• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

ნინო ლომჯარია: ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების გარიყვის მოწოდებები სტიგმას აძლიერებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პეკინის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც გამვლელმა მცირეწლოვან ბავშვს დანით ჭრილობა მიაყენა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მომხდარის შეფასებისას, სოც. ქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა გარიყვისა და იზოლაციის შესახებ, რაც პრობლემურია.

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას.

საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემის დროული გამოვლენის სირთულესთან ერთად, საკითხზე არასწორი მსჯელობის შესაძლებლობებს აჩენს და ხელს უწყობს არსებული ტაბუს გაძლიერებას. ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება ოჯახების მხრიდან უგულებელყოფა და თანამდგომთა ქსელის არარსებობა.

სოციალური სერვისების სიმცირე ართულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების დროულ იდენტიფიცირებას და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას; ხელს უშლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევის გამოვლენას და აღნიშნულ პირთა შესაბამის სერვისებში ჩართვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გაძლიერდეს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით.

მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან, მოუწოდებს ყველას საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება”, – აცხადებს ნინო ლომჯარია და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის საქმეს მანდატის ფარგლებში შეისწავლის.


თეგები :