• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

ილია ჯიშკარიანი: მე ჩოხა მცმია და მიგალობია... მირჩევნია მერქვას მკვლელი, ვიდრე ეჭვმიტანილი ვიყო ქალთან ძალადობაში

ოჯახის წევრების მიერ საავადმყოფოს პალატაში გადაღებულ 22-წამიან ვიდეოში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი დანაშაულს უარყოფს და ამბობს:

„მე მიგალობია… ჩოხა მცმია და მიგალობია… მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა… მე მირჩევნია მერქვას მკვლელი… მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში“.

თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებს. პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული. ჯიშკარიანს ბრალი ედება თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.

ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე პროკურატურამ სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას/გირაოს შეფარდებას მოითხოვს თუ არა პროკურატურა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

როგორ თამთა თოდაძე ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.


თეგები :