• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

რისი ეშინია ივანიშვილს ყველაზე მეტად?

"ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით უგებს ერთი კანდიდატი", - განაცხადა ოლიგარქმა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ, მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის დროს, სადაც მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი კახაძე და ევროპული საქართველოს ფავორიტი შავგულიძე უპირისპირდებიან. 

რეჟიმის არაფორმალური ლიდერის განცხადებით: "ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად.

დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ... ქართული ოცნების კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს".

რა იმალება ივანიშვილის  ამ კომენტარის უკან?

ოლიგარქი, რომლის რეჟიმის პირობებში სიღარიბე, უმუშევრობა და უიმედობა გაიზარდა, ხოლო მილიონზე მეტი თანამოქალაქე უპერსპექტივობის გამო ქვეყნიდან გაიქცა, გვეუბნება რომ მთავარია "ყველაფერი მიდიოდეს კულტურულად". 

ანუ მას შეუძლია გააყალბოს არჩევნები, დააშინოს ამომრჩეველი, მოისყიდოს კრიმინალები, გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, თავზე გადაგვახიოს კანონი, მიიტაცოს ხელისუფლება… 

თუმცა, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პროტესტზე, მიტინგზე, წინააღმდეგობაზე… 

სამწუხაროდ, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ევროპულ საქართველოს ავიწყდება რომ ივანიშვილის რეჟიმისათვის მომაკვდინებელი არ არის ოპონირება "პარკეტზე", რადგან ერთია რეალობა და მეორეა შედეგი, რომელსაც ის ყოველ არჩევნებზე აღწევს გაყალბებითა და ფინანსური რესურსით. 

ივანიშვილის რეჟიმი ყველაზე მეტად უფრთხის ხალხის პროტესტს, რადგან სწორედ ეს არის ის გზა, რომლის ლეგიტიმურად გამოყენების შემთხვევაში, ოლიგარქია, უბრალოდ, იმსხვრევა…

ოლიგარქები ხელისუფლებიდან თავისით არ მიდიან. მათ ან ხალხი აგდებს (იანუკოვიჩის შემთხვევა) ან საერთაშორისო ვითარებას + ძლიერი და არასტანდარტული კანდიდატი + ანგარიშების გაყინვის შიში (პოროშენკოს შემთხვევა).

ივანიშვილიც არ წავა თავისი ნებით. პირიქით, ყოველთვის ეცდება მიიტაცოს ხელისუფლება თუ არ დაინახავს გაბრაზებული ხალხის ერთობას პირადად მისი კომფორტის ზონის სიახლოვეს. 

შესაბამისად: მოგვიწევს დავიბრუნოთ წართმეული და მიტაცებული  საქართველო და გამოვიყენოთ როგორც იანუკოვიჩის ისე პოროშენკოს და თუნდაც სარგსიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორების გამოცდილება.

პარალელურად კი, აუცილებელია მივიღოთ კანონი ოლიგარქიის შესახებ, რომელიც არც ერთ ოლიგარქს აღარ მისცემს საშუალებას ჩაერიოს პოლიტიკაში - პირდაპირი თუ ირიბი წესით. 

2012 წლიდან დღემდე ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა გვაჩვენა რომ თუ არჩევნებს არჩევნების დღემდე არ მოიგებ, მას აუცილებლად წაგართმევს რუსული და აკრძალული მეთოდებით მოქმედი ოლიგარქი.

ხოლო ობიექტურად და სამართლიანად გაბრაზებული ხალხის ერთობის შემთხვევაში, პუტინის რეჟიმის ერთგულ ივანიშვილს, 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების დროს მხოლოდ ორი გზა ექნება:

ა) წავიდეს პოროშენკოს გზით და მოიპოვოს დენდროპარკში ცხოვრების, ხეების ჩახუტების უფლება. 

ბ) წავიდეს იანუკოვიჩის გზით და გაიქცეს თავის მენტალურ სამშობლო რუსეთში ან საფრანგეთში, რომლის მოქალაქეობა, ისევე როგორც ქონების დიდი ნაწილი, თაღლითობით აქვს მოპოვებული. 


თეგები :

ივანიშვილი