმომადგენლები (რომლებსაც დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების მქონე სახელმწიფო მოხელეების გამოვლენა ევალებათ), არ არიან დაინტერესებულნი გამოავლინონ ის ჩინოვნიკები, რომლებმაც ქონება კორუფციული გზით დააგროვეს.

რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში, მათი უმრავლესობა თავად ფლობს საეჭვო ხასიათის უძრავ-მოძრავ ქონებას.

რა უნდა გაკეთდეს?

აუცილებელია შეიქმნას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმი. 

მაგალითად: უკრაინაში რამდენიმე წლის წინ მიიღეს კანონი, რომელიც შესაძლებლობას ქმნის რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ გადაამოწმოს ყველა ჩინოვნიკის მიერ წარდგენილი დეკლარაცია, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და აშ. 

საქართველოში სახელმწიფო ორგანოებისთვის ასეთი ფუნქციის მიცემა ან ახალი ორგანოს შექმნა არაეფექტური იქნება. 

ამიტომ, უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სამოქალაქო მონიტორინგის საბჭო, რომელშიც 3 წევრს დანიშნავს საპარლამენტო უმრავლესობა, 3 წევრს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, ხოლო ერთ წევრს - საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. 

ამ საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და მათი კანდიდატის შერჩევა გამჭვირვალე კონკურსით უნდა მოხდეს.

სამოქალაქო მონიტორინგის საბჭოს უფლება უნდა ჰქონდეს მოსთხოვოს ჩინოვნიკებს და მათი ოჯახის წევრებს - ყველა გასავლის და შემოსავლის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები; 

- საზღვრის კვეთის დოკუმენტები; 

- პოლიციიდან გამოითხოვოს მათი დაჯარიმების დამადასტურებელი დოკუმენტები;

- საჭიროების შემთხვევაში მიიღოს საჯარო და სამოქალაქო რეესტრიდან ყველა აუცილებელი მონაცემი;

- ჩინოვნიკს უნდა აეკრძალოს 100 ლარზე მაღალი საჩუქრის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მჩუქებელი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია;

- 1000  ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის შემთხვევაში მჩუქებელმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის შემოსავლების და ქონების დეკლარაცია;

- ჩინოვნიკი ვალდებულია მიუთითოს არის თუ არა ის ან მისი ოჯახის წევრი რომელიმე კომპანიის ბენეფიციარი;

- რადგან საჯარო მოხეების პირადი საიდუმლოების დაცვის განსხვავებული სტანდარტი არსებობს, საქართველოში მოქმედი ყველა სახელმწიფო დაწესებულება თუ კერძო საწარმო ვალდებულია გასცეს ნებისმიერ პირზე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე (სასწავლო დაწესებულებები, ჯანდაცვის ობიექტები, სასტუმროები და აშ);

ეს ცვილებები შესაძლებლობას მისცემს სამოქალაქო სექტორს და მედიას მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩინოვნიკების საქმიანობასა და კეთილსინდისიერებაზე. 

ამავე დროს, უნდა გამკაცრდეს სანქციები იმ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც მტკიცებულებათა ერთობლიობით არადეკლარირებული ქონების ფაქტი და მისი დამალვა დაუმტკიცდებათ.

სხვა შემთხვევაში, საქართველოს ტოტალური კორუფცია წალეკავს, რასაც ბოლო წლების სოციოლოგიური კვლევები და კორუფციის გაზრდილი ინდექსიც ადასტურებს.

P.S: ამ მომენტისთვის 77 ათას 637 ახალი დეკლარაცია იძებნება. თუმცა, იმის გამო რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს არავინ ამოწმებს, თანამდებობის პირთა ნაწილი შემოსავლებს უბრალოდ, მალავს. 

ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც 400 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს და ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს - მაღალი თანამდებობის პირების საეჭვოდ და კორუფციული გზებით გამდიდრების პარალელურად.

მეტი ილუსტრაციისათვის, ჩვენი გუნდი მუშაობს თემაზე და უახლოეს ხანში გამოვაქვეყნებთ 100-მდე კორუმპირებული ჩინოვნიკის ვინაობასა და მათ ქონებას, რომელიც კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებს არსებულ მძიმე რეალობასა და ცვლილებების აუცილებლობას.