• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

ბავშვების წინაშე ერთი მშობლის მიერ მეორის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება სასამართლომ ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა - მამას ბავშვებთან 30 დღით მიახლოვება აეკრძალა

სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. 

"ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივი დახმარების მიზნით მომართა დედამ, რომლის გადმოცემითაც, ბავშვების მამამ ის შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები. დედამ მიიჩნია, რომ ფაქტი წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეატყობინა სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი.

მომხდარის შემდეგ, მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში. ამის საფუძველზე, დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა გამოსცა კიდეც შემაკავებელი ორდერები. მამის მხრიდან საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერების გასაჩივრების შემდეგ კი, პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები", - წერია განცხადებაში.

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გაიზიარა ორგანიზაციის იურისტების პოზიცია, მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.


თეგები :