• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

ივანე მაჭავარიანი: აუცილებელია, დაიბეგროს ასაწონი თამბაქოც

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა მთავრობის გეგმაზე, შემოიღოს აქციზური გადასახადი ასაწონ თამბაქოზე.

მაჭავარიანის თქმით, აუცილებელია დაიბეგროს საქონელი, რომელზე მოთხოვნაც მომატებულია ფილტრიან, იმპორტირებულ და ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე გაზრდილი აქციზის გადასახადის გამო.

„თქვენ იცით, რომ შარშან გვქონდა თამბაქოს აქციზის ზრდა ფილტრიანზე, იმპორტირებულზე და ე.წ ადგილობრივ უფლიტროზე. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობა მომხმარებლის გადავიდა ასაწონ თამბაქოზე, რომელიც არ იბეგრებოდა პრაქტიკულად. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ელასტიურობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა,“ - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მისი განცხადებით, ამ ცვლილებით კომპენსირებული იქნება დანაკარგი, რომელიც ბიუჯეტმა მიიღო ასაწონ თამბაქოზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.

„დაბეგვრა მანდაც იქნება ნორმალური, გონიერი, ისე, რომ ხელმისაწვდომი მაინც იყოს მწეველისთვის. კარგი ტენდენცია ისაა, რომ მწეველების რაოდენობის შემცირება დასტურდება“ - თქვა ივანე მაჭავარიანმა.

აქციზი თამბაქოზე 2019 წლის 1 იანვარს გაიზარდა. უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) კი - 10%-დან 30%-მდე, რამაც სიგარეტის 1 კოლოფზე ფასი 1 ლარით გაზარდა. 


თეგები :