• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

იმედი ქართული ოცნების პარტიული ტელევიზია ხდება, ირაკლი რუხაძეს შესაძლოა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოუწიოს - ცვლილებები არხზე

ტელეკომპანია იმედი ქართული ოცნების პარტიული ტელევიზია ხდება. ოლიგარქის გადაწყვეტილებით, არხი ქართული ოცნების ერთერთ იდეოლოგს, შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს ჩააბარეს, რომელიც არასოდეს მავალდა თავის პოზიტიურ დამოკიდებულებას რუსული ფსბ-სადმი.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ახლა უკვე გამოკვეთილი პრორუსი, ლაშა ნაცვლიშვილი იქნება პასუხისმგებელი ოლიგარქ ივანიშვილთან ყველა იმ სიტყვასა თუ ინფორმაციაზე, რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერით გაჟღერდება. 

ივანიშვილის დავალებით, იმედი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სრულად უნდა დაექვემდებაროს ქართული ოცნების პარტიულ ხაზსს.

არხზე ივანიშვილისადმი უკიდურესი ლოიალობით გამორჩეული კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნიკა ლალიაშვილი მიავლინეს, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მომხრეა - ე.წ. ცილისწამების შესახებ სახიფათო კანონის მიღებით, რომლითაც რეჟიმს საშუალება უნდა მიეცეს დასაჯოს ურჩი ჟურნალისტები.

მანამდე კი, იმედში დირექტორად ივანიშვილის ძველი კადრი, მეცხრე არხის ყოფილი ხელმღვანელი, ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, ვანო ჩხარტიშვილის ახლო მეგობარია.

რუხაძის საქმე...

არხზე მიმდინარე ცვლილებები და ერთგვარი რეორგანიზაცია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის ფინანსურ და იურიდიულ პრობლემებს უკავშირდება.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ  2019 წლის 12 მარტს, ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი რუხაძისა და Hunnewell Partners-ის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც განამტკიცა 2018 წლის პირველ ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია Salford Capital Partners Inteational-ს მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინეს.

ირაკლი რუხაძემ ვერ გააბათილა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ პალატაში, მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გასული წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, რომლიდან გამომდინარეც საქართველოს სახელისუფლებო მედიის მფლობელს, საშუალოდ 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივების მიტაცების გამო.

შესაბამისად, ძალაში დარჩა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ პალატაში, მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გასული წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება. 

მოსარჩელე მხარე რუხაძესა და მის კომპანიას ჯამში 500 მილიონს ედავებოდა, თუმცა, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესიმპერია 350 მილიონი დოლარით აზარალეს.

რამდენიმე ასეულ მილიონიანი აქტივები კი, რუხაძეს მხოლოდ საქართველოში აქვს და თუ მის მიმართ აღსრულების პროცესი დაიწყება, არის რისკი რომ ეს აქტივები ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის ხელში გადავიდეს, რომელმაც მასთან დავა მეუღლის გარდაცვალების შემდე დაიწყო.

თუმცა, რუხაძის ფინანსური და იურიდიული პრობლემები საკუთარი ბიზნეს და პარტიული მიზნებისათვის უკვე გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა.

მან, როგორც ჩანს, რუხაძესთან გარიგების ფარგლებში, არხზე პარტიული ფუნქციონერები მიავლინა, რითაც ისედაც მორჩილი იმედი კიდევ უფრო მეტად დაიმორჩილა.

სამეთვალყურეო საბჭო

დოკუმენტების მიხედვით, არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ირაკლი რუხაძე.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე, კობა კვანტალიანი, სერგეი იორშიკოვი, ზურაბ კერვალიშვილი, ია პატარკაციშვილი და ლიანა ჟმოტოვა.

სამეთვალყურეო საბჭო და პარტნიორთა კრება არხის მმართველობის უმაღლესი ორგანოა, სადაც ასევე მოსალოდნელია ცვლილებები - რუხაძეს შესაძლოა, მალე თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუწიოს.