• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

ვინ არის 27 წლის ქართველი ქალი, ვინც აშშ-ის ჯარში მსახურობს

27 წლის ქეთა ოთარაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ახალწვეულია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ქეთას კარანტინში გამგზავრების წინ ვესაუბრეთ. სამშაბათიდან მას სავალდებულო იზოლაციის პუნქტში, ორ თვეზე მეტი ხნის მანძილზე, თან არც ტელეფონი და არც სხვა რაიმე საკომუნიკაციო საშუალება ექნება, არაფერი - ტანზე რაც აცვია იმ ტანსაცმლის გარდა.

ის 27 წლისაა და ამერიკაში საცხოვრებლად ზუსტად 2 წლის წინ ჩამოვიდა. თავიდან აქ დამკვიდრებას არც ფიქრობდა. „უბრალოდ გადავწყვიტე ერთ დღეს, რომ წამოვსულიყავი. მარტო ჩამოვედი, ოჯახის, მეგობრების და ახლობლების გარეშე, არავინ არ მყავდა ამერიკაში“ - ამბობს ქეთა. თუმცა, მალე მიხვდა, რომ ეს დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, დარჩენა და ამ შანსის გამოყენება გადაწყვიტა.

დამოუკიდებლად მიიღო ამერიკის არმიაში სამსახურის გადაწყვეტილებაც. ეს იდეა ადრე მოუვიდა, მაგრამ არავისთვის არ გაუმხელია და თავიდან ვერც რისკავდა. ჯარში ყოფნა სულ სამნახევარი წელი გიწევს, მაგრამ ეს შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს, ბევრ გზას გიხსნის, სწავლა და პროფესიული ზრდა უფასოა, კარიერაშიც ძალიან გეწყობა ხელი, ამიტომაც ბევრი აღარ მიფიქრიაო.

მშობლებს ჯერ არაფერი უთხრა, ვიდრე მოსამზადებელ ეტაპებს არ გაივლიდა და ზუსტად არ ეცოდინებოდა, რომ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ. ამბობს, რომ როცა სახლში დარეკა და ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა, თავიდან ვერ მიხვდნენ, შემდეგ აღელდნენ, განსაკუთრებით მამას უნერვიულია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შეეგუენ.

არმიაში სამსახურისთვის ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარება მოუწია. ენა კარგად არ იცოდა და ჯერ ინგლისურში მეცადინეობით დაიწყო. გამოცდა არც ისე ადვილი ჩასაბარებელი გამოდგა, ინტენსიური მომზადება სხვა საგნებშიც მოუწია.

ქეთას თქმით, „10 სხვადასხვა საგანი ბარდება, მაგრამ ერთიანი ტესტია. აქ შედის მექანიკა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ასე შემდეგ. გამსვლელია 31 ქულა, მაგრამ შენს ინტერესშია, რომ მაღალი ქულა მიიღო, რადგან ამაზეა შემდეგ დამოკიდებული, თუ რა სამსახურში მოხვდები შემდეგი 3 წლის მანძილზე“.

მოუწია სამედიცინო შემოწმების გავლა და ბოლოს - ფიზიკური მომზადების ჩაბარებაც, სადაც მოწმდება ფიზიკური ძალა, შესაძლებლობები, გამძლეობა და კარდიო-რესპირატორული სისტემის ფუნქციონირება. ქეთა ყვება, რომ ფიზიკურად ყოველთვის კარგ ფორმაში იყო, სპორტს ბავშვობიდან მისდევდა. თუმცა, ქალისთვის შედარებით არატრადიციული სახეობებით იყო დაკავებული - კარატე და კრივი მოსწონდა.

მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ქეთას მისცეს სპეციალისტის რანგი E-4 (სულ 9 რანგია). ამაში საქართველოდან ჩამოტანილი დიპლომიც დაეხმარა, მაგისტრის ხარისხი აქვს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით.

სამუშაო ხელშეკრულება ივნისში დადო, მაგრამ კარანტინში განაწილებას შემდეგ რამდენიმე თვე ელოდა. სამხედრო ბაზაზე კარანტინს გადის აბსოლუტურად ყველა ჯარისკაცი, რანგის და პოზიციის მიუხედავად. პირველი 9 კვირა თითოეული მათგანი ზუსტად ერთნაირ წვრთნას გაივლის. როგორც ქეთა ამბობს, „ეს ურთულესი პერიოდია, ფიზიკურადაც და განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად მოითხოვს უდიდეს გამძლეობას“.

- კონტრაქტის გაწყვეტის შანსი გექნება, თუ შემთხვევით გადაიფიქრე?

- „დიახ, კარანტინის პერიოდში, თუ ფსიქოლოგიურად ვერ გავუძელი, ეს დაშვებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მე ეს პრობლემა არ მექნება“ - ამბობს ქეთა.

კარანტინის შემდეგ, განაწილებით უნდა გადავიდეს ახალ სამსახურში. იქ 10 კვირის შემდეგ მოხდება ფიცის საზეიმოდ დადება და ამის შემდეგ გადავა კიდევ ახალ ლოკაციაზე, სადაც შემდეგი 3 წელი იმსახურებს. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხვდეს, ცხელი წერტილების ჩათვლით. „ამისთვის მზად ვარ, რადგან ამასობაში ამერიკა უკვე ჩემი მეორე სამშობლო გახდა“- ამბობს ქეთა.

სულ არმიაში სამსახური 3 წელს და 20 კვირას მოიცავს. ქეთა ამ პერიოდში სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს, ჯერჯერობით ფსიქოლოგია აინტერესებს. „ამის შემდეგ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, ვიპოვი თუ არა ჩემს თავს, შეიძლება კიდევ გავაგრძელო კონტრაქტი, არ ვიცი ჯერ," - უთხრა "ამერიკის ხმას" ქეთამ.


თეგები :