• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

TV „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილი ომზე გადაღებულ ფილმს აპროტესტებს

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების ნაწილი ამავე არხის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმს აპროტესტებს.

ჟურნალისტები Facebook-ის გვერდზე ერთნაირ ტექსტს აქვეყნებენ და წერენ, რომ ემიჯნებიან ფილმის "ერთ-ერთ მთავარ ხაზს". 

"არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!"- წერენ ჟურნალისტები: ნანა ლეჟავა, ნანუკა ქაჯაია, ნატალია მახვილაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, ლევან კვატაშიძე, ნათია სონღულაშვილი და სხვები.

ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ტვ „იმედის“ მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ უავტორო ფილმზე, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს".


თეგები :