• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო,  ვიდრე აქციის მონაწილე - ამის შესახებ ინფორმაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მთავარ საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

საია-ს ცნობით, პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა მაკო გომურს, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს გავითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა.

„20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის დაზუსტებით მიზნით საიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.

მიღებული ინფორმაციის თანახმად:

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი;

საქართველოს გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

საია აგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს საზოგადოებას“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.