• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ხაზარაძის შეცდომები და "იხვები", რომლებსაც ფრთები არ აქვთ - გააკეთებს თუ არა, "ანაკონდა" მისგან პაატა ბურჭულაძეს?

მიუხედავად იმისა რომ ჯერ სულ რანდენიმე კვირაა პოლიტიკაშია, უკვე მოასწრო შეცდომების დაშვება. 

ამ შეცდომებიდან, მის მიერ "ხაჭაპურის გამოცხობაზე" აქცენტის გაკეთება ყველაზე გამოსწორებადი და მსუბუქი ლაფსუსია, რომელიც ქართულმა ოცნებამ უბრალოდ, მისივე წინააღმდეგ გამოიყენა. 

ვინ არის მამუკა ხაზარაძე? 

ხაზარაძის ყველაზე ძლიერი მხარე ისაა რომ მან თავისი ბიზნესი თავადვე შექმნა - სრულიად გამჭვირვალედ და წარმატებით. 

ხაზარაძის ყველაზე სუსტი მხარე კი მისივე კომფორმიზმი, ყველა ხელისუფლებისადმი შემგუებლობა და განსაკუთრებული ლოიალობა იყო იქამდე, ვიდრე აქლემმა მის კართანაც არ დაიჩოქა. 

ის ეგუებოდა შევარდნაძეს, ის აღფრთოვანებულო იყო სააკაშვილით (განსაკუთრებით პირველ წლებში), ის ტაშს უკრავდა ივანიშვილს... 

სამივე ხელისუფლებასთან ხაზარაძეს კარგი და მომგებიანი ურთიერთობა ჰქონდა. 

განსაკუთრებით კი ივანიშვილთან ცდილობდა მეგობრობას, რომელიც საბოლოოდ, მტრობასა და სრულ რეპუტაციულ ომში გადაიზარდა. 

როდესაც ჩვენ პირველებმა გავახმოვანეთ რომ ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ისიც, თიბისიც და პროკურატურაც ფაქტს უარყოფდა. 

თუმცა, ერთი წლის შემდეგ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ფულის გათეთრების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ადასტურებდა. 

სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თარიღად კი სწორედ ის პერიოდი იყო მითითებული, როდესაც ჩვენ ამ ფაქტის შესახებ ინტერნეტ მედიისა თუ სატელევიზიო ეთერებში ვსაუბრობდით, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების კუთხით. 

ვისი დახმარებით აპირებს ხაზარაძე ლელოს დადებას? 

მისი მთავარი ტვირთი  შესაძლოა მისივე გუნდი გახდეს. ხაზარაძე გვეუბნება რომ მალე ჩრდილოვან კაბინეტს შექმნის და პარლამენტშიც უმრავლესობით მოვა.

კითხვა პირველი: ვინ უნდა შევიდეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ჩრდილოვან კაბინეტში - შევარდნაძის კორუმპირებული და ნარკომანი სახელმწიფო მინისტრების ნათესავები თუ ივანიშვილის ხათრით არჩეული მარგველაშვილის (ცარიელი ფურცელი საქართველოს ისტორიაში) ანასხლეტები? 

საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის დასაკომპლექტებლად 76 ხმა არის საჭირო. 

76 ხმა რომ შეაგროვოს ამისათვის ან 50 პროცენტზე მეტი უნდა აიღოს პარლამენტში ან რომელიმე მსხვილ პოლიტიკურ პარტიასთან შექმნას ალიანსი. 

ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ხაზარაძის 50 პროცენტი "იდეის აუცილებელ მარცხს" ჰგავს, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოიწვევს შოკს...

ამავე დროს, ხაზარაძე ამბობს რომ არც გაერთიანებულ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს და არც ქართულ ოცნებასთან. 

შესაბამისად, ჩნდება კითხვა მეორე: ვის დაეყრდნობა ხაზარაძე - ევროპულ საქართველოს, რომლის ნაწილი წინა ხელისუფლების ყველაზე აგრესიული ფრთის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული თუ ეკა ბესელიას (თუ როგორმე პარლამენტში შეაღწევს), რომელიც პირადად და პერსონალურად ასოცირდება რუსი ჯაშუშებისა და საქართველოს მტრების ციხიდან გაშვებასთან? 

ბესელია ახლა ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად ცდილობს პოლიტიკურ აქტივობას. 

კვირიკაშვილი ქართული ოცნების სხვა პრემიერებთან შედარებით ნამდვილად ყველაზე პროდასავლური იყო, თუმცა, ის ამავე დროს, კორუფციული ფაქტებით ჰყავს რეჟიმს "ყურებით დაჭერილი", რის გამოც ჯერჯერობით, "პოლიტიკის გაგონება არ უნდა".

ხოლო თუ კვირიკაშვილი "მკვდრეთით აღდგება", მისგან ნამდვილად არ გამოვა უინსტონ ჩერჩილი, რომელსაც მდინარეში მეორედ შესვლა წარმატებით გამოუვიდა.

ასე რომ, ამ მხრივ ხაზარაძე ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია, თუ რა თქმა უნდა, მანამდე, ივანიშვილი მისგან ახალ პაატა ბურჭულაძეს არ გააკეთებს, რომელმაც პოლიტიკური საქმიანობა კარგად დაიწყო, შეცდომებით გააგრძელა და ცუდად დაასრულა. 

ბატონი პაატა მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, მისმა პოლიტიკურმა გამოუცდელობამ და დაშვებულმა შეცდომებმა, რომელიც სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმისგან იყო ორგანიზებული, მისი რეიტინგი რამდენიმე პროცენტამდე ჩამოიყვანა. 

მეტიც, რეჟიმი არც წითელი ხაზების გადაკვეთას ერიდება და პაატა ბურჭულაძის რეპუტაციის ფეხ-ქვეშ გათელვას დღემდე ცდილობს - ლა სკალადან დაწყებული და კარნეგი ჰოლით დასრულებული, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მომღერალს, რომლის განსაკუთრებული ხმა, წლებია უკვე კონტინენტებს კვეთს. 

და ვინ იქნება ივანიშვილის ბოროტი რეჟიმისგან გვიან, მაგრამ მაინც შეწუხებილი მამუკა ხაზარაძე 2020-ში, რომელიც აქედანვე ვერ ხედავს პრიორიტეტებსა და მოკავშირეებს მაშინ, როდესაც "ანაკონდას" მისი მონელება აქვს გადაწყვეტილი? 

დარწმუნებულია მამუკა ხაზარაძე რომ იმ ოდნავ კომიკურ "ათორმეტებსა" თუ "ჭკუის კოლოფებს" შორის ისეთები არ არიან, რომლებიც პაატა ბურჭულაძეს ემიჯნებოდნენ, ლანძღავდნენ და პროტესტის ნიშნად მის პარტიას ტოვებდნენ? 

თუ ასეა, მან ის მაინც უნდა გაიხსენოს, საიდან და როგორ აღმოჩნდა კონფიდენციალური სია რეჟიმის მიერ კონტროლირებადი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე. 

"იხვები" ფრთების გარეშე... 

თვეების წინ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა იხვების გუნდის ფრენის სტრუქტურაზე. 

ის, თუ როგორ დაფრინავენ იხვები, ბევრისთვის ცნობილია და მართლაც საინტერესოა. 

იხვები მიფრინავენ გუნდურად და სამკუთხა ფორმით, სადაც გუნდის ყველა წევრი ლიდერია.

ხოლო ის იხვი, რომელიც ქარს პირველი ჭრის და ამით პირველ დარტყმას იღებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ გადადის უკან და ადგილს უთმობს სხვას...

დღეს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური შეცდომების კვალდაკვალ ცდილობს გაჭრას წინაღობა (ვიცით რომ მას გვერდით უდგას ბადრი ჯაფარიძე), მაგრამ, ვინ არიან ის დანარჩენი "იხვები", რომლებიც მასთან ერთად მიფრინავენ და რომლებმაც ივანიშვილის მიერ ოკუპირებული პოლიტიკური სივრცე უნდა გადასერონ? 

ან რა გარანტია აქვს ხაზარაძეს რომ იმ "იხვებს", რომელთან ერთადაც აპირებს "ფრენას", რეჟიმის ჟანდარმები არ ჩამოყრიან მაშინ, როდესაც მათ არც ფრთები აქვთ და არც ანგელოზები არიან - არჩევნებამდე მაინც რომ ამოუვიდეთ? 

მითუმეტეს მაშინ, როდესაც იხვსა და სხვა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად არის გახსნილი...