• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2019
article

სკანდალი: დეპუტატ გელა მიქაძის დაკავებაში კახი კალაძეს 4 მილიონი დოლარი გადაუხადეს?

"ძვირფასო ჯიმ, ვწუხვარ ამ საშინელი ინფორმაციის გამო. 

მინდოდა მეკითხა, ხომ ვერ გაიხსენებდით განხორციელებულ გადახდებს კომპანიებში - RAKIA, IDO (ან სხვა ნებისმიერ კომპანიაში) 2013 წლის მეორე ნახევარში ან 2014 წელს (ან ნებისმიერ დროს) აქციების დაბრუნების მიზნით?

მითხრეს, რომ RAK-მა გადაუხადა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი უკრაინელ პირს, რომელიც მოქმედებდა და მუშაობდა როგორც შუამავალი, საქართველოში, ერთ-ერთ გავლენიან პირთან" - ეს არის 2016 წლის იმეილ-მიმოწერის ფრაგმენტი, რომელმაც შესაძლოა, თბილისის ამჟამინდელი მერი, კახი კალაძე ბრალდებულის სკამამდე მიიყვანოს.  

რამდენიმე კვირის წინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ ექსკლუზიურად გამოქვეყნებული იმეილ-მიმოწერიდან გაჩნდა ვარაუდი რომ რაკია ჯგუფმა, საქართველოში სადავო აქტივების დასაბრუნებლად 4 მილიონი დოლარი მართლაც გადაუხადა ერთერთ უკრაინელ პირს - 2013-2014 წლებში.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ თავის მხრივ, იმ უკრაინელმა პირმა, 4 მილიონი დოლარი ერთერთ ქართველ მინისტრს გადასცა. 

მილიონები ბიზნესმენის დაკავების სანაცვლოდ 

2013 წლის 9 ივნისს 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება) რაკია ჯორჯიას ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გელა მიქაძე დააკავეს.

ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო 2013 წლის 14 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო როგორც მიქაძის, ისე მისი მშობლებისა და მეუღლის უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის წილებს სხვადასხვა კომპანიებში და საბანკო ანგარიშებს.

წარდგენილი ბრალდება შეეხებოდა არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი საემიროს - რას ალ ხაიმას შეიხის დაქვემდებარებაში მყოფი არაბული კომპანიების ("რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო" (იგივე რაკია) და "რახიინ დეველოპმენტი") მიერ დაფუძნებულ შპს „რაკიინ დეველოპმენტის", შპს „რას ალ ხაიმა აუტორიტი ჯორჯიას" და შპს „რაკია ჯორჯიას თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან" სხვადასხვა ოდენობის წილების გასხვისებას „ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი-ზე" და „მენლაინ პროჯექსტს ელ-ელ-ფი-ზე.

თუმცა, რეალურად, ბიზნესმენ გელა მიქაძის დაკავების მიზანი, რომელმაც ციხეს თავი დააღწია და ახლა მოქმედი დეპუტატია, მისი შევიწროვება, მასზე ზეწოლის განხორციელება და ჩინოვნიკების პირადი ინტერესები იყო, რაშიც ჩვენს მიერ გამოქვეყნებული იმეილ-მიმოწერის თანახმად, 4 მილიონი დოლარი მისცეს უკრაინელ პირს, ქართველ მაღალჩინოსანზე გადასაცემდ. 

მაშინ, ამ ამბის გასაჯაროვებისთანაცე დაისვა კითხვა: ვინ იყო ის უკრაინელი პირი, რომელსაც რაკიამ 4 მილიონი დოლარი მისცა და რაც მთავარია, ვინ არის საქართველოს ხელისუფლების ერთერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც მილიონები აიღო კონკრეტული დავალების შესასრულებლად?

კომპანია რაკიაში მომუშავე წყარო გვატყობინებს რომ ეს უკრაინელი პირი ბიზნესმენი გაბოვიჩია, ხოლო ქართველი მაღალჩინოსანი, რომელმაც დიდი ალბათობით მისგან მილიონები აიღო, თბილისის ამჟამინდელი მერი, კახი კალაძე, რომელიც 2013-2014 წლებში ანუ ფულის სავარაუდო გადაცემის მომენტში, ენერგეტიკის მინისტრი იყო.

4 მილიონის გადახდას შედეგად გელა მიქაძის დაკავება უნდა მოჰყოლოდა, რაც განხორციელდა კიდეც საქართველოს ხელისუფლების მიერ - ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. 

აღსანიშნავია რომ ბიზნესმენი გაბოვიჩები, რომელთაგან ერთერთს, ჩვენთვის მოწოდებილი ინფორმაციის თანახმად, ქართველ მღალჩინოსანზე გადასაცემად 4 მილიონი მისცეს, კახი კალაძის უკრაინულ კომპანიებში ფიგურირებენ როგორც პარტნიორები. 

კერძოდ: თბილისის მერი უკრაინაში ორ კომპანიას ფლობს (იუკა და ნესტ გრუპი) და ორივეში, მეწილეებად გაბოვიჩები (იულიან და მარინა) ჰყავს მითითებული. 

დიდი ალბათობით, კალაძე ამ კომპანიებს ფულის გასათეთრებლად და არალეგალური შემოსავლების დასამალადაც იყენებს. 

კალაძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში თითქმის ყოველ წელს მითითებულია სოლიდური თანხა, როგორც ამ უკრაინული კომპანიებისგან მიღებული დივიდენდი. 

კერძოდ: 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში, სადაც 2014 წლის შემოსავლებზეა საუბარი, ვკითხულობთ რომ კალაძემ კომპანია იუკასგან (იქ 50 პროცენტიან წილს ფლობს), 550 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო ნესტ გრუპისგან (რომელშიც მისი საკუთრება 33 პროცენტია), 420 ათასი ევრო. 

შესაძლებელია თუ არა, 2014 წელს ამ უკრაინულ კომპანიებს კალაძისთვის ამხელა მოგება მოეტანა? 

ხომ არ არის ეს თანხები (550 ათასი დოლარი და 420 ათასი ევრო) ზუსტად იმ 4 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელიც გაბოვიჩს ქართველ მაღალჩინოსანზე გადასაცემად მისცეს ბიზნესმენ გელა მიქაძეზე რეპრესიული მანქანის წარმატებით ამუშავების სანაცვლოდ? 

ამ კითხვებზე პასუხი, შესაძლოა, მისივე დეკლარაციებში იყოს.

მაგალითად: 2018 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში, კახი კალაძეს უწერია, რომ კიევში რეგისტრირებული შპს "ნესტ გრუპიდან", სადაც ის 50 პროცენტს ფლობს, ხოლო მისი პარტნიორი მარინა გაბოვიჩია, 2017 წელს, მოგების სახით 280 ათასი ევრო მიიღო.

ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და აღმოჩნდა რომ 2017 წლის "ნესტ გრუპის" მთლიანი მოგება, ოფიციალურად, დაახლოებით 500 ათასი გრივნა იყო, რაც საშუალოდ, სულ რაღაც 20 ათასი დოლარია. 

შესაბამისად, კალაძე 280 ათას ევროს ვერაფრით ვერ მიიღებდა მოგების სახით ამ კომპანიისგან. 

იგივე ხდება მის მეორე კომპანიაშიც. 

"პრესა.ჯი“-მ გაარკვია რომ 2017 წელს, დაბეგვრამდე, "იუკამ" 21 მლნ გრივნა გამოიმუშავა, რაც საშუალოდ 815 ათასი დოლარია. 

უკრაინაში არსებული საგადასახადო ტვირთისა და აუცილებელი გადასახადების გათვალისწინებით, 815 ათასი დოლარიდან, დაახლოებით 500 ათასი დოლარი უნდა განაწილებულიყო პარტნიორებზე - დივიდენდის სახით.

დეკლარაციის მიხედვით, კალაძე "იუკაში" წილის მესამედს - 33 პროცენტს ფლობს (დანარჩენს იულიან გაბოვიჩი). 

შესაბამისად, მას, თავისი წილის გათვალისწინებით, 500 ათასიდან მესამედი ანუ 166 ათას 666 დოლარი შეხვდებოდა. 

მიუხედავად ამისა, კალაძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში უწერია რომ მან ამ კომპანიისაგან 2017 წელს 470 ათასი დოლარი მიიღო.

ხოლო თუ თბილისის ამჟამინდელმა მერმა უკრაინული კომპანიები 2017 წლის არალეგალური შემოსავლების გასათეთრებლად გამოიყენა, რატომ არ შეიძლება იგივე გაეკეთებინა 2013-2014 წლების არალეგალური შემოსავლების შემთხვევაშიც? 

კახი კალაძე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მედიას კი, ხშირად დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

თუმცა, კითხვებზე, რომელიც კახი კალაძესთან, 4 მილიონი დოლარის სკანდალთან და გელა მიქაძის (ის ამჟამად მოქმედი დეპუტატია) დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხები ალბათ მიუკერძოებელმა გამოძიებამ და სამართლიანმა სასამართლომ უნდა გასცეს და არა, იმ კორუმპირებულმა სისტემამ, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა და სადაც ბიუროკრატი, იქნება ეს მერი, მინისტრი თუ პროკურორი, ყოველთვის მართალია.