• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

600 მილიონი ლარი, რომელიც ივანიშვილის გაზრდილი მადის გამო დავკარგეთ

დიდი კორუფცია, გაწყვეტილი კონტრაქტი და კლანური მმართველობა ნავთობის გადაზიდვების ბიზნესსა და საქართველოს რკინიგზაში. 

ქვეყნის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი ერთი მხრივ, გაკოტრების პირასაა, მეორე მხრივ კი, ივანიშვილის ოჯახური კლანის ინტერესებზეა მორგებული.

ცუდი მენეჯმენტის, არაკვალიფიციური გადაწყვეტილებებისა და რაც მთავარია, ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო, ქვეყანა წლიურად საშუალოდ 600 მილიონ ლარს ჰკარგავს, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ბევრი სოციალური პრობლემის გადაჭრა შეიძლებოდა.

ილუსტრაციისათვის: 2017 წელი, საქართველოს რკინიგზამ, რომელიც შევარდნაძის უკიდურესად კორუმპირებული რეჟიმის დროსაც კი მომგებიანი სახელმწიფო ობიექტი იყო, 354 მილიონიანი ზარალით დაასრულა. მიზეზი კორუფცია და სახელმწიფო ინტერესების პირად მიზნებზე დახურდავებაა. 

ივანიშვილის გაზრდილი მადა და საყვარელი დეიდაშვილი

რატომ ამთავრებს საქართველოს რკინიგზა კოლოსალური წაგებით ყოველ საფინანსო წელს? სხვა კორუფციული სქემების მიღმა ამის ერთერთი მიზეზი არის ივანიშვილის გაზრდილი მადა.

ოლიგარქი, უჩა მამაცაშვილის მეშვეობით პირდაპირ ითხოვს რომ საქართველოს რკინიგზიდან მას პირადად მიუვიდეს მაფიოზური წილი  ნავთობის გადაზიდვის გადასახადიდან, რამაც მნიშვნელოვანწილად შეამცირა ტვირთბრუნვა. 

მაგალითად: წლების წინ, საქართველო, საშუალოდ, 9-დან 12 მილიონ ტონა ნედლ ნავთობამდე  გადაზიდავდა რკინიგზის გამოყენებით. 

თუმცა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 4 მილიონ ტონამდე შემცირდა, რამაც ცხადია, დიდი ფინანსური დანაკარგებიც გამოიწვია. 

კერძოდ: აზერბაიჯანულმა მხარემ მოიზიდა ახალი ტვირთი-თურქმენული ნავთობი და 2016 წელს 1.3 მილიონი ტონა გადაიზიდა საქართველოს რკინიგზის და პორტების მეშვეობით. 

ამის შემდეგ კი, 2017 წელს, საქართველოსა და თურქმენეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, წელიწადში 1,5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი უნდა განხორციელებულიყო - საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით. 

მაშინ, "ჯორჯია ტრანზიტის" დირექტორი, დავით ჩირაძე და "კასპიან ტრანზიტის" გენერალური დირექტორი ღვამბერია ირწმუნებოდა რომ დადებული კონტრაქტით, რომელიც სამწლიანი იყო, საქართველოს ბიუჯეტი 60 მილიონით შეივსებოდა. 

შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის გავლით ჯამში 4,5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი უნდა გატარებულიყო.

ოფიციოზის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტერმინალებსა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში დასაქმების საკითხსაც. 

თუმცა, ქართული მხარის, კერძოდ კი, ივანიშვილის  სიხარბის გამო ამ კონტრაქტის გაგრძელება ვერ მოხერხდა და დღეს თურქმენული ნავთობი საქართველოს ნაცვლად რუსული პორტებით გადაიზიდება. 

ივანიშვილის კლანმა თურქმენულ მხარეს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა და საქართველოს დერეფნის გამოყენების სანაცვლოდ დამატებით 15 მილიონის გადახდა მოსთხოვეს, რამაც შეთანხმების გაუქმება და ტვირთების შემცირება გამოიწვია. 

აღსანიშნავია რომ საშუალოდ, 1 ტონა ნავთობის გადაზიდვისას საქართველო იღებს 32 დოლარს, საიდანაც 12 რჩევა რკინიგზას და დაახლოებით 20, პორტებსა და ტერმინალებს.

შესაბამისად, თურქმენულის გარდა, ზოგადად, მარტო ნავთობის ტვირთის შემცირების გამო, საქართველომ უკვე დაკარგა 225-250 მლნ აშშ დოლარი ანუ საშუალოდ 600 მლნ ლარი, რომლითაც შეიძლებოდა როგორც მაგალითად, პენსიის გაზრდა, ისე სიღარიბის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა სოციალური საკითხების გადაჭრა - მისი გონივრულად გამოყენების შემთხვევაში.

აღსანიშნავია რომ სამი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოდან მხოლოდ აზერბაიჯანს შესწევს ნავთობის შიდა მოთხოვნების საკუთარი რესურსით დაკმაყოფილების უნარი. საქართველო და სომხეთი კი, ენერგომატარებლების იმპორტზე არიან დამოკიდებულნი...

P.S: საქართველოს რკინიგზას წლების განმავლობაში მართავდა პრემიერი ბახტაძე და მის გაკოტრებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ მას აქვს შეტანილი. 

ამჟამად, რკინიგზის დირექტორი დავით ფერაძეა. ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უჩა მამაცაშვილის თვალი და ყური რკინიგზაში - კოკა გუნცაძეა, რომელიც მედიასთან არ ჩნდება და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. 


თეგები :

ნავთობი