• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

დიდი პრივატიზაცია: მინისტრი თურნავა, აბასთუმანში მდებარე ხალხის ქონებას ივანიშვილისთვის გადასაცემად ამზადებს

დიდი პრივატიზაცია იწყება. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის კადრად ითვლება მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონების გასხვისებას გეგმავს. 

მათ შორის იგეგმება სახელმწიფოს კუთვნილი რეგისტრირებული და არაგერისტრირებული მიწების პრივატიზება აბასთუმანში, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილის ახალი გატაცებაა. 

ეკონომიკის სამინისტროში მზადდება პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა გასხვისდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თავისი შენობა-ნაგებობებით, საწარმოებითა და წიაღისეულით. 

"წინასწარი შეფასებით, 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს; 

მეორე მხრივ, არის ძალიან მაღალი ინტერესი ინვესტორთა მხრიდან. მათ უნდათ, რომ სხვადასხვა აქტივი შეიძინონ, ჩადონ ფული, შექმნან სამუშაო ადგილები და აწარმოონ ბიზნესი. 

დაახლოებით, მარტო მლნ ჰა, სასოფლო-სამეურნეო მიწაა - აქედან 300,000 ჰა რეგისტრირებული, 550,000 ჰა მომზადებულია სარეგისტრაციოდ“, - განაცხადა ახლადდანიშნულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

დღეს, უკვე აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების დიდი პრივატიზებისთვის მომზადების პროცესი, სადაც აბასთუმნის ტერიტორიის ის ნაწილიც შედის, რომლითაც სავარაუდოდ, ივანიშვილია დაინტერესებული. 

როგორც ჩანს, რუსული, მაფიოზური და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ოლიგარქი, რომელმაც 2012 წლის შემდეგ რამდენიმე მილიარდის ღირებულების სახელმწიფო აქტივები უკვე ჩაიგდო ხელში, ქონების მითვისების მორიგ ტალღას იწყებს იქ, სადაც 400 ათასი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ დროისათვის უკვე ფლობს 40 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს საქართველოში.

თუმცა, ივანიშვილის კლანი დაინტერესებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასარგებლო წიაღისეულითაც. ამჯამად, სამინისტროში, წიაღისეულის მაგარების გადარჩევა მიმდინარეობს, რათა ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, თურნავამ მამაცაშვილ-ჩხარტიშვილის კლანს საუკეთესო პაკეტი შესთავაზოს.