• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

იმედის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს

ბრიტანულმა სასამართლომ უარი თქვა ირაკლი რუხაძის ადვოკატების სარჩელზე, 2018 წლის ნოემბერში, მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

კერძოდ: 2019 წლის 12 მარტს, ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი რუხაძისა და Hunnewell Partners-ის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც განამტკიცა 2018 წლის პირველ ნოემბერს მიღებული გადაწყცეტილება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია Salford Capital Partners Inteational-ს მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინეს.

"მოსამართლემ საკუთარ განაჩენში სწორად დაადგინა, რომ აპლიკანტებმა დაარღვიეს ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციარული) ვალდებულება. მოსამართლემ აპლიკანტთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, მისი ანალიზი და დასაბუთება არავითარ სამართლებრივ ნაკლოვანებას და ხარვეზს არ შეიცავს" - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლორდი ჯულიან ფლო.

შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ პალატაში, მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გასული წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელისუფლებო მედიის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს საშუალოდ 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. 

სასამართლო დავა, რომელიც 2018 წლის ნოემბერში ირაკლი რუხაძის სრული გამტყუნებით დასრულდა, ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მართვის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. 

მოსარჩელე მხარე რუხაძესა და მის კომპანიას ჯამში 500 მილიონს ედავებოდა, თუმცა, ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა რომ იმედის მფლობელმა ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესიმპერია 350 მილიონი დოლარით აზარალა.

"აქტივების ფაქტობრივმა განმკარგავმა, ირაკლი რუხაძემ ის ვალდებულებები დაარღვია, რომლებსაც მას კომპანია Salford Capital Partners-ის დირექტორის პოსტი აკისრებდა. 

ირაკლი რუხაძე მოქმედებდა Salford-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შევიდა კონსპირაციაში მის წინააღმდეგ, რითაც პრაქტიკულად ხელში ჩაიგდო იმ აქტივების მართვა, რასაც წარსულში ბადრი პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი, იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners Inteational-ი განკარგავდა", - წერია მოსამართლე სარა კოკერილის 2018 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რომლის სისწორეც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლორდმა ჯულიან ფლომაც დაადასტურა 2019  წლის 12 მარტს.

მაშინ, ლონდონში გამართულ სასამართლოში, სარა კოკერილის წინაშე ჩვენებები მისცეს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ, Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ, Salford Capital Partners-ის CEO-მ იუჯინ ჯაფმა და სხვებმა. 

სწორედ ეს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული რუხაძის ადვოკატებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ - ბრიტანულმა სააპელაციო სასამართლომ რუხაძის ადვოკატების სასარჩელო მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

ცოტა რამ Salford-ზე

Salford Capital Partners-ი 2001 წელს პატარკაციშვილ-ბერეზოვსკის ფინანსური რესურსის განკარგვისთვის შეიქმნა. 

Salford-ის CEO და 100%-იანი წილის მფლობელი იუჯინ ჯაფია. 

იუჯინ ჯაფმა (იგივე ევგენი იოფემ) საბჭოთა კავშირი 1989 წელს დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. 

1996 წელს მან ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობდა. 

ის პატარკაციშვილმა მოსკოვიდან გაქცევის შემდეგ გაიცნო და საკუთარი ბიზნესიმპერიის უსაფრთხოების დაცვა შესთავაზა.

იმ დროს, როდესაც პატარკაციშვილსა და მის პარტნიორ ბერეზოვსკის პუტინთან ურთიერთობა დაეძაბა, მთავარ საზრუნავს მისი ქონების უსაფრთხოება წარმოადგენდა. 

რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების რისკი არსებობდა. 

ამიტომ შეიქმნა Salford Capital Partners Inteational-ი.

თავის მხრივ, არსებობს Salford-ის დაქვემდებარებული კომპანია Value Discovery Partners-ი (VDP) . 

VDP - ეს  პარტნიორობის სახით დაფუძნებული კორპორაციაა, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმე იურიდიული პირისგან შედგება. 

VDP-ის შემადგენლობაში შემავალი პარტნიორი კომპანია 2004 წელს გიბრალტარში დაფუძნებული კომპანია New World Value Fund-ია. 

აი, ეს კომპანია ფლობდა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს.

VDP-ის სტრუქტურა ისე იყო შექმნილი, რომ მის  აქტივებთან პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკის შემხებლობა გასაიდუმლოებული ყოფილიყო. 

პატარკაციშვილის ბიზნესიმპერიას ოფისები ჰქონდა ბელგრადში, მოსკოვსა და თბილისში, რომელსაც მისი გარდაცვალების მომენტში იმედის ამჟამინდელი მფლობელი, ირაკლი რუხაძე მართავდა. 

ხოლო, გავლენიან მილიარდერებთან კავშირის მიუხედევად, SCPI კუთვნილი აქტივების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა.

2008 წლის თებერვლის მდგომარეობით, SCPI-ის აქტივები ოთხ ქვეყანაში (სერბეთი, საქართველო, რუსეთი და უკრაინა) არსებობდა, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. მათ შორის, უშუალოდ VDP-ის აქტივების ღირებულება 320 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ირაკლი რუხაძე Salfrod საქართველოს ხელმძღვანელობდა, ის ანგარიშვალდებული მისი უშუალო უფროსის, იუჯინ ჯაფის მიმართ იყო.

რუხაძეს სწორედ პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივების მითვისებასა და უკანონდ დაუფლებაში ედავებოდნენ. 

განაჩენში ვკითხულობთ რომ 2009 წლის დეკემბერში ირაკლი რუხაძემ Salford-ში თანამდებობა დატოვა. თუმცა, მანამდე ზიანი მიაყენა კომპანიას, რომელსაც ის მართავდა. 

სასამართლომ დაადგინა...

სარა კოკერილის გადაწყვეტილებაში წერია რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2004 წელს მიიღეს კანონი BVI კომპანიების შესახებ, რომლის მიხედვითაც “კომპანიის დირექტორი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. მთელი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე”. 

რუხაძეს აღნიშნული ვალდებულებები ჰქონდა კომპანიისადმი, როდესაც ის პატარკაციშვილების ოჯახს ქონების აღდგენის სერვისს სთავაზობდა.

ამავდროულად, რუხაძეს, როგორც SCPI-ის ერთ-ერთ აღმასრულებელს, კომპანიის მიმართ Fiduciary Duties-ი მართებდა. 

Fiduciary Duties-ი არის კომპანიის მენეჯერთა, ტრასტის მონაწილეთა ვალდებულება, იმოქმედონ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყონ მის ზრდას და განვითარებას. 

ეს ნორმები მოიცავს ვალდებულებებს ინტერესთა კონფლიქტების ელიმინაციისა და კომპანიის საერთო მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალობის დაცვის მიზნით.

Fiduciary Duties-ი აღიარებული სამართლებრივი ნორმაა და ის განმტკიცებულია ბრიტანული სასამართლო სისტემის მრავალი პრეცედენტით. 

სარა კოკერილი ასკვნის, რომ ირაკლი რუხაძეს, როგორც SCPI-ის ტოპ-მენეჯერს ამ ვალდებულებათა დაცვა აუცილებლად მართებდა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ირაკლი რუხაძის მიერ პოსტიდან გადადგომისას დასახელებული არგუმენტი, რომ ეს საგადასახადო მიზეზებს უკავშირდებოდა, კითხვის ნიშნებს აღძრავს. 

ამავდროულად, სასამართლო თვლის, რომ რუხაძეს ასეთი ვალდებულებები ჰქონდა კომპანია Recovery Partners-ის წინაშეც.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ირაკლი რუხაძემ მოდავე მხარეს წაართვა შესაძლებლობა, თავად განეხორციელებინა ქონების აღდგენის სერვისი, თანაც ამით დაარღვია Fiduciary Duties-ი, რომელიც მას SCPI-ის Recovery Partners-ისა და Revoker-ის წინაშე ჰქონდა. 

სასამართლომ ამ ვალდებულების დარღვევა დაადგინა რუხაძის დანარჩენი პარტნიორების მიმართაც, იგორ ალექსეევის შემთხვევაში კომპანიების SCPI-ისა და Revoker-ის წინაშე, ხოლო ბენ მარსონის შემთხვევაში მხოლოდ Revoker-ის მიმართ. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძის გადადგომა საკუთარი კომპანიისთვის კონკურენციის გაწევას ისახავდა მიზნად.

იუჯინ ჯაფსა და ირაკლი რუხაძეს შორის სასამართლო პროცესი 2018 წლის ნომებრის გადაწყვეტილებით არ დასრულებულა. 

სასამართლო განხილვებმა მეორე ფაზაში გადაინაცვლა იმის დასადგენად, თუ რა დაკარგა Salford-მა, Hunnewell Partners-ის ქმედებების შედეგად და რა ეკონომიკურ აქტივებზე მოიპოვეს წვდომა მოპასუხეებმა უკანონოდ. 

მიყენებული ზარალის შეფასებისა და აღწერის შემდეგ გადაწყდა რომ რუხაძის Hunnewell Partners-ს, Salford-ის სასარგებლოდ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, რადგან მისი საკასაციო საჩივარი ზემდგომმა სასამართლო ინსტანციამ არ დააკმაყოფილა.

პატარკაციშვილების ოჯახის ქონების განსაკუთრებული სიდიდიდან გამომდინარე, ამ და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, ათობით და ასობით მილიონის ღირებულების აქტივის ბედი გადაწყვიტოს.

რუხაძე და ივანიშვილი 

ირაკლი რუხაძე, რომელიც ბრიტანულმა სასამართლომ ასობით მილიონი დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა, საქართველოში სახელისუფლებო მედიის მფლობელია. 

ამავე დროს, რუხაძე არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მთავარი პარტნიორი საბანკო სფეროში.

კერძოდ, როგორც ცნობილია, ივანიშვილი ლიბერთი და ქართუ ბანკების გაერთიანებას გეგმავს, სადაც რუხაძე მისი მარჯვენა ხელი და პარტნიორი იქნება. 

შესაბამისად, იკვეთება ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხიც. 

როგორ შეიძლება საქართველოში სიდიდით მესამე ბანკის მფლობელი ისეთი ადამიანი იყოს, რომელსაც ბრიტანულმა სასამართლომ ამხელა თანხის ანაზღაურება დაავალა სხვისი კუთვნილი აქტივების მითვისების გამო?

გვაქვს იმის გარანტია რომ რუხაძე არ მიითვისებს მეანაბრეთა ფულსა და ქონებას, როგორც ეს, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სალფორდის შემთხვევაში გააკეთა?

თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილს ეს არ ანაღვლებს, რადგან მისი კრიმინალური თუ მაფიოზური წარსულიდან გამომდინარე, ოლიგარქი პარტნიორებად თაღლითებსა და გადამგდებებს ირჩევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: არსებული მონაცემებით, ირაკლი რუხაძეს საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი, მითუმეტეს 350 მილიონი დოლარის აქტივები არ გააჩნია. 

შესაბამისად, როდესაც ბრიტანული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულება დაიწყება, გამორიცხული არ არის რომ მას საქართველოში კუთვნილი ქონების გასხვისება მოუწიოს.

ხოლო თუ ასე მოხდება, საინტერესოა, რა ბედის ელის და ვის ხელში აღმოჩნდება სახელისუფლებო მედია - ტელეკომპანია იმედი?

P.S: სავარაუდოდ, ხელისუფლების ხელი ურევია იმ ბიზნეს-აქტივების წართმევაშიც, რომლის გამოც სასამართლო პროცესები უკვე დასასრულს უახლოვდება.

კვალიფიციური იურისტების აზრით, იგივე შედეგით დასრულდება bgo-სთან დაწყებული დავაც, რომელსაც აქტივების წართმევის გამო, ასევე სოლიდურ თანხას ედავება ბიზნესმენი რომან ფიფია.

წარმოებაშია ომეგა ჯგუფის პრეზიდენტის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელიც, მისთვის ბიზნეს-აქტივების წართმევასთან დაკავშირებით, რომელშიც ბიზნესმენის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, ოთარ ფარცხალაძე და გიორგი გახარია მონაწილეობდნენ.

მსხვილი ბიზნეს-აქტივების წართმევის გამო, უცხოელი იურისტების დახმარებითა და მტკიცებულებათა ერთობლიობის გათვალისწინებით, ასევე სერიოზული დავა წამოიწყო პარლამენტის წევრმა, გელა მიქაძემ.

დიდი ალბათობით, ბიზნეს-დავა, რომელსაც პარლამენტის წევრი აწარმოებს, მის სასარგებლოდ გადაწყდება.

გამორიცხული არ არის რომ ამ სასამართლოების დასრულების შემდეგ, ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესში ახალი ეტაპი და საინტერესო ცვლილებები დაიწყოს, რადგან ჯამში საქმე მილიარდ დოლარზე მეტი კომპენსაციის მოთხოვნას ეხება. 

ასეთი მნიშვნელოვანი მოლოდინებიდან გამომდინარე, რა პრევენციულ ზომებს მიმართავს საქართველოს მთავრობა, რომლის მავნებლობამ და მარწუხებმა ბიზნესზე, შესაძლოა ქართული ეკონომიკა ბოლომდე დაასამაროს?